გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში

დღეს უკვე აშკარაა სოცრეალისტური მონუმენტური ნარატივის ერთ-ერთი ძირეული იმპლიკაცია: ლენინისა და სტალინის ძეგლები, როგორც კერპები, ადრე თუ გვიან, უნდა დამხობილიყვნენ. და არა მხოლოდ ლენინ-სტალინის ძეგლები; მონუმენტური ქანდაკება რუსეთში მუდამ პრობლემა იყო და წარმოადგენდა არა იმდენად მეფის, მხედართმთავრისა თუ სახალხო გმირის სახებას, რამდენადაც, ბრინჯაოში ჩამოსხმულსა თუ ქვაში გამოკვეთილ სკანდალს. მოკლედ, იმის მაგიერ, რომ აღენიშნა მარადისობა, მონუმენტი აღნიშნავდა „დროებითს“, „წარმავალს“… რაც უფრო კოლოსალური იყო იგი, მით უფრო შიშველი იყო მისთვის გამოყოფილი სივრცე და პრობლემატური – დრო; დრო, რომლის ექსპონირებასაც ძეგლი ახდენდა.    

აი, ამ კონტექსტში განიხილება საბჭოთა მონუმენტალისტიკის ბედისწერა. ესაა ტრადიცია (თუ კულტურა?), რომელიც დღესაც გრძელდება პოსტსაბჭოურ ოფიციოზურ მონუმენტალისტიკაში, თუმცა სხვაგვარი მონუმენტალისტიკა წარმოუდგენელიცაა!

ხსენებული სკანდალის, თითქოსდა, აწ უკვე მინავლული, უფრო ზუსტად, ჩამქრალი ვულკანივით მიძინებული ნიმუშია წერეთლისეული გულივერი.

ანატოლი ასმოლოვსკის აქცია მახსენდება – გულივერი ბრომდინგნეგების ქვეყანაში, 93-ის სექტემბერში რომ ჩატარდა. ამ პერფორმანსის დროს ოსმოლოვსკიმ და მისმა კოლეგებმა წერეთლისეული კოლოსის დეკონსტრუქცია მოახდინეს – ლუჟკოვის ფავორიტის პირმშოს წინაშე ჩაიმუხლეს და შეულოცეს. ესეც, სოკრატული ირონია – ძეგლის წინ მუხლმოყრის ჟესტი… ნეტავ, ჩვენშიც გამოჩენილიყო ვინმე „სტილიაგა“ აქციონერი, რომელიც ლენინის თოფურუძისეული ძეგლის დამხობის წინ მუხლს მოიყრიდა მის წინაშე და შეულოცავდა, არ დამხობილიყო?! მაინც  დაამხეს! ისე, როგორც მრისხანე 1917-ში დაამხეს ოპეკუშინისეული ალექსანდრე III. ეს აქცია არაჩვეულებრივად ეფექტური მონტაჟური „სინკოპებით“ ეიზენშტეინისეული „პოტიომკინის“ კადრებმა შემოგვინახა. თოფურიძისეული ლენინის დამხობაც შემოგვინახა კინოქრონიკამ. აი, ლენინის სხვა ძეგლები კი უხმაუროდ აიღეს; ლენინისაც და სტალინისაც! სტალინის ძეგლთაგან ყველაზე ცნობილი – სტალინირში დადგმული „მამა-მარჩენალი“ იყო, სტალინური პრემია რომ მიანიჭეს. ბათუმელი სტალინიც ყუმბარასავით იდგა… რატომღაც, ნახევრად მშობლიურ სარატოვში არ დაუდგას „გერმანიის აგენტისა“ და „მაოხრებელი გზირის“ ძეგლები.

„სტალინ, სტალინ, საყვარელო, შენ მოგძახის საუკუნე, დიდო სტალინ, იდღეგრძელეო“… ვერ იდღეგრძელა სტალინიანამ. აი, თავად სტალინი კი, ახლა იწყებს ახალ სიცოცხლეს. ფიზიკურად ვერც ლენინიანა გადარჩა. სად „გაუჩინარდა“ ნეტა, კალინინგრადში, რუსთავში, ტყიბულში გამრავლებული ბელადი, სად „წავიდა“ (პოლონეთში ხომ არა?!). მგონი, მოსკოვში, ვლადიმირ ილიჩის სახელობის ქარხნის სკვერში შემორჩა. ეს ყოფილი მიხელსონის ქარხანაა! უყვარდა ბელადს ამ „საწარმოში“ გამოსვლა. სწორედ აქ ჩაუსაფრდა კაპლანის წყეული ქალი და აქ მოუწყო „ტერაქტი“. რამხელა ადამიანური სითბო და გულისხმიერებაა ამ სახეში. პალტოს აწეული საყელოც რაოდენ ადამიანურს ხდის ბელადის ხატს; ხელებიც როგორ ბუნებრივად ულაგია ჯიბეებში?! რამხელა სიმსუბუქეა, პოზის როგორი ბუნებრიობა… სამაგიეროდ, რუსთაველ ლენინში მეტი დიდბუნებოვნება იყო აღბეჭდილი?! თბილისელი ლენინი მაინც სულ სხვა იყო. აქ უკვე ტრიბუნი და ორატორი გვევლინებოდა. მარცხენა ხელში – ქუდი, მარჯვენა – მიმწოდებელი (ასე ამყარებდა ხალხთან კავშირს!), ცალი ფეხი – წინ, ცალი – უკან (ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან), ასე ენიჭებოდა ქანდაკებას ფრთხილი დინამიკა. ბატონი ვალიკო თავადაც ფრთხილი კაცი იყო; თავში ნახსენები აფინოგენოვის ცნობილი პიესის სათაურისა (თუ ლაიტთემისა) არ იყოს, „შიშით ცხოვრობდა“, რეპრესირებული ბიძის – მენშევიკ დიომიდე თოფურიძის აჩრდილი დასდევდა…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13