ახლა ასეთი სურათი წარმოვიდგინოთ: მოქანდაკე მამა სამარიდან უთვლის შვილს, ანდა, სულაც, სიზმარში გამოეცხადება და, შენ მაგივრად მრცხვენიაო – ეუბნება! რატომ, რა დააშავა? რა დააშავა და საყვარელი მამის უახლოესი პარტნიორის მიერ გამოჩორკნილ ბიუსტს შეუჩნდა, იმდენი ქნა, ააღებინა და თავისი ნამუშევრისთვის გამოათავისუფლებინა ალაგი. მე რა შუაში ვარ, ახლა ძველი კერპების მსხვრევის დროაო – დაიჩივლებს, ალბათ, „ბიჭუნა“… რა გაეწყობა, ეგრე იყოს. ფაქტი კი ჯიუტია: თოფურიძის კიდევ ერთი სოცრეალისტური ოპუსი დააქციეს – ლადო კეცხოველის ძეგლი მოაშორეს ყოფილ კომუნარების ბაღს და მის ნაცვლად ჯერ ქვა დადეს წარწერით: „აქ აღიმართება ლადო გუდიაშვილის ძეგლი“. მერე კი, 20-იანი წლების პარიზულ მოდაზე გამოწყობილი ბრინჯაოს მანეკენიც დადგეს. ერთი ლადოს ძეგლი მეორე ლადოს ძეგლით შეიცვალა! ქართული მხატვრობის „არაკონვერტირებული კლასიკოსის“ უკვდავყოფის საწინააღმდეგო რა უნდა მქონდეს, მაგრამ სოცრეალისტური ქანდაკების ადგილზე რა პრინციპით უნდა ვუდგამდეთ ძეგლს „ანტისოცრეალისტს“?! არადა, ესეც სიმპტომატურია: ადგილი, სადაც თავის დროზე დაიდგა კეცხოველის ძეგლი, თავისთავად უკვე ნიშნური სტატუსის მქონეა. ამ ძეგლის მოხსნაც, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნიშნურ სიტუაციას, ანუ მემორიალურ სემიოზისს კი არ ხსნის, პირიქით, დამატებით აღნიშნავს ამ ადგილს, ხაზს უსვამს, რომ ლადო გუდიაშვილის ძეგლი იდგმება იმ ადგილას, სადაც იდგა ლადო კეცხოველის ძეგლი. ეს აქტი გამოთავისუფლებულ სამარეში ახალი გვამის დამარხვას მოასწავებს.    

 

მოკლედ, გუდიაშვილის ძეგლისთვის, მაინც და მაინც კეცხოველის მოხსნილი ძეგლის ადგილის შერჩევა თვით გუდიაშვილის ხსოვნის მიმართაც არც თუ კორექტული საქციელია. არ გეგონოთ კეცხოველს მივტიროდე, ბოლოს და ბოლოს, ამ მგზნებარე რევოლუციონერის ხატიც ხომ სტალინისეული სიმულაკრი იყო, დიახ, ჯუღაშვილს დასჭირდა კეცხოველი, მან გამოიგონა, წულუკიძესთან ერთად „შეიამხანაგა“ და ჩვეულებრივი პოლიტიკური მაესტრიით გამოძერწა კეცხოველის „დასწრების სიმულაკრი“. სტალინი – აი, ვინ იყო სწორუპოვარი მოქანდაკე; მოქანდაკეცა და არქიტექტორიც. მე, როგორც ყველა „დამცირებულისა და შეურ აცხყოფილის“ ქომაგი, სწორედაც კეცხოველის ძეგლ-სიმულაკრს ვესარჩლები, თორემ თვითონ კეცხოველი, გენიალური შიზო-პოლიტიკოსისა არ იყოს, ჩემი „საქმისთვის“ მჭირდება.

ასეა თუ ისე, ნიშნურობის ზოგადი ფონის წაშლის, ყოველ შემთხვევაში, ტოტალური ნიშნურობის -დისკრედიტულით ჩანაცვლების სიტუაციაში ამგვარი მეტამორფოზები, შეიძლება მისაღები არა, მაგრამ გასაგები კი უთუოდ არის…

დღეს ყოფილი უნიტარული საბჭოეთის მასშტაბით იგრძნობა ნიშნურ ტოპოსთა კატასტროფული დელოკალიზაცია. ასე გადაგვარდა „ლენინის მოედანი“ არა უბრალოდ „თავისუფლების მოედნად“, არამედ „თავისუფალ მოედნადაც“ მოგვევლინა, „ცარიელ მოედნად“. რა ხანია უცდის ეს ნაომარი მოედანი შემცვლელ მონუმენტს – თუნდაც იმავე თოფურიძისას, სახელწოდებით „გამარჯვება“, ჭიათურის თეატრის ფრონტონს რომ აგვირგვინებს. დღეს კიდევ უფრო გაუგებარია, რომელ „გამარჯვებას“ აღნიშნავს ეს ძეგლი. თუმცა, მისი ცხონებული ავტორის სოცრეალისტური რეზუს-ფაქტორის მიხედვით, დედა-რუსეთის გამარჯვება მისი შვილობილის გამარჯვებაც იყო.

სხვათა შორის, ამ ქანდაკების ყოფილ „ლენინის მოედანზე“ გადმოტანის იდეა პირველად ელგუჯა ბერძენიშვილმა შემოგვთავაზა, მაგრამ რატომღაც წაუყრუეს… არადა, „თავისუფლების მოედანი“ კარგა ხანს თავისუფალი იყო და ახალ მონუმენტურ-რიტორიკულ ფიგურას ელოდა. ვთქვათ, ჭიათურელ „ნიკეს“, რომლის ადგილიც პროვინციული თეატრის ფრონტონზე არც თავის დროზე იყო. და ეს ფიგურაც გამოჩნდა – ზურაბ წერეთლისეული ბაჯაღლო – წმინდა გიორგი ქართული მონუმენტური ბიჟუტერიის შედევრი…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13