პროლოგის მაგიერ

 

 

 

1971 წელი იდგა… თებერვალი ბერავდა… „დიდი ამბები ხდებოდა გარეთ“… ჩვენი პატარა ქუჩაც, „სულხან-საბას“ რომ ვეძახდით, გარეთ იყო გამოფენილი… ქუჩა კი არა, ჩიხი უფრო ეთქმოდა… რაიკომის შენობა კეტავდა; კალინინის რაიკომის… მედმუშაკთა კულტურის სახლიდან, რომელიც რატომღაც ილია ჭავჭავაძის სახელობისა იყო, მამაჩემთან ერთად, „ჩორნი ხოდით“ რუსთაველზე აღმოვჩნდით. გზად ნატალია ორლოვსკაია შემოგვხვდა – უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროფესორი იყო. მეზობელ სახლში ცხოვრობდა… „Вы не можете представить, что творится на Дворцовой… Целый спектакль!“ „დვორცოვაიას“ – პიონერთა სასახლის წინ რომ მოედანია, იმას ეძახდნენ; ვორონცოვის ყოფილი სასახლის წინამოედანს… მართლაც, უცნაური „სპექტაკლი“ დაგვხვდა ქუჩაში; შეკაზმული, ლაპლაპა ცხენები; „წითელი ეშმაკუნები“; ზარბაზნები; გრძელ შინელებში გადაცმული ულვაშიანი კაცები; ხალხი, ხალხი, ხალხი… რეპროდუქტორში ისმოდა პოეტის აღგზნებული ხმა: „სხვა შუქ-მადლით ბრიალებს რესპუბლიკა ჩემი“… შუახანს გადაცილებული საშუალო ტანის სათვალიანი მამაკაცი რუპორით აძლევდა დავალებებს „დემონსტრანტებს“. ჩვენი ქუჩის მეორე მეზობელი, ვახტანგ ქართველიშვილი II ვაჟთა სკოლიდან „პრიჩოსკის“ გამო მეტსახელი „ადოლფა“ რომ გამოყოლოდა – გამოელაპარაკა… სხვათა შორის, მეც ეგ სკოლა დავამთავრე… ჩემსობას 39-ე სკოლა ერქვა. ამ სკოლაში ერთ დროს ნამდვილ ადოლფსაც უსწავლია – მჟავანაძის მთავრობის კვების მინისტრს, ადოლფ ხუროძეს. ერთხელ შეხვედრა მოუწყეს „საამაყო“ სკოლელებს; იქიდან ჩამრჩა… თეატრმცოდნე ქართველიშვილი მერე, ჩვენთან მოდის და… ხედავთ, რა დღეშია არჩილ ჩხარტიშვილიო… ეს სახელი და გვარი „ბებერი მეზურნეების“ აფიშიდან მახსოვდა. სპექტაკლიც მინახავს… მაშინ რა ვიცოდი, რომ სცენოგრაფია სამეულისა იყო… სახლში გვიან დავბრუნდით. 25 თებერვალი თენდებოდა… საბჭოთა საქართველოს 50-ე „25 თებერვალი“ უთენდებოდა… დილით, მთავრობის სასახლის წინ, უნდა გათამაშებულიყო დიდი რეჟისორის მიერ ინსცენირებული გაწითლება საქართველოისა… „Целый спектакль!“… „სპექტაკლი“ იმაზე, თუ როგორ „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“…

 

 

დასაწყისი

 

სამეული… ოლეგ ქოჩაკიძე, ალექსანდრე სლოვინსკი და იური ჩიკვაიძე – ქართული სცენოგრაფიის ნაცნობი ბრენდი… სამეული… უნებურად არტოსთან ასოცირდება; ანტონენ არტოსთან… თეატრი და მისი ორეული“… ეს არტოსეული ბრენდია!
ეს არტოა, ამდენს რომ ფიქრობდა ალქიმიურ თეატრზე; სისასტიკის თეატრზე; თეატრსა და ჭირზე. მაშინაც უჭირდა თეატრს… და ეტყობა, ათაბაბადან „ჭირვეული პატარძალი“ იყო თეატრი. რეჟისორებთან ერთად, სცენოგრაფებიც ბევრს ეცადნენ მის მორჯულებას. თანამედროვე თეატრი დაეცა; ერთი მხრივ – სერიოზულის, მეორე მხრივ კი, სასაცილოს გრძნობა დაკარგაო – ბუზღუნებს არტო. დაკარგა, რადგან გაეთიშა მიზიდულობის ძალას; უშუალო და დამღუპველ სინამდვილეს… მოკლედ, საფრთხეს განერიდაო… დაკარგაო, იუმორის ნამდვილი გრძნობა; ანარქიული ენერგია; სიცილში დაუნჯებული ფიზიკური გაუცხოების ძალისხმევა; სიღრმისეულ ანარქიას უღალატაო; ნებისმიერ პოეზიაში ჩაკირულ ანარქიას… ბუნება ხეს საკუთრივ ხის ფორმით ბადებს: ეს ფორმა მას ცხოველისათვის, ანდა ბორცვისთვის შეეძლო მიეცაო… და მაშინ, ისღა დაგვრჩებოდა, ცხოველის ანდა გორაკის წინაშე მდგომთ გვეფიქრა: „აი, ხე!“ საქმეც ამით დამთავრდებოდა… ეს ყველაფერი არტოსთანაა. სხვათა შორის, მიხეილ თუმანიშვილი თავად აპირებდა „ჭინჭრაქას“ გაფორმებას; უყვარდა ბუნებაში მოციონი და ხის უცნაურ, ფანტასმაგორიულ ფორმებსაც აგროვებდა; ერთი ხანობა ასე უნდოდა სპექტაკლის მორთვა… „ჭინჭრაქა“ საბოლოოდ სამეულმა გააფორმა. ყველაფერი 1957 წელს დაიწყო: მოსკოვი დემოკრატიული ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადებოდა. საბჭოთა საქართველოში ცხადდება კონკურსი საუკეთესო პლაკატის გამოსავლენად. ნერვიულობს ოფიციოზი („ჩაგვეშალა ეს ოლიმპიადა და ესაა“!)… სამხატვრო აკადემიის მესამეკურსელმა არქიტექტორებმაც გადაწყვიტეს ეცადათ ბედი. ოლეგ ქოჩაკიძემ, ალიკ სლოვინსკიმ და იური ჩიკვაიძემ თავ-თავიანთი ვარიანტი გააკეთეს. კონკურსზე სამივემ გაიმარჯვა; ცალ-ცალკე… მოსკოვის ქუჩებშიც ცალ-ცალკე იყო გაკრული ეს პლაკატები… მოსკოვშივე ნახეს პოლონურ („ბიმ-ბომ“) და ბრიტანულ („უორქშოპ“) ახალგაზრდულ დრამათა წარმოდგენები; ეს იყო პირველი ზიარება „ცოცხალ თეატრთან“. სცენის მტვერს ნაგემთ თავადაც უჩნდებათ იდეა, სამშობლოშიც ჰქონდეთ ექსპერიმენტული თეატრი. თუმცა, რაღა სამშობლო? საბჭოთა კავშირი ყველას სამშობლო არ იყო?! პირველი დაკვეთაც მალე გამოჩნდა – საესტრადო ორკესტრ „რეროს“ აფიშა… ეს იყო პირველი ოპუსი, რომელსაც ერთად მოაწერეს ხელი… თუმცა, სამეულად ჯერ არ გაფორმებულან… ასე გაჩნდა პირველი (და ჯერ-ჯერობით ერთადერთი) ქართული ტრიო; ვიზუალურ ხელოვნებაში პირველი ქართული „ტრიო“, სადაც „ხმებიცა“ და „ინსტრუმენტებიც“ უნისონში აეწყო. ორი წელიც და, დორიან კიტია – იმხანად ცნობილი თეატრალური მენეჯერი (მოგვიანებით რუსთაველის თეატრის მენეჯერი), ამ ჩვენს სამეულს თავის ჰამქარში – მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში უძახის. „ჯადოსნური ხილაბანდი“ (ა. გუბარევის პიესა) – ესეც სამეულის თეატრალური ნათლობა! საბავშვო თეატრს მით უფრო მოერგო ჩვენი მხატვრების კონვენციური სცენოგრამები – კვაზიინფანტილური პირობითობები: წინა პლაზე დაჭიმულ თოკებზე შეკიდული ფანჯრის ჩარჩოები. მაშინ, მოზარდები – ახლა თინეიჯერები რომ დაარქვეს, უფრო „იღებდნენ“ ამგვარ პირობითობებს. ეს საყმაწვილო თეატრში შემოპარებული რაღაც ანდერგრაუნდისმაგვარი იყო. ასეთი „კონტრაბანდა“ მოგვიანებითაც, შეირჩინა სამეულმა… ფარდაც მათი იყო…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9