მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენი ძვირფასი ტანდემის მიერ გამოძერწილი ლენინის ხატებს არასოდეს შერევიათ მანერისტული სისხლი. ტოპოლოგიური უსაფრთხოების ტექნიკაც დაცული ჰქონდათ მუდამ, თუმცა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთხელ „სტალინურმა“ ქართლის დედამ თავის ფალოს-მახვილით რომელიღაც წერტილში კინაღამ თავი წააჭრა თოფურიძისეულ ლენინს. დაიბარეს, თურმე, ახალბედა ავტორი, სადაც ჯერ არს და წინ დაუდეს მამხილებელი ფოტოდოკუმენტი. თუმცა, მთელი ეს „დივერსია“ ჩვეული მოქნილობით გააუვნებელყო ქართლის დედის მამამ. სხვათა შორის, ლენინს თოფურიძემ სტალინის სიკვდილის წელს თავად წააჭრა თავი. ეს ლეონიდ სოკოვისეული ლენინის თავი არ გეგონოთ, ბრანკუსისეული „სამყაროს დასაბამის“ აპროპორციას რომ წარმოადგენს. ცნობისათვის: ბრანკუსის ოპუსი 1924 წელსაა შესრულებული. ეს ლენინის ფერისცვალების წელია. ასე იქმნება ორმაგი რეკონსტრუქტიული რაკურსი, ერთი მხრივ ლენინის სიკვდილი, მეორე მხრივ კი სოცრეალისტური უტოპიის კულმინაცია – მოთავება.    

და მაინც, ქართლის დედის „ფალოსი“ ბოლო დრომდე ემუქრებოდა ლენინის თავს. „ქართლის დედა“ კი ერქვა ამ მონუმენტს (მგონი, ახლაც ასე ჰქვია), მაგრამ მისი ტანიც ანდროგინული საბჭოური ტანი იყო, რომელმაც მოგვიანებით უკვე მხცოვანი მოქანდაკის მიერ ავტორედაქტირებულ ვარიანტში ახალი ლიბიდოზური ენერგია შეიძინა (კაი დროსი იყო!). თუ ჰოლივუდის სექს-ბომბების ზეფემინიზებადი ხიბლი მამიშევისეული პენისიანი მერილინ მონროს მაგვარ „ანგლობებში“ დეეროტიზაციას ემსხვერპლება, „ქართლის დედის“ ტიპის სიმულაკრებში პირიქით, ჰეროიზაცია იცვლება ეროტიზაციით. სადღაც ქრება ის ფალიური ფემინურობა, რომელიც ასე შვენოდა „პირველ“ ქართლის დედას; მისი უტოპიური ტანიც ქრება.    

აი, ხომ ხედავთ, ერთი სოცრეალისტი მოქანდაკის რეზუს-ფაქტორის გამოკვლევის ფონზე ლენინურ-სტალინური პასიონების ნარატივმა რამდენი რამ მოიყოლა.

ჰმ, რა უცნაური რამ ყოფილა სისხლის შემცველი ეს ნივთიერება. სისხლი კი არა, ცეცხლი ყოფილა, რომელიც განსაკუთრებით ალკოჰოლთან შედის რეაქციაში. იმ ალკოჰოლის მაღალმა კონცენტრაციამ, თურმე, ხანძარიც კი შეიძლება გამოიწვიოს სისხლში. ამას გასტონ ბაშლიარიც ადასტურებს თავის „ცეცხლის ფსიქოანალიზში“.     

აგერ, ვაკეში, ბენზინგასამართ წერტთან აღმართულ გალაკტიონსაც ამგვარი კონოტაციის ძალით ხომ არ უკიდია ცეცხლი?!

ხელი გამომიწოდე    

„ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამომიწოდეო“ – ასე იმღერებოდა 40-იანი წლების ერთი სოცრეალისტური ბაიათური ტექსტი; „პანურგს“ ეძახდნენ მის უნიჭო ავტორს, სიკვდილის წინ გროშებად რომ გაანიავა ნიჭიერი მეუღლის გრაფიკული მემკვიდრეობა. აღებული ფულით კი, ტიხონოვთან, სიმონოვთან, ყულიევთან თუ გამოყულიევებულ გამზათოვთან ერთად გადაღებული საკუთარი ფიზიონომიები გაადიდებინა. ამ ოჯახისთვის სხვა დროს მოვიცლი, ახლა კი ბელადის უპასუხო პასიონებს დავუბრუნდები. აქამდე ყველას ლენინი გვიწვდიდა ხელს; გვიწვდიდა… ჩვენ კიდევ, მოგვიწოდებსო, გვეგონა!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13