მოხდა ისე, რომ არც ლენინი და არც სტალინი, როგორც „ქანდაკებები“ ჩვენს სამამულო არტდისკურსიულ პრაქტიკაში ვერ შეხვდნენ მოდერნისტულ ქანდაკებას ისე, როგორც ხვდებიან სოკოვის ოპუსებში: „შეხვედრა: სტალინი და მოდერნისტული ქანდაკება“ და „ლენინი და ჯაკომეტი“. სოკოვთანაც „დამრიგებელია“ ბელადი – მოდერნისტული ქანდაკებების იკონოსტასს ა-რიგებს.

სოცრეალისტური დისკურსის თანახმად, სტალინი ტავტოლოგიზირებულია. ალტერნატიული სკულპტურული ობიექტები კი, ფორმალური მრავალსახეობით, მეტ წონადობას ანიჭებენ მოდერნისტულ „მითს“ ორიგინალობის შესახებ. ახლა ლენინისა და ჯაკომეტის შეხვედრაც ნახეთ! ლენინი ხელს უწვის ჯაკომეტის. ქართულ ქანდაკებაში კი ჯერჯერობით ვერავინ გაუწოდა ხელი თოფურიძისეულ ლენინს. რა იყო, ქართველი ჯაკომეტი ვერ მოიძებნა, თუ?!     

სხვა გზა არაა, მე უნდა „შევახვედრო“ თოფურიძე და… თოფურია.

ექსკრემენტი – ჯილდო ქვემოდან    

რამდენიმე წლის წინ დიდი რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ დადგენილება მიიღო ძერჟინსკის ძეგლის აღდგენის შესახებ.    

თავის დროზე ლუბიანკა ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს „რკინის ფელიქსით“. გავიდა დრო და ლეგენდარული პუტჩის დროს, 91-ში, ამ საკრალურ ტოპოსს უნამუსოდ აართვეს ეს ძვირფასი „ჯილდო“.     

ახლა ის დროა, როცა ძველ ჯილდოებს კვლავ უბრუნებენ რუსულ ტოპოსებს. ჩვენ რაღას ვფიქრობთ, ჩვენშიც ხომ არ დადგა ანალოგიური აქციების ხანა?! მაგალითად, ჩვენც ხომ არ მოგვეძიებინა და ხელახლა დაგვედგა ორჯონიკიძის ძეგლი, თუმცა, ვინღა დაგვიბრუნებს. იმ დროს, საღებავებით მოთხვრილი რომ იდგა ძვირფასი სერგო და კატაბალახას ნაყენით გაპატიოსნებული იგერიებდა კატების შემოსევას. აი, ასეთი, სწორედ ასეთი უნდა შემოგვენახა მადლიერი შთამომავლობისათვის! ვიჩქარეთ, ლენინის ძეგლის დამხობაც ვიჩქარეთ, თუმცა ვალენტინ ბაგრატოვიჩის ქანდაკებისათვის ვალერიანი არავის შეუსხამს.     

მახლას, ტოპოსების საკულტო სემიოზით დაჯილდოების ეპოქამ ჩაილურის წყალი დალია. ცხადია, ეს აქციები ზემოდან იყო ინიცირებული. სამაგიეროდ, არც ხალხი რჩებოდა ვალში და მისთვის მისაწვდომი საშუალებებით (იაფად გამოდიოდა!) ხარისხის ნიშნებით ამკობდა ზემოდან, თაყვანისსაცემად შემოთავაზებულ ობიექტებს. ერთი ასეთი ნიშანი, ანუ ხალხის მიერ ქვემოდან მოძღვნილი ჯილდო იყო… ექსკრემენტები – ყავისფერი (ზოგჯერ ოქროსფერი) ფეკალიები. ესეც კონკრეტული მონუმენტური ობიექტისადმი საზოგადოებრივი მიმზიდველობის ბრუტალური დადასტურება, თვალნათელი დემონსტრაცია უბრალო ადამიანის სურვილისა, თავისი ყოფნა ამ მონუმენტურ-ოფიციოზურ კონტექსტში ეზეიმა. განწმენდის მეშვეობით ზიარებოდა წმინდა ადგილს. რა იყო ეს, კათარზისი?    

კათარზისი კი არა, მაიმუნობა იყო…

ისე, მეც კარგი მაიმუნი ვარ…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13