„ჭეშმარიტი ადამიანი“

   1936 წლის 24 თებერვლის „Правда“- ში დმიტრი კაბალევსკის სტატია დაიბეჭდა – „Поденщина в киномузыке и ее плоды“. გაიძვერა კაცი იყო კაბალევსკი, ლავირების დიდოსტატი. მისი სტატიაც, პარტიული დოკუმენტების არქიტექტონიკას რომ გვაგონებს, ნეგატიურისა და პოზიტიურის ბალანსირებით „სუნთქავს“. კაბალევსკი საბჭოთა კინომუსიკის (30-იანი წლების საბჭოთა მუსიკა კი პარ ეხცელლენცე კინომუსიკა იყო!) მიღწევათა შორის ასახელებს შვარცის მელოდიებს სურათისათვის „Новый Гулливер“… ეს „ახალი გულივერიც“ სტალინი იყო…         

და მაინც, ყველაზე მეტად სტალინს ერთი ეპითეტი შვენის – ზეკაცი! დიახაც, ზეკაცი იყო სტალინი, შავტუხა ბესტია, „ჭეშმარიტი ადამიანი“… „ჭეშმარიტ სამყაროს“ გვიშენებდა, მაგრამ ეს „უკანა სკნელი“ რაღაა, და საერთოდ, არსებობს იგი? არა, ბატონებო, არ არსებობს. რომც არსებობდეს, მისი აღწერა შეუძლებელი იქნებოდა. ეს სამყარო მიუწვდომელია. მისაწვდომი და აღ-წერადი რომ იყოს, მაშინ აბსოლუტურად უსარგებლო იქნებოდა იგი.

„ჭეშმარიტი სამყარო“ ოდენ მიგვანიშნებს „ჭეშმარიტ ადამიანზე“, ადამიანზე, ჭეშმარიტება რომ სწყურია. ოღონდ ამგვარ ადამიანში „სხვა“ იმალება – შურისმაძიებელი ადამიანი.     

      

„ჭეშმარიტი ადამიანი“ უნდა მოკვდეს. ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მიერ დათრგუნულმა ბოროტებამ კი ახალი ძალა უნდა მოიკრიბოს, მგრძნობელობის ახალი ახალი, ზეკაცური ფორმის დამამკვიდრებლად უნდა მოგვევლინოს. ასე ინგრევა ალეთოლოგიური მოდელი და მის კვალობაზე ჭეშმარიტების ფორმებს საკუთრივ სიცრუის მეუფება ჩაენაცვლება. აი, სიცრუის ამგვარ სამეფოს მართავდა სტალინი – ეს ნიცშე-დელიოზისეული „ჭეშმარიტი ადამიანი“, თავისი ძალაუფლების დისკურსი სხვა ტიპოლოგიურ პერსონაჟებზე რომ განავრცო და ასე დაამადლა სიცრუისა და ტყუილის ძალა. მადლობის მეტი რა ეთქმოდათ?! ამგვარ პერსონაჟთა სინკლიტში მხატვრებიც იყვნენ ისეთივე მატყუარები და შარლატანები, როგორც ის, გენერალური „ჭეშმარიტი ადამიანი“.    

ახლა, მთლად რომ არ გადაგიწუროთ იმედი, იმასაც გეტყვით, რომ მხატვარს მაინც რჩება ჭეშმარიტების შემოქმედად ქცევის შანსი. როდისღა? როცა მისი „გავლით“ და მის „ხარჯზე“ სიცრუე ყოვლის შთანმთქმელ, სატურნალურ ტრიუმფს მიაღწევს. გვინდა-არგვინდა, მხატვარი ცხოვრებას ამკვიდრებს, მისი ყოველგვარი გაუტანლობითა და მაცდურობით, და ასე აფუძნებს სიცრუის სამეფოს, უზენაეს ჰიპოსტატში აფიქსირებს. მეტამორფოზები ნებავს მას, მეტამორფოზები, ჭეშმარიტების უცვლელ ფორმას რომ ჩაენაცვლება. ესეც ორი პოზიცია: ფორმა და მეტამორფოზა. ეს უკანასკნელი, ნიცშესთან მეტამორფოზის ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და დიონისური საწყისიდან მოედინება. ამიტომაცაა, მატყუარები და ფალსიფიკატორები ერთ ჯაჭვში რომ არიან შებმულნი, თითოეულ მათგანს სრული უფლება აქვს განაცხადოს: „ჩვენ ჭეშმარიტების შემოქმეედნი გახლავართ“.    

ერთი ამათგანი ჩემი პროტაგონისტიც იყო!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13