ჭიათურიდან მოსკოვამდე

დიდი სამამულო ომი რუსეთის სამამულო ომი იყო; და როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, დღევანდელი რუსეთი ამ ომსაც და მასში გამარჯვებასაც სათავისოდ იფერებს. ამ „გამარჯვების“ შემდეგ საქართველო ხელახლა ანექსირებული, ანუ ისევ გასათავისუფლებელი აღმოჩნდა. დრო დადგა და „გათავისუფლდა“ კიდეც; და ისევე, როგორც ომში „გამარჯვებული“ საბჭოეთის სხვა მოკავშირე რესპუბლიკები, ისიც ძალაუნებურად გაუცხოვდა ამ საზიარო საბრძოლო წარსულისაგან. ეგ კი არა, თვით რუსეთშიც კი, სადაც რეალურად მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, საგრძნობლად დაეცა „წმინდა ადგილების“ სემიოტიკური სტატუსი. სუპერჰეროიკულმა რუსულმა ქალაქებმა – ლენინგრადმა და სტალინგრადმაც კი გამოიცვალეს (თუ დაიბრუნეს) უწინდელი სახელწოდება. ამგვარ სიტუაციაში, ჭიაა თუ რაა – ვიღას დაჰკარგვია?! ჭიათურამ და მისმა თეატრალურმა მოედანმა კი არა, მოსკოვის „წითელმა მოედანმაც“ დაკარგა ძველი ქარიზმა. მის პლანეტისმაგვარ რელიეფს რა ხანია აღარ აუთოებს მძიმე ტექნიკა, მეტაფორულად რომ იპყრობდა დედამიწას…    

      

ეჰ, ახლა ვეღარც მოსკოვი მოსკოვობს ძველებურად და ვერც პეტროგრადი პეტროგრადობს; არადა, გაბრიაძე-თუმანიშვილისეული „ჩვენი პატარა ქალაქის“ ერთი „ბასიაკი“ პერსონაჟისა არ იყოს, „იყო დრო“… როდესაც ორივე ქალაქი დედაქალაქი იყო.

საბჭოთა, მანამდე კი რუსეთის მკაცრი უნიტარული (თანაც, არა კონსტიტუციურად, არამედ, ფაქტობრივად უნიტარული) სახელმწიფოდმოწყობის კონტექსტში ერთობ ეგზოტიკურად გამოიყურებოდა ორდედაქალაქიანობის ფენომენი. იმთავითვე რუსული ცხოვრების წესის ირაციონალიზმის გამოხატულება იყო იგი, კერძოდ, რუსული ეთოსის არასტრუქტურირებულობის გამოვლინება, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ალკოჰოლურად ორდება, მეტაფიზირებს, ბარბაცებს, ციმციმებს („ციმციმებს, ჰქრება, ციმციმებს“)… აქედან ხომ არ მომდინარეობს რუსეთში დედაქალაქის სტატუსის რწევა და ერთი ქალაქიდან მეორეში, ერთი აკვნიდან მეორე აკვანში ნანაობა… სახელისუფლებო ფუნქციების პერმანენტული არასრულფასოვნებაც ამ „ნანაობის“ სიმპტომი ხომ არაა?!

„ძოწით მოსილი ქვრივიც“ და „პეტრეს ქმნილებაც“, ფორმალური პირველობის დაკარგვის მიუხედავად, მაინც ინარჩუნებენ ქვეყნის მთავარი ქალაქის ატრიბუტიკის ნაწილს. ასე დარჩა მოსკოვი – გაცვალა რა გვირგვინი ძოწეულზე – მართლმადიდებელ ალმა-მატერად, პიტერმა კი მოსკოვს დაუბრუნა გვირგვინი და ასე შეინარჩუნა ყველაზე ლამაზი და კულტურული ქალაქის სტატუსი. სიდიადის პარიტეტი ორივე შემთხვევაში დაცულია! მოსკოვის, როგორც საბჭოთა სამშობლოს „მღელვარე გულის“ დედაქალაქური მნიშვნელობა რევოლუციის აკვნის პეტროგრადული და დიდი სამამულო ომის ყველაზე გმირული ქალაქის ლენინგრადული სტატუსებით ბალანსირდებოდა. თუმცა, სადღეისოდ, კრეისერი „ავრორაც“ და „ზამთრის სასახლეც“ ვეღარ აღიქმებიან წმინდა ადგილებად. „აკვნურობაც“ უარყოფითი ნიშნით გაიხმეს მოუსავლეთში. ომის ხსოვნას რაც შეეხება, მოსკოვმა აქაც არც თუ წარუმატებლად ჩამოართვა პიტერს პირველობის პალმის რტო და ახლა ერთპიროვნულად აღმართავს გრანდიოზულ მონუმენტებს, იუბილეებსაც თავად მასპინძლობს… ხო, მართლა, პეტრე დიდის წერეთლისეული კოლოსი დამავიწყდა – ეს გულივერი, თავისი კოლოსალური მასშტაბით რომ მოუჯოკრა ფალკონისეულ ქანდაკებას. ისე, ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, პეტრე პირველი ქართველი იყო და მისი ძეგლიც, ადრე თუ გვიან, ქართველს უნდა დაედგა რუსეთში. დადგა კიდეც!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13