პა-დე-დე

ისინი წლების მანძილზე ერთად გამოდიოდნენ ქართული სოცრეალისტური სკულპტურული ბალეტის სცენაზე. პა-დე-დეს ცეკვავდნენ. პირველად 38-ში გამოჩნდნენ წყვილად. დიდი სახელმწიფო ტერორის ქარბორბალა ჯერაც არ იყო გადაგდებული… რუსთაველზე ახალი კინოთეატრი შენდებოდა და შეკვეთაც ერთად მიიღეს. ოღონდ, თოფურიძემ თავიდანვე აჯობა – ოთხი ფიგურა ჩაამწკრივა: ფიზკულტურელი მდედრი, ფიზკულტურელი მამრი, მუშა და კოლმეურნე ქალი. ესეც თავისებური სოცრეალისტური იკონოსტასი იყო. მიქატაძის ალპინისტი კუთხეში იყო ჩასაფრებული. ხელოვნურ ქვაში გამოთლილი ეს ხელოვნური ფიგურები ხელოვნებათა საბჭოური სინთეზის მორიდებული ქართული ვარიანტი გახლდათ. საგანგებო ნიშებში, კონსოლებზე (თუ კრონშტეინებზე) ამძვრალი სტერილური, გამოფიტული ფიგურები, ცხადია, შორს იყო იმ პერიოდის ნაცისტური ქანდაკების „სრულყოფისაკენ“. თუმცა, პირველი ნაბიჯებისთვის მაინც არაუშავდა. სხვათა შორის (თუმცა, რაღა სხვათა შორის!), იმავე 38-ში თოფურიძემ მოსკოვში, вднх-ს ქართულ პავილიონში მარტომ აღმართა „კოლმეურნის ოჯახი“… რაც შეეხება კინოთეატრ „რუსთაველს“, რამდენჯერაც ჩავუვლი სევეროვის ამ ხუროთმოძღვრულ „შედევრს“, იმდენჯერ ავხედავ ხოლმე ამ ნაცრისფერ „აღალმებს“ და… განსაკუთრებით ალპინისტის შემხედვარეს მეკუმშება გული. თუმცა, რას ვერჩი, „ფორმები მტკიცეა, ძერწვა – მაგარი“. ქანდაკებაც მაგარია!

ცოტას გაივლი, ჭადრების ცალპირ მაყრიონს გასცდები, ქაშუეთთან ჰადესში ჩაძვრები, პირველ სკოლასთან ამოძვრები და ისევ… პა-დე-დე – ილია და აკაკი; აკაკი და ილია (გააჩნია, რომელი მხრიდან მოდიხარ)! ილია შოთასია, აკაკი – ვალიკოსი. ორი სხვადასხვა ხელი (მტერს მოხვდა!) ორი განსხვავებული „ინდივიდუალობა“. აი, მთავრობის სახლის წინ წამოჯგიმული ორი მონსტრუოზული კომპოზიციის გახსენებაზე კი თვალზე ცრემლი მადგება. არადა, 55-ში, კონკურსზე სულ სხვა პროექტს გაუმარჯვია, თურმე. ოღონდ, ეგაა, სტილიზაციის გამო დაუწუნიათ, იმ სტილიზაციისა, სამი წლის შემდეგ ქართული მონუმენტურ-პროპაგანდისტული პროგრამის ახალ რედაქციაში ოფიციალურად რომ იქნა ნებადართული. ეს იყო დიდი ვახტანგის ძეგლის ისტორიული კონკურსი. აი, საიდან დაიწყო მანერისტული მატრაკვეცობა. თუმცა, ამ „ღრმად პროვინციულ“ მოვლენას კულუარებშიც და „თეორიულ პლენერებზეც“, რომლებზეც „რეჩით“ რატომღაც ერთი და იგივე მოქანდაკე გამოდიოდა ხოლმე, მაინც კილავდნენ და პირდაპირ ოქმებში აფიქსირებდნენ, რომ მანერიზმი მავნებელია და მისგან თავის დაღწევა ჩვენი გაჯანსაღების პირობად უნდა მივიჩნიოთ.         

გაჯანსაღება! – „რა კარგი თქმაა, რა დიდებული“… ხელოვნება მართლაც ჯანსაღი უნდა იყოს, ფიზკულტურული… „შორს სიმახინჯე, გაუმარჯოს ჯანმრთელობას!“ აბა, როგორ, სიმახინჯის ოპოზიციონერი მშვენიერება კი არა, სიჯანსაღეა. „ქანდაკება ჯანმრთელობის სამსახურში!“ – ჩემი დევიზიც ესაა.

ერთხელ „შატალოდან“ მხატვართა კავშირის პლენუმზე მოვხვდი. ვიჯექი ჩემთვის უკანა რიგში და გაეროს დამკვირვებელივით ვადევნებდი თვალყურს მხატვრების უაზრო ყაყანს. ამ პლენუმზე ბატონი ვალიკოც გამოვიდა და იცით, რა ბრძანა? მახინჯი ადამიანის დაბადება არავის სურს, ხელოვნებაში კი ზოგიერთს უყვარს კიდეც სიმახინჯეო… ისიც მახსოვს, ერთმა მომოდერნისტო მოქანდაკემ, რომლის ხელშიც, რომ იტყვიან, დავფრთიანდი, ჩაისისინა: ფაშისტი! ტყუილი, არაფერი ფაშისტი არ ყოფილა თოფურიძე… წამოვიზარდე და მივხვდი, ფაშიზმი სულაც არ გამორიცხავს მოდერნიზმს. თუმცა, „ფუკოს ქანქარის“ ავტორიც კი ფაშიზმის ერთ-ერთ ნიშნად რატომღაც „მოდერნიზმის მიუღებლობას“ მიიჩნევს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13