REZUS MAKAKUS

ერთი მოქანდაკე ცხოვრობდა თბილისში – მორის თალაკვაძე; დიდი ეშმაკის ფეხი ყოფილა. 1930-ში, თურმე, ისიც აწერდა ხელს АХРР-ის დეკლარაციას. ალბათ, სხვა, იმ ლამაზი ეპოქისათვის ტიპურ დეკლარაციებზეც აფიქსირებდა ფაქსიმილეს.

ჰუმორის გრძნობაც ჰქონია – 50-იან წლებში თაბაშირში შეუსრულებია სატირული კომპოზიციები: „ჩან-კაი-ში“, „ძია სემი და ბრიტანული ლომი“, „ტრუმენი“; ქალის ჩათქვირებული ტორსებიც იზიდავდა. თავისი თანამედროვე ქართველი მხატვრების, და საერთოდ, „კულტურის მუშაკების“ შარჟებით უფრო შემოგვირჩა ეს თალაკვაძე.     

ერთი ასეთი შარჟი ვალენტინ თოფურიძესაც უძღვნა. ამხანაგი ვალიკოს ფიზიონომია მაიმუნს ჩამოჰგავს კი არა, ნამდვილი მაიმუნია, ვიწრო ცხვირიანი ბენგალური მაკაკი. არადა, ვალიკო თოფურიძე ლამაზი კაცი იყო, ერთი შეხედვით, სულაც არ ჰგავდა მაკაკს…

ეტყობა, თოფურიძის ფიზიონომიაში თალაკვაძემ რაღაც გამჭოლი მზერით დაიჭირა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელებული პრიმატის „ხატება“, პრიმატისა, მედიცო-ბიოლოგიური ექსპერიმენტებისათვის რომ აწვალებენ. არადა, მაიმუნი კი არა, ადამიანი რომ ადამიანია, საწვალებლად ისიც მენანება…

მე მაინც მაკაკის „ხატებას“ ჩავეჭიდები და შევეცდები, გამოვიკვლიო ვალიკო თოფურიძის რეზუსფაქტორი, ვცდი, ეგებ, მეც მოვიძიო ქართული სოცრეალისტური მონუმენტალისტიკის ყველაზე ტიპური წარმომადგენლის სისხლის შემცველი ნივთიერება… ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „რეზუსის“ – მაიმუნის ამ სახელის მიღმა სიცილის ღვთაების სახელი იმალება. ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ლათინურ ენაზე „მაიმუნი“ და „მსგავსება“ -„სიმია“ და „სიმილატიო“ თითქმის ერთნაირად ჟღერს.

მოკლედ, უცნაური რამაა ეს რეზუს-ფაქტორი – ადამიანისა და მაიმუნის ნათესაობის ყველაზე ძლიერი მსგავსება-არგუმენტია. ეს რომ დარვინს სცოდნოდა, ალბათ, უფრო ხმამაღლა იქადაგებდა თავის ევოლუციონისტურ თეორიას.    

რაც შეეხება თოფურიძეს, ეს მხატვარი, მაინც საბაბია, რათა მისი რეზუს-ფაქტორის კონტექსტში მოგითხროთ ლენინურ-სტალინური პასიონები – ანუ ამბები სოცრეალისტური ქანდაკების ქართული ვარიანტისა, ქანდაკებისა, რომელსაც სკულპტ – УРА შეიძლება შევარქვათ.

 

ლადო & ლადო    

30-იან წლებში ერთ მოსკოველ მუსიკისმცოდნეს კომპოზიტორთა სახლში მოუყოლია, შინ დაბრუნებულს, როგორ ეახლა პიონერი ვაჟი და… რა უთხრა თუ იცით?! „Папа, мне стыдно за  тебя“…

ამ ამბავს, ერთგან, ალ. ფინოგენოვი იხსენებს ირონიით და უმატებს, რომ შვილის შემარცხვენელი მამა უმალ მიმხვდარა, რომ არასწორად წერდა…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13