ლენინი და ბალერინა          

ჯერ ოქტომბრელიც არ ვიყავი, მოსკოვ-ქალაქში 67-ის 31 ოქტომბერს რომ გაიხსნა იაკუბონისისეული ქანდაკი – ილიჩის კარიბჭის მოედანთან შეჩერდა… ხო, ხო, კი არ აღიმართა, შეყოვნდა, გაიხედ-გამოიხედა, კოპწია წელზე შემოიწყო პატარა ხელები… ო, როგორ უხდებოდა საწყალს ეს ჟესტი (ისევ, ადამიანური ჟესტი!).    

გინახავთ ეს ძეგლი? თუ არ გინახავთ, ბევრი დაგიკარგავთ. ანდა, „გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?“ აი, ამ ფერისა ჩამებეჭდა მეხსიერებაში ეს ძეგლი… იცით, როგორი პლასტიკურია ილიჩის ნატურა, როგორი მოქნილია ეს ჩია კაცი. პატარა ტანის პროპორციებიც რაოდენ სახასიათოდ აქვს დაჭერილი მოქანდაკეს – „კამერულად“ დაჭერილი… ახლა სილუეტი?! რარიგ მსუბუქად იკითხება, ისევე მსუბუქად, როგორც ილიჩის ტექსტები… და მაინც, როგორი ფარული ნება იკითხება ამ სახეში, თვითდარწმუნებულობაც (აბა, ეგ რომ არა, „სხვას“ როგორღა დაარწმუნებდა?!); ნება იკითხება-მეთქი; ნებაცა და ვნებაც; ტყუილად კი არ იყო პასიონარული პიროვნება! ეგეცა და სტალინიც… მაგრამ – ეს ოხერი – ძალაც რომ იგრძნობა… და ისევ და ისევ მოლოდინი, დაძაბული მოლოდინი… გაივლის სულ რაღაც სამი წელიწადი და აკადემიკოსი ანიკუშინი ლენინგრადში, „მოსკოვის მოედანზე“ დადგამს კიდევ უფრო ნოვატორულ ლენინს, რომანტიკოს ბელადს. ეს-ესაა, რაც გადასცდომია „ისკრის“ პერიოდს, იმ „ისკრის“ ასაკს, რომელშიც იაშა ნიკოლაძემ აღბეჭდა ულიანოვ-ლენინი, ცოტა არ იყოს, ხო ში მინსაც რომ გვაგონებს… ახალგაზრდობაში.    

ანიკუშინის ლენინი უკვე არც ორატორია, არც – ტრიბუნი… მოცეკვავეა თითქოს, ბალერონი! არადა, ერთი შეხედვით, ტრადიციული იკონოგრაფიული სქემაა – ქარისაგან აფრიალებული პალტო, მარჯვენა ხელის ფართო, უშურველი, რაც მთავარია, მომწოდებელი ჟესტი; ფიგურის სივრცული დიაპაზონიც ფართოა და მასალას შეესატყვისება, ლენინის გალაჯული ფეხები – მაღალი ლაჯი კი სწორედაც საბალეტო დისკურსია – მხოლოდ ბრინჯაოში ჩამოსხმისას არის შესაძლებელი. მოკლედ, მოქანდაკისა რა მოგახსენოთ და, მასალა არ ტყუის. თუ იაკუბონისისეულ ძეგლში ბრინჯაო ქვას თამაშობს, ანიკუშინთან თავად ლენინი თამაშობს… ცეკვავს, რევოლუციურ საბალეტო პარტიას ასრულებს. გავა კიდევ თორმეტი წელი და საშვიდნოემბროდ, რევოლუციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, ლენინი კრილოვ-აკაკისეული ბეკეკასავით ატროკდება, სოცარტისტული პერფორმანს-დისკურსით დაიწყებს როკვას ამერიკულ გალერეა „იტცეჰენში“, თანაც ნამდვილ ბალერინასთან ერთად… ეს პა-დე-დე იქნება რუსული სოცარტის მართლაც რევოლუციური ნომერი, რომელიც დაემატება დრიუჩინ-კოსოლაპოვ-ტუპიცინ-ურბანის მიერ ჩამოყალიბებული ჯგუფის – „Страсти по Казимиру“  – პირველ პერფორმანსს „Комунистичесский прогресс“, იმავე 82-ში რომ ჩატარდა ნიუიორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს – 1 მაისს მიეძღვნა. ესეც, დიალოგი პროლეტკულტის მძაფრ სტილსა და პოლიტბიუროს ბიუროკრატიულ მოსაწყენ სტილს შორის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13