ბრიყვი და ტრიქსტერი

 

აი, ახლა კი, მგონი, თავშივე დაანონსებული „ჭინჭრაქას“ დროც დადგა. რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დადგმულ თუმანიშვილის ამ „შედევრს“ დიდი რეჟისორის არაერთი ტრიუმფიც უსწრებდა წინ და მწარე მარცხიც. იყო – „როცა ასეთი სიყვარულიას“ ტრიუმფიც და „ქალთა ამბოხებისა“ და „ირკუტსკის ისტორიის“ ფიასკოც… შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ერთგვარი „ქარიშხლის წინ“ (სხვათა შორის, 1952 წელს ეს სპექტაკლიც დადგა თუმანიშვილმა). თუმცა, „ჭინჭრაქას“ მერე უფრო ელოდა თუმანიშვილს „ქარიშხლები“; მითუმეტეს, შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ შემდეგ… „ჭინჭრაქას“ პრემიერა 1963 წელს გაიმართა; 23 ივნისს. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი სასცენო კოლოფს გამორიცხავდა და სამეულიც თუმანიშვილს მოძრავი ფარდების კონტექსტს სთავაზობს. ამ კონტექსტში უნდა ჩაეწერონ ანიმალისტურად მოთვინიერებული მსახიობები (ან მსახიობებად მოთვინიერებული ცხოველები); ფარდების მონაცვლეობით შემოდიოდნენ ღია სცენაზე და თავიანთი ირონიულ-პაროდიული კოსტუმირებით თხზავდნენ „ისტორიული“ და „მოდერნული“ პირობითობით აღბეჭდილ ზღაპრულ სამყაროს. სერგო ზაქარიაძის ბაყბაყდევს ჯაჭვის პერანგი და წითელი ჯინსები ჩააცვეს; თავზე – „ფესკა“; ფეხზე კი, ალპინისტის
ჩექმები… მთელი სათამაშო პატრონტაჟით იყო ბაყბაყ-დევი აღჭურვილი – წელში გარჭობილი „რაგატკა“ და ბრაუნინგის კაბურა… მარჯვენა ხელში ავტომატი, მარცხენა მხარეს – ხანჯალი. აი, შეუსაბამობათა კომიკური ინვენტარი, ბაყბაყ-დევი თავისი მომხიბლავი სიბრიყვით რომ (გა)ათამაშებს… და ამით ემუქრება სამყაროს; სამყაროს, რომელიც ამ ტუტუცი დიქტატორის წყალობით, ყოველ წუთს ელოდება ახალ-ახალ „სიურპრიზებს“… გრიმიც უცნაური ჰქონდათ: სერგო ზაქარიაძე ბუზღუნებდა თურმე – აბა, ასეთი დევი სად გინახავთო?! ჰოდა, მოძებნეთ ნამდვილი დევი და გრიმიც მისი პორტრეტის მიხედვით შეურჩიეთო! – უპასუხიათ. მეორე დღეს, რეპეტიციაზე, ზაქარიაძე ზუსტად ისეთი გრიმით მოსულა, სამეულმა რომ დაუხატა… რამაზ ჩხიკვაძეც, ნელ-ნელა შეეგუა თავისი ქოსიკოს – ქოსა-მრჩევლის პაროდიულ ჰაბიტუსს. ატლასის ხალათსა და ხილაბანდში გამოწყობილი, ჰიპერტროფირებული ყურითა და თვალზე მიხატული პენსნეთი მაყურებელმაც ხალისით მიიღო. პრემიერის შემდეგ თავს იწონებდა ბატონ (თუ ამხანაგ) დევისთან – დევი სტურუასთან, ცეკას იდეოლოგიის მდივანთან, როგორ მოგეწონათ ჩემი გრიმი, მე თვითონ მოვიფიქრეო. მოულოდნელად თვალი ჰკიდა შორიახლო მდგომ ერთ სამეულელთაგანს და „ტყუილის გამო“ პატარა ბავშვივით გაწითლდა. ესეც სპექტაკლი იყო – სპექტაკლი სპექტაკლი შემდეგ! რეჟისორის ფანტაზიასა და მსახიობთა იმპროვიზებული თამაშის ტექნიკას მხატვრები მართლაც ზღაპრულ ასოციაციურ გარემოს ახვედრებენ; მეტიც, თავისებურად კარნახობენ კიდეც, ტირანიის გაშარჟებული ინტერპრეტაციის კონვენციურ სიტუაციებს და ზღაპრულ პერსონაჟთა ჰაბიტალური ქცევის მესიჯებსაც იძლევიან: გ. გეგჭკორის „მგელს“ ფაფახს ახურავენ, რუხ ჩოხაში გამოაწყობენ და მაღალყელიან ჩექმასაც „აზომებენ“; ეროსი მანჯგალაძის „დათვს“ ყავისფერ ზოლიან პიჟამოში ჩაცმულ ძონძროხა ბიძად წარმოგვიდგენენ – პორტფელით… დაჭმუჭნული შლაპის ქვემოდან რომ აცქერდება თავის „კოლეგა“ ნადირებს; მედეა ჩახავას მხრებზე „ჩერნაბურკა“ წამოუგდია, გრძელი მოდური „წამწამები“ მიუწეპებია და… გამზადებული „მელაკუდაა“! 1906 წელს მეიერჰოლდმა თავისი “Балаганщик“ დადგა; კონსტანტინ რუდნიცკიმ მოსწრებულად მონათლა ეს წარმოდგენა, როგორც „თეატრ-ტაძარში“ მღვდელმსახურების ეპოქის დასასრული… „ჭინჭრაქაც“ ერთგვარი დასასრული იყო რუსთაველის თეატრში ამგვარი ლიტურგიისა; და დასაწყისი მაყურებლის ახალი რწმენისა – ღია, დაუფარავ თამაშში რწმენისა… ერთგვარი „კვაზიმისტერიისა“, რამპის მორღვევისა და მაყურებლის ცოცხალი ჩართულობის პროვოკაციული სახილველისა… შიშობდნენ, ვაითუ ზღვათა და ოკეანეთა შტორმებს გადარჩენილ რუსთაველის თეატრს, აწი პატარა ღელემაც უწიოსო… არადა, „ეპიკურ“ ომებგადახდილ თუმანიშვილს „ზღაპარი“ მართლაც სჭირდებოდა. და ეს ზღაპარი იყო „ჭინჭრაქა“ – ქართული თეატრის ისტორიის შეთხზული მომხიბლავი ზღაპარი… ამ ზღაპრის კოლექტიური „ავტორი“ სამეულიც იყო… სამეულიც კი არა… სამეული… სამეული ამ „ზღაპრული სპექტაკლის“ (sic.) პერსონაჟებს ერთგვარი მითოლოგიური ინკორპორირების წესით წარმოგვიდგენს; ობიექტი, სუბიექტი და ინსტრუმენტი ერთმანეთში „ჩანაცვლებული“ და პარადოქსული მეტალოგიკით მოტანილი… დაახლოებით ისე, დანიელ ხარმსს რომ უწერია! „Из медведя он стрелял, Коготочек нажимал.“ აქ ხომ წინადადების ბირთვია „აფეთქებული“ – ზმნისა და არსებითთა – აქტანტთა მიმართებები: იგულისხმება, რომ მონადირე თოფს ესროდა დათვს და თითს აჭერდა ჩახმახს, დათვის ბრჭყალს რომ ჰგავდა…
ასევე „ისროდნენ“ სპექტაკლის გმირები… ასე ამო-იღებდა ბრაუნინგს ბაყბაყ-დევი და აზანზარებდა ქვეყნიერებას… ქოსიკო კი მიამიტურად – „ეგ რა ჰქენი – რომ მამხვედროდა?!“ სპექტაკლის მთელ კარნავალურ პათ(ეთ)ოსს ბაყბაყ-დევი და ქოსიკო ქმნიდნენ; ორივენი ამ კარნავალის მეფეები იყვნენ… ბრიყვი და ტრიქსტერი… სპექტაკლს კი ანეკდოტური ეშხით „გვიყვებოდნენ“ რეჟისორი და მხატვრები; გვიყვებოდნენ „სამეტყველო პრაგმატიკას“ დაუფლებული ვირტუოზები… ანუ ისინი თავად გვევლინებოდნენ კრებით „ტრიქსტერად“; ღმერთებისა და ადამიანების, სიცოცხლისა და სიკვდილის მედიატორებად… „მომწიფებულ საბჭოთა საზოგადოებაში“ იმხანად იმგვარ სიტუაციას დაესადგურებინა, როცა საჭირო იყო რაღაც საშუალო პოლიტიკური სიტუაცია; რათა აუცილებელი გამხდარიყო ასეთი „ზღაპარ-ანეკდოტი“… ხრუშჩოვისეული „ოტტეპელი“ უკანასკნელ წელს ითვლიდა. ერთი წელიც და ტახტზე ბრეჟნევი ადის… თითქოსდა, ნიკიტაც და ლეონიდ ილიჩიც ანეკდოტებმა შექმნეს. არც ბოროტმოქმედები იყვნენ და არც – გმირები… შუამავალნი მკვდარ სტალინსა და ჯერაც სტავროპოლის მმართველ გორბაჩოვს შორის… ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძეც ასეთი „პოლიტიკური“ პერსონაჟი გახლდათ. ძალიან უყვარდა, თურმე, „ჭინჭრაქა“… „დაძაბული სამუშაო დღის“ ბოლოს დევი სტურუას გამომცდელად ჰკითხავდაო – რა გადის, ნეტა, დღეს „რუსთაველში“?… „ჭინჭრაქა“ – ეტყოდა დევი გეორგიევიჩი, მაგრამ ეგ ხომ ნანახი გაქვთო… რა უჭირს მერე, კიდევ ვნახოთო…

 

 

 

პროცესი

 

1965 წელი; 19 თებერვალი. რუსთაველის თეატრში პრემიერაა. არტურ მილერის „სეილემის პროცესი“… რეჟისორი – რობერტ სტურუა; მხატვრები – სამეული. სპექტაკლის „ჩაბარება“ გართულდა… „ზემოთ“ ჭოჭმანობდნენ… ისევ ირაკლი აბაშიძემ იხსნა „პროცესი“ – სამხატვრო საბჭოზე გამოვიდა და თავისი ხრინწიანი ხმით არც აცია, არც აცხელა, ისე მიულოცა თეატრს გამარჯვება – მომილოცავს, ჩვენ მივიღეთ დიდებული ანტიფაშისტური სპექტაკლიო! ამ „ანტიფაშიზმის“ ხსენებაზე „მოჭოჭმანე“ პარტიულმა ბოსებმაც და ჩასაფრებულმა თეატრალებმაც ხმა გაიკმინდეს… თავის წიგნში – „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ – თუმანიშვილი წერს: „ამ სპექტაკლში გადაწყვეტის საფუძველი გახდა ვეება, დიდი მორებით ნაგები, უხეში თოკითა და ნაჭედი ლითონით დამშვენებული სახრჩობელა – ხალხის მუსრის გამვლები უზარმაზარი ნაკეთობა. თავისუფალი აზროვნების სულ მცირეოდენი ცდაც კი ისპობა და ყველანი, ვინც ამ სახრჩობელის ჩრდილში ცხოვრობენ, მოახლოვებული სიკვდილის შეუცნობელი, უჩვეულო შიშით არიან დათრგუნვილნი. სწორედ ეს იწვევს მათს სასოწარკვეთას. ამის გამო, სპექტაკლის ყველა პერსონაჟი ისტერიკამდეა მისული.“ ხის მასიური ძელებისა და ბათქაშის ფაქტურით „შენდება“ ბრუტალური კონსტრუქცია, რომელიც ლამისაა, საბჭოური „რკინის ფარდის“ დამთრგუნველ მეტაფორად იკითხება. სამეულმა სპექტაკლს მართლაც ზუსტი სცენოგრაფიული კამერტონი მოუნახა- პირქუში, ნისლით დაბურული გარემო, გადატყავებული, სულისგამკაწრავი, ხორკლიანი ფაქტურა; რაღაც წებოვანი; უსიამო ტაქტილურ ასოციაციას რომ იწვევდა… შემხმარი სისხლისფერი დანადგარი – „მეტაეშაფოტი“; ჰაიდეგერისეული geshtel-ის მსგავსი – „სიკვდილით დასჯის“ შემზარავი წინათგრძნობით მუხტავდა სცენურ ატმოსფეროს და მაყურებელს სერგო ზაქარიაძისეულ მოსამართლესთან („კაცი მანტიით“), ედიშერ მაღალაშვილის ჯონ
პროქტორთან, ზინა კვერენჩხილაძის პერისთან და იზა გიგოშვილის აბიგაილთან მტკივნეული „რენდეზ-ვოუსათვის“ (შე)ამზადებდა… გაურანდავ კოჭებზე ჩამოკიდებული სახრჩობელებიც სეილემის, ამ შემზარავი ონტოლოგიური საპყრობილის დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიან და ზუსტი სემანტიკური, სინტაქტიკური და პრაგმატული კოდებით მიგვანიშნებენ ყოფიერების იმგვარ სურათზე, შეუწყნარებლობა და ექსისტენციური ღირსების გათელვა წესად, და მეტიც, კანონად რომ ქცეულა. „სეილემის“ შემდეგ სტურუასთან კიდევ ერთი სპექტაკლის „გაფორმება“ მოასწრო სამეულმა – ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“. არტურ მილერის დრამის მერე აქ ყველაფერი მსუბუქად, საჟურნალო ჰუმორით იყო გამსჭვალული. არ მავიწყდება ჯ. ღაღანიძის პროფესორი, სტუდენტებს როგორ მოძღვრავს – თქვენ იცით, რომ ერთმა ჩვენმა სტუდენტმა კუკინსკის სასაფლაოზე ქალი გააუპატიურა; თქვენ იცით, რომ ერთმა ჩვენმა სტუდინტმა უკანონო შვილი შვა… სამეულმა აქაც ერთიანი სცენური კონსტრუქცია შემოგვთავაზა – პირობითი ქალაქური გარემო, სინკოპირებული ტოპოლოგიური „მარშრუტებით“ და მოქმედების ადგილისა და დროის შემაკავშირებელი „პუნქტირებით“… თუკი „სეილემის პროცესში“ მოცულობითი ბლოკებით „შენდება“ შეკიდულ ფიცარნაგზე მდგარი საცხოვრისის განზოგადებული და იმავდროულად, მიმეზისური სივრცე, „მზიან ღამეში“ ამგვარი „ბლოკადური“ ინტერპრეტაცია სულ სხვა პირობითობას მოასწავებს. ექსტერიერული „მაკეტები“ მაყურებლის თვალწინ შემოტრიალდებიან და სამოქმედო ტერიტორიის შესაბამის ინტერიერად გვემცნაურებიან… ისევ ერთგვარი ფონი; გარემოული ფონი გადაიშლებოდა – კვლავაც ბრტყელი, ქალაქის თემაზე გათამაშებული გრაფიკული კომპოზიციით; ძველი შენობებითა და თანამედროვე საგზაო ნიშნებით; თანამედროვე არქიტექტურითა და მთათა გრეხილებით; აპლიკაციურად მიწებებული სახლებით… ეს შენობათა ნიშან-ინდექსები უფროა; ზედა ნაწილი სასცენო იატაკზე მაღლდებოდა; სიღრმეში კი გადაიშლებოდა „ზადნიკი“ – ქალაქის პანორამული ხედითა და შენობათა მოცულობითი, კუბისებრ აბსტრაჰირებული სეგმენტების კალეიდოსკოპით… მხატვრები თავისებური „მასშტაბური ფოკუსით“ წარმოგვიდგენდნენ სათამაშო ველს: არქიტექტურულ-კომპოზიციური მოდული განზრახ იყო აცდენილი სასცენო სივრცის მოდულს და არქიტექტურული ფონიც, მსახიობის კომპლექციასთან შედარებით, ბევრად პატარა ჩანდა. დიდისა და მცირეს მასშტაბური შეუსაბამობებით პარათეატრალური კონტექსტი იქმნებოდა. მსგავსი ანტიმიმეტური ფრაგმენტების რეალურ სასცენო სივრცესთან ტრანსპლანტაციის პრინციპიც მოულოდნელი იყო; და, იქნებ, პოლემიკურიც… ეპიზოდთა მონაცვლეობაზე აგებული „თვითნაკეთი“ დრამატურგია სხვა გზას არ ტოვებდა და სამეულმაც ლაბილური, გონებამახვილური, თუმცაღა, პალიატივური პრინციპი აირჩია. ინსცენირებული მოთხრობის „გადათამაშება“ რეჟისორსაც მეტი იმპროვიზაციის საბაბს აძლევდა და – მხატვრებსაც… „ჭინჭრაქას“ გამო თუმანიშვილს ლამისაა, სამშობლოს ღალატიც დააბრალეს. და შეშინებული იძულებული გახდა, ომში დამსახურებული მედლები „ეჩხრიალებინა“ თეატრში; საბუთად იმისა, რომ სამშობლოს იცავდა და ნამდვილად ჯარისკაცი იყო… მაგრამ ყველა ჯარისკაცი „ჯარის-კაცი“ ხომ არ არის?! 1965 წელს მიხეილ თუმანიშვილი მოსკოვის ლენინური კომკავშირის თეატრში სცენაზე დგამს ბერტოლდ ბრეხტის პიესას „ჯარისკაცი ჯარისკაცია!“ სპექტაკლის „პროტაგონისტი“ გელი გეი შემთხვევით გადაიქცევა ჯარისკაც ჯერაი ჯიპად და კლავს… ნამდვილ ჯიპს. ბრეხტის მესიჯი ასეთია: „გელი გეი ჯობს ავტომატად გადაქცეულ ჯარისკაცს“. ეს აგიტ-პლაკატური სქემა აიტაცა თუმანიშვილმა თავისი სპექტაკლის „გამჭოლ მოქმედებად“ (სტანისლავსკის ცნება როგორღა ესადაგება ბრეხტის „ეპიკური თეატრის“ კონცეპციას?!); სამეულმაც აუბა მხარი სპექტაკლის პუბლიცისტურ მედია-დისკურსს და
ფონად გაზეთი აირჩია; გაზეთი და… „ჯარისკაცი გაზეთის სვეტში“. ეს უკვე ოთარ ჭილაძის პოეტური ტექსტის – „ადამიანი გაზეთის სვეტში“ ჩემეული ალუზიაა… გაზეთის ნაგლეჯებით დამონტაჟებული კონსტრუქციები დადგმის ინდექსალურ კონტრაპუნქტსაც ქმნიდნენ და ბრეხტისეულ „გაუცხოებულ“ გარემოზეც მიანიშნებდნენ… და სათამაშო სივრცესაც, კვლავაც, ბრეხტის ეპიკური თეატრის „საჩვენებელი“ (და არა რეპრეზენტაციული) სტრუქტურებით ამარაგებდნენ… „ჩვენების“ (და არა წარმოდგენის) თეატრის სემიოტიკურად რელევანტური სიტუაციაა!

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9