* * *

საბჭოთა კავშირი გეგმიური სახელმწიფო იყო; და სახელმწიფო თეატრებშიც სპექტაკლი, როგორც სასცენო ნაწარმოების პროდუქტი, იგეგმებოდა. გასაგებია, სპექტაკლის, როგორც „საქონლისა“ და „სპექტაკლის საზოგადოების“ გი დებორისეული იდეები საბჭოთა იმპერიამდე ვერ მოაღწევდა. არადა, ჩვენშიც დაძრწოდა თითქოს აჩრდილი; აჩრდილი სპექტაკულარიზაციისა… სპექტაკლი, ვითარცა ბალაგანი, უნდა ქცეულიყო კაპიტალად. კაპიტალი კი, პირიქით, სპექტაკლად, როგორც ბალაგანად წარმოგვიდგებოდა. დღევანდელი სამრეკლოდან თეატრის ამ „პოლიტეკონომიურად“ პოსტმოდერნიზებული გაგების ანტიციპაციად ჟღერდა „კავკასიური ცარცის წრის“ პოპულარული ზონგი – „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე“ (თორემ?)… სახელმწიფოს მიერ შესყიდული (და მოსყიდული) სპექტაკლის ექსპლოატაციაში ჩაშვება, გეგმიურად – დათქმულ დროს უნდა მომხდარიყო (თორემ?). სპექტაკლის წარმატება – ხარისხს, წარუმატებლობა კი უხარისხო პროდუქციას მოასწავებდა. სამეული ამ „წარმოებით ურთიერთობების“ მამითადშიც იყო ჩაბმული. ერთი ასეთი გეგმიური სპექტაკლი იყო თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული „აღსარება“. „პიესმახერთა“ შეთხზული, ცოტა არ იყოს, „უჯიშო“ პიესა იყო. სცენის ცენტრში თეთრი „ვოლგა“ იდგა- „ГАЗ 24“. ერთ-ერთ ვარიანტში შავი „ჩაიკა“ იყო; თეთრმა ვოლგამ სახელმწიფო მანქანის მეტაფორად ივარგა. ასეთი მანქანით ძერჟინსკიდან მარჯანიშვილში კულტურის ცენზორი დადიოდა ცეკადან და თეატრს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ დადგმას უკრძალავდა. იმავე „მანქანით“ მიბრძანდებოდა თეატრში და სთხოვდა კოლექტივს,
უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად წარედგინა. ოლეგ ქოჩაკიძემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – სანამ თეატრში ვარ, ეგ არ მოხდებაო. საბავშვო ბაგა-ბაღიდან გაძვრა მერე დეპუტატად ის ფუნქციონერი, ვალიკო თოფურიძე „პიკოვაია დამას“ რომ ეძახდა. ეს უკვე, თეატრს მიღმა არსებული „თეატრია“! ესკიზებით შემოგვრჩა მოსკოვის გოგოლის თეატრში დადგმული ქართული პიესის – „სანამ ურემი გადაბრუნდება“ სცენოგრაფია – ფესვებგადგმული „ხე-ბუდე“ – ქალაქში გაფრენილი „ბარტყებით“. ესკიზებს შემორჩა „ქეთო და კოტეს“ განუხორციელებელი დადგმაც – ერთმანეთში „გამავალი“ საქორწინო სუფრისა და „ორადგილიანი“ საწოლის კონტამინაციით, თბილისური აბანოებისა და მასშტაბურად „შეუსაბამო“ სანთლებით დამშვენებული ეკლესიის გუმბათთა შეჯვარებით. ყველაფერი ვიქტორ დოლიძის საოპერო პარტიტურის კომიკურად შეუსაბამო ატმოსფეროზე მეტყველებს. ესკიზებით თუ გავიხსენებთ გრიბოედოვში დადგმულ რ. კაუგვერას პიესასაც – „ჩემი კუნძული“ (რეჟისორი ი. ფომენკო). მხატვრები ერთ მოედანზე განათავსებენ თეთრ შალითებში „გადაცმულ“ სავარძლებს, ტორშერებს; მაგრამ ამ სიმულტანური გარემოს მოდელირებაზე მეტად სცენოგრაფთათვის სცენური მოქმედების კამერტონი ფასობს – დიაგონალურად გადაგრეხილი, ბრუტალური მილების მძლავრი მილები; ცოტაც და სცენური კოლოფი მზადაა, წნევისაგან გასკდეს და დაილეწოს… დეკორაციის მაკეტმა შემოგვინახა „Замшевый пиджак“ – მოსკოვის სატირის თეატრისათვის სამეული იგორ კიოს ილუზიონისტური კიოსკის მსგავს პორტატულ კონსტრუქციას ააწყობს – აურაცხელი უჯრებით, შესასვლელ-გამოსასვლელებით… ბიუროკრატიის გონებამახვილი საცირკო პაროდია! ფინალში ზემოდან გიგანტური „ბიურო“ – საწერი მაგიდა – უნდა დაშვებულიყო და გაესრისა იქაურობა. პლუჩეკმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვერ გარისკა; ვერ მოაწერა ხელი ამ თამამ იდეას. პოლიტბიუროს ჯერ კიდევ არ ჩასძინებოდა…

 

 

 

* * *

„ინტერმედიებში“ სამეული პავილიონური ტიპის სცენოგრაფიასაც მიმართავს; ინტიმური „დიზაინითა“ და ნოსტალგიური „Dasein”-ით… „პროვინციული ამბის“, „პრემიერისა“ თუ „შთამომავლობის“ სივრცე ძველი ზანდუკის სურნელითაც გვიზიდავს და გაუცხოებული მგრძნობელობითაც… ლ. როსებას ორი პიესის მედეა კუჭუხიძისეულ ექსკლუზივში ბევრი ფსიქოლოგიურად დამუშავებული ეპიზოდი იყო და ბევრიც – „აურზაური არაფრის გამო“. „პროვინციულ ამბავში“ ყველა თავის როლს ელოდა; როლს, რომელსაც არასოდეს მისცემდნენ… რაღაც სატუსაღოს ან საავადმყოფოს ატმოსფერო სუფევდა „პროვინციულ ამბავში“; მთელი სპექტაკლი თითქოს „წვეთოვანზე“ იყო შეერთებული… თავად აპარატი კი არ ჩანდა – სადაგ საგნებში იყო განზავებული; თუნდაც, ძველებურ „ატამანკაში“… იქნებ, თეჯირებში?! ამ წვეთების ხმა მაყურებელსაც აღარ ესმოდა… „პროვინციული ამბის“ მიუსაფარ სივრცეში ტაშტში „კაპაკუპით“ ჩამდინარე წვიმის წყლის მონოტონური „ექსისტენციური მელოსი“ კი თავისას განაგრძობდა… დრო გადიოდა და… იმედიც კვდებოდა… აი, ზანდუკი კი, წეღან რომ ვახსენე, თურმე, არც ისე „უსაფრთხო“ ნივთი ყოფილა: ერთ დროს ცხოვრების ჯარაში ჩართული საგნები, ახლა „დაზანდუკებულნი“, უფუნქციოდ შთენილან; გარდასულ საგნებსა და პრეზენტულ ყოველდღიურობას შორის ჯაჭვი გაწყვეტილა.
კედელზე გაბნეული წინაპართა სურათები („შთამომავლობა“) მხოლოდ „ცარიელი ნიშნებია“; ნიშნები ონტოლოგიური რეფერენტის გარეშე… ნოსტალგიურადვე გამოიყურება საზაფხულო თეატრის ფიცარნაგი მარჯანიშვილელთა სპექტაკლში – „თავადის ასული მერი“ (1985). სამეულისეული სცენოგრაფიული პარადიგმა „თეატრი თეატრში“ … მსუბუქი, აჟურული დეკორაცია ლერმონტოვის ეპოქის საპარკო აურით სუნთქავს… სასცენო მოქმედების ნარატიულ საგნებად მიმოფანტულა შანდალი და სპარსული ნოხი, ბატის ფრთა და დამბაჩა… და ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სცენაზე დატრიალებულ ხდომილებათა რეჟისორი პეჩორინია… დიახაც, ისაა ამ ტრაგიკული „მეტათეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი“… თემურ ჩხეიძის სპექტაკლის მაკეტიც ლერმონტოვის სამყაროს სცენოგრაფიულად ტევადი მიკრომოდელი იყო. ოდნავ მოგვიანებით სამეული ასევე „დაამაკეტებს“ ჩხეიძისავე დადგმულ „ვერაგობა და სიყვარულს“. შილერის პიესა (ლესინგის ემილია „გალოტის“ დარად), გერმანული განმანათლებლობის ეს ბრენდი, ადამიანის პირად ბედში დესპოტური ხელისუფლების უხეში ჩარევის ნარატივზეა აგებული. სცენაზე ფერდინანდისა და ლუიზას მსოფლმხედველობრივი განწვალების მომასწავებელი კონფლიქტური გარემოა: ერთი მხრივ, კლასიკური თეთრი პორტალით, მეორე მხრივ კი აგურის ბრუტალური კედლითა და პროფილირებული ჩარჩოს უზარმაზარი სიმულაკრიდან გამოჩხერილი ხის ტოტებით. ორი იდეოლოგიური კონტექსტი; ორი განსხვავებული ფაქტურა! ლუიზას მამის ოთახი პატრონის მეშჩანური სათნოების აურით სუნთქავს. მოხუცი მუსიკოსის სტერილური საცხოვრისი, კლავესინისა და ვიოლონჩელოს რეკვიზიტით, ამზადებს მაყურებელს შინაგანად დათრგუნულ და შებოჭილ ადამიანთან შესახვედრად. ასეთი ადამიანის პროტესტი მით უფრო დასაფასებელია! აი, ფერდინანდი კი, განმანათლებლური დრამის სხვა პროტაგონისტებზე მეტად გრძნობს სოციალურ ბარიერს: და ამ ბარიერის მეტაფორაა გაშიშვლებული კედლიდან გამორღვეული ხე – ვერაგობისა და უკეთურების ეს მამაცი გამოწვევა! საგანთა პრედესტინაციულ წესრიგსა და ჰარმონიას სწორედ ეს ხე ატორტმანებს; ეჭვიანობის ტრაგედია, „ოტელოში“ ზნეობრიობის ტრაგედიად მოვლენილი, მარჯანიშვილელთა სპექტაკლშიც საშინაო ტრაგედიად შემოტრიალდა; და ამასთან, ტრაგედიად მთელი „შტურმერებისა“, შილერმა – მისმა გვიანდელმა ფიგურანტმა – ფერდინანდის სახით წარმოგვიდგინა. განცდის თეატრს გადაჩვეულ პუბლიკას კი სამეულმა გაახსენა „სერიოზული“ სცენოგრაფიის მოკრძალებული ხიბლი.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9