* * *

დაჯერებული ნაბიჯით მიდის

დასავლეთისკენ

ღრუბელი ერთი,

როგორც უმზეო დღეების მინდი,

დამსგავსებული

ქათქათა წერტილს.

დასავლეთისკენ მიდის ღრუბელი

და თვალი უცხო სივრცეებს ეძებს,

ჩემი

ერთგული

ჭირისუფალი

ძალიან ხშირად ყოფილა ზეცა.

და თუ დამტოვებს დავა და დავი

უამხანაგოდ,

ანდა – უფულოდ,

მე შემიძლია

ავწიო თავი

და დამშვიდებულ ზეცას ვუყურო.

დამიბრუნდება

ოცნება ბავშვის,

გამინელდება

ეჭვი მტარვალი…

ჰექტარი ზეცა ეტევა თვალში,

სარკმელში –

მხოლოდ ერთი მტკაველი.

და მე,

როგორც კი მიზეზს მოვძებნი,

გარეუბნებში მივდივარ სტუმრად,

სადაც მაღალი ძაბვის ბოძები

დგანან და მეტად საეჭვოდ სდუმან.

1960

1 2 3 4 5 6 7 8 9