უ-ტოპოსის ბინადარი

„Мне кажетья, я мог вылепить статую покойного императора, закрыв глаза, – до такой степени жив в памяти его образ“ – ამას ოპეკუშინი ამბობდა, ის ოპეკუშინი, ალექსანდრე II-ს ძეგლები რომ დაუდგა მოსკოვში, ფსკოვში, კიშინიოვში, ასტრახანში, ჩენსტოხოვში, ვლადიმირში, ბუტურლინოვკაში, რიბინსკში… და ეს მგზნებარე აკადემიკოს-მონარქისტი, რომელსაც ოფიციალურ საბჭოურ ბიოგრაფიებში რევოლუციურ იდეებსაც კი მიაწერდნენ, სრულიად უსასოო და მისავათებული აღესრულა. 1923 წლის 8 მარტის „Крестьянин-кооператор“ -ს თუ დავუჯერებთ (ანკი, რატომ არ უნდა დავუჯეროთ?!), ოპეკუშინი – სურიკოვისეული მენშიკოვი რომ ზის ბერეზოვოში, ქალიშვილებით გარემოცული, – ისე იჯდა გათოშილი იაროსლავში და მშიერ-მწყურვალი ელოდებოდა სიკვდილს, ისევ გულკეთილმა გორკიმ გადაარჩინა, ნარკომპროსის ერთ მაღალ ჩინოსანს, გვარად გრინბერგი უნდა ყოფილიყო, მგონი, გაუგზავნა ბარათი და… თუმცა, რად გინდა?! ლენინური დეკრეტის თანახმად, რუს მეფეთა, სახელმწიფო მოღვაწეთა თუ მრეწველთა ოპეკუშინისეული ძეგლებიც უმოწყალოდ დაამხეს; ერთადერთი – ეკატერინე II-ს ძეგლი გადაარჩინეს. 1896 წლის ნოემბერში მოსკოვის საქალაქო დუმაში დადგმული ქანდაკება ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის საცავებში მიჩურთეს, სტალინის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე კი ჩუმად გადააგზავნეს ერევანში. სამაგიეროდ, უიმედოდ დაიკარგა ალექსანდრე III-ს ძეგლი.          

ოპეკუშინს არაერთხელ ჰყავდა ნანახი იმპერატორი. აი, თოფურიძეს კი?! თუმცა, არა, მასაც ჰყავდა ნანახი „ცოცხალი ლენინი“ და საერთოდ, ლენინი მისთვისაც მარად ცოცხალი მკვდარი იყო. „Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить“! – აი, პაროლი, რომლის ვალენტობითაც ვალენტინ თოფურიძის გულშიც ვერ მოკვდებოდა ბელადი, ვერა!     

დიახაც, ლენინი არასოდეს ამოწერილა ცოცხალთა ტოპოსიდან. უფრო სწორად, ნამდვილი სიცოცხლე ბელადმა მას შემდეგ დაიწყო, რაც უტოპიური ანტერპრიზის აგენტად იქცა. სახელდობრ: 1924 წლიდან მის უკვდავ ხატებას „ჩაწერა“ გაუკეთეს უ-ტოპოსში. ლენინის მუმიის დაუსწრებელმა დასწრებამ, მისთვის სპეციალურად აშენებულ პირამიდაში კეთილმოწყობამ, და საერთოდ, ლენინისადმი, როგორც ცოცხალი ადამიანისადმი საყოველთაო რელაციებმა გადაატანინეს მასებს მისი სიკვდილით მოგვრილი გაუსაძლისი გულისტკივილი. „სოვოკთა“ ცნობიერების დეექსტალოგიზების პაროლი სწორედაც ის გენიალურად მოფიქრებული ლოზუნგი იყო… ერთხელაც გავიმეოროთ, არა, კი არ გავიმეოროთ, შევფიცოთ – „Ленин жил, Ленин жив, Ленин будет жить!“ აი, დავწერე ეს სიტყვები, დავხედე ნაწერს და… გავვოცდი, ახლა შევნიშნე, თუ როგორ ჰგავს ჩემი ხელწერა ლენინისას! უკვდავი ხელნაწერია – ნაწერი ფიცი! ესეც ლენინის უკვდავების გარანტია. ლენინის სიცოცხლის ჩემ გულწრფელ განცდას თეოდორ ადორნოც ადასტურებს, უ-ტოპოსში, უსაზღვრო პრეზუმფციის გარეშე, პრეზუმფციისა, სიცოცხლეს სიკვდილისაგან რომ ათავისუფლებს, უტოპიის იდეა არ მოიაზრებაო, გვეუბნება სახელოვანი „ფრანკფურტელი“. ასეა, ამხანაგებო! სწორედ საბჭოურმა სოციუმმა შეძლო, შეექმნა უტოპიური კონსტრუქტის ახალი პოსტავანგარდისტული ვერსიის ბაზისი. თანაც როგორ?! ლენინის, როგორც უტოპიური იკონოსტასის ცენტრალური ფიგურის, სიკვდილისაგან გათავისუფლების მეშვეობით. არ დაანება სოვოკმა სიკვდილს, ჩახუტებოდა საყვარელ ბელადს; ლექსივით არ აეწყო?! ვერც მე დავანებებ! მოკლედ, ლენინის უკვდავებაც დერიდასეული „დასწრების მეტაფიზიკის“ ინვარიანტია, რაც საბჭოთა უ-ტოპოსში მთელი რიგი აბსტრაქტული ცნებების ლამის ტაქტილური შეხებითა და ტანისეული განცდით იყო რეალიზებული.      

„დიადო ლენინ, გზას გვინათებს შენი პარტია, შენს უკვდავ სახელს აგვირგვინებს ბრძენი ჭაღარა“. თუმცა, მგონი, ამერია მონასტერი, ეს „ლექსი“ ლენინს კი არა, სტალინს ეძღვნებოდა, თორემ ბრძენი ჭაღარა სად ერია თავმოტვლეპილ ლენინს. ისე, სტალინსაც შეთხელებული ჰქონია თმა კეფაზე. მეც კაი გვარიანად შემითხელდა!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13