ქალები ჩვენსკენ წამოვიდნენ. რა თქმა უნდა, რობერტას  დაძაბულ სახეს ხედავდნენ და მეჩვენებოდა, ერთი სული ჰქონდათ, ყველას ერთად ფეხებით ვეთრიე. ჩემს მანქანას წამში გარს შემოერტყნენ და ძალიან ნელა, ნაზად დაუწყეს რყევა. აქეთ-იქით, ზევით-ქვევით ვქანაობდი. ავტომატურად, ფანჯრიდან ხელი გადავყავი, მინდოდა რობერტას ჩავჭიდებოდი, როგორც იმ შორეულ დროს, როცა დიდი გარ გოგოები ბაღშითავს წაგვადგებოდნენ და გაქცევა გვიწევდა ხოლმე. თუ რომელიმე წავიქცეოდით, მეორე აუცილებლად ააყენებდა, ან თუ რომელიმეს გოგოები დაგვიჭერდნენ, მაშინ მეორე მათ წიხლებს ჩააზელდა ან დაკაწრავდა, დარაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი მეორეს არ მიატოვებდა. ხელი კი გადავყავი, მაგრამ ჩემს ხელს მეორე ხელი არ შეგებებია. რობერტა მიყურებდა, როგორ მაქანავებდნენ აქეთ-იქით და სახეზე ნაკვთიც არ შეტოკებია. ჩემი საფულე სკამიდან გადმოსრიალდა. ოთხი პოლიციელი, რომელიც მანქანაში ჩაის სვამდა, როგორც იქნა, მიხვდა, რაც ხდებოდა და ჩვენსკენ წამოვიდა, თან ქალებს შორის გზას ძლივს იკვალავდა. მათ ქალებს წყნარად, მაგრამ მკაცრად უთხრეს: „კარგით, ქალბატონებო. უკან დაბრუნდით, აქაურობა დატოვეთ.“

ზოგიერთი ქალი თავისი ნებით მომშორდა, ზოგი კი პოლიციელების მოთხოვნით. რობერტა არ განძრეულა. იდგა და ჯიქურ მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ხელს ვაცეცებდი, რომ მანქანა დამექოქა, მანქანაში ქაოსი იდგა, ამ რყევაში მაღაზიის ქვითრები აქეთ-იქით გადაიყარა და ჩემი საფულეც სადღაც ძირს ეგდო.

„იქნებ ახლა მაინც ვარ განსხვავებული, თვაილა, თუმცა, შენ ნამდვილად არ ხარ. სულ არ შეცვლილხარ, ისევ ის უპატრონო ბავშვი ხარ, იმ საწყალ მოხუც შავკანიან ქალს წიხლებს რომ ურტყამდა. ახლა კი დგახარ და ფანატიკოსს და შეუწყნარებელს მეძახი.“

ქვითრები მთელ მანქანაში იყო  მოფენილი და ჩემს საფულეს ნაწლავები ჰქონდა გადმოყრილი. რაო? რას ამბობს? შავი? მეგი შავკანიანი არ იყო.

„შავკანიანი არ იყო.“ დავიყვირე.

„აბა რა ჯანდაბა იყო? ჰო, კარგი, ჯოჯოხეთის კუპრივით შავი არ იყო, მაგრამ წიხლი ხომ დაარტყი! ორივემ ვურტყით ფეხები. მოხუც შავკანიანს ურტყამდი, მას კი დაყვირებაც არ შეეძლო.“

„მატყუარა!“

„შენ თვითონ ხარ მატყუარა! წადი სახლში და თავი დაგვანებე, აქ რას აკეთებ, ჰა?“ და ზურგი შემაქცია. იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე.

მეორე დღეს გარაჟში შევედი და ტელევიზორის ყუთს ერთი მხარე ჩამოვაჭერი. ძალიან დიდი მაინც არ გამოდგა, მაგრამ ცოტა ხანში ღირსეული ტრანსფარანტი მქონდა: თეთრ ფონზე წითელი საღებავით ეწერა: „ბავშვებსაც აქვთ უფლებები!“

ვაპირებდი, სადმე სკოლასთან მიმეკრა ეს მუყაო, რომ ქუჩის მეორე მხარეს მოპიკეტე ქალებს კარგად დაენახათ, მაგრამ როდესაც იქამდე მივაღწიე, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით ათი ქალი უკვე შეკრებილიყო და იმ ძროხების პიკეტირებას აპროტესტებდნენ, თანაც პოლიციის ნებართვით და კანონის დაცვით. მეც მათ რიგებში ჩავდექი და ამ ჯგუფთან ერთად ვაპროტესტებდი, ხოლო რობერტა კი ისევ თავის ჯგუფთან ერთად იდგა და სკოლის პიკეტირებას განაგრძობდა. პირველ დღეს ყველანი ღირსეულად ვიქცეოდით, და თავი ისე გვეჭირა, თითქოს მეორე მხარე არც არსებობდა. მეორე დღეს ერთმანეთს სალანძღავ სიტყვებს ვეძახდით და თითით რაღაცებს ვაჩვენებდით. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ამას არ გავცდენილვართ. დროდადრო ხალხი ტრანსფარანტებს ცვლიდა, მაგრამ არც მე და არც რობერტას არ შეგვიცვლია. კაცმა რომ თქვას, ჩემს ტრანსფარანტს რობერტას გარეშე რა აზრი ჰქონდა? „რა აქვთ ბავშვებსაც?“ მკითხა ერთმა ქალმა ჩვენს ჯგუფში. უფლებები აქვთ. ვუპასუხე მე, თუმცა, ეს ხომ ისედაც გასაგები იყო.

რობერტა თვალს მარიდებდა და ერთხელ ეჭვიც კი შემეპარა, რომ საერთოდ მამჩნევდა. ამიტომ, ადგილს ხშირად ვიცვლიდი, ხან ჯგუფის ერთ ბოლოში მოვექცეოდი, ხან მეორეში, ვცდილობდი, ისეთი ადგილი შემერჩია, რომ მე და რობერტას თვალი თვალში გაგვეყარა. და მაინც, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მიხვდა თუ არა, რომ ჩემი ტრანსფარანტი მის საპასუხოდ გამოვიტანე. მომდევნო დღეს დროზე ადრე მივედი. ველოდებოდი, ვიდრე რობერტა მოვიდოდა, რომ ჩემი ახალი შემოქმედების დემონსტრირება მომეხდინა. როგორც კი მოვიდა და აღმართა „დედებსაც აქვთ უფლებები“, მე აქედან დავუქნიე: „შენ საიდან იცი?“ დარწმუნებული ვარ, დამინახა. მერე უკვე შეპყრობილივით ვიქცეოდი. მე ყოველ დღე ერთი-მეორეზე შეშლილი ლოზუნგები მიმქონდა და ჩემს მხარეს ქალებმა დაასკვნეს, რომ არანორმალური ვიყავი, რადგან ჯგუფისგან სრულიად განსხვავებულ პოსტერებს ვერც თავს უგებდნენ და ვერც ბოლოს.

ერთ დღეს მყვირალა წითელი ასოებით დაწერილი პოსტერი აღვმართე: „დედა როგორ არის?“ რობერტა ლანჩზე წავიდა და უკან არც იმ დღეს დაბრუნებულა და არც აღარასოდეს. ორი დღის მერე იქ სიარული მეც შევწყვიტე და არავის მოვუკითხივარ, რადგან ჩემი პოსტერები იმ ქალებს ისედაც აბნევდა.

საშინელი ექვსი კვირა გავიარეთ. სკოლა ოქტომბრამდე გადაიდო, გაკვეთილები არ ტარდებოდა და ჯოზეფი არც ერთ სკოლაში არ დადიოდა.  უკლებლივ ყველა ბავშვი, ყველას შვილი გაბეზრდა დაუსრულებელი არდადეგებით, რომელიც, ეგონათ, არასოდეს მოსწყინდებოდათ. ბავშვები იქამდე უყურებდნენ ტელევიზორს, ვიდრე თვალები არ დაუელამდებოდათ. ერთი-ორი დღე ჩემს შვილს ვამეცადინებდი, რადგან რამდენიმე დედისგან გავიგე, რომ ეს აუცილებელი იყო. ორჯერ გასული წლის პროგრამიდან ის ტექსტები ამოვქექე, რომლებიც არ გაუვლიათ და ჩემმა შვილმა ორჯერ შემომამნთქნარა სახეში. სხვა დედებმა სახლში ჩაატარეს ჯგუფური გაკვეთილები, რომ მაგრამ ბავშვებმა კონცენტრაცია ვერ მოახერხეს და ისევ ტელეშოუებს დაუბრუნდნენ. როდესაც, როგორც იქნა, სკოლა გაიხსნა, ერთი-ორჯერ დიდი ჩხუბი ატყდა, და ქუჩაში  წივანების ხმა აქა-იქ ისევ ისმოდა ხოლმე. ბევრი ფოტოგრაფი იყო ჩამოსული ოლბანიდან, ხოლო როდესაც ABC ახალი ამბების გამოშვების კორესპონდენტების გამოგზავნას გადაწყვეტდა, ბავშვები მაშინვე წყნარდებოდნენ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ჯოზეფმა ჩემი პოსტერი „შენ საიდან იცი?“ თავისი საწოლის თავზე გააკრა. არ ვიცი რა მოუვიდა „ბავშვებსაც აქვთ უფლებები“ ტრანსფარანტს. მგონი, ჩემმა მამამთილმა მასზე თევზი გაასუფთავა. ის სულ ჩვენს გარაჟში იქექება. მისი ხუთივე შვილი ნიუბურგში ცხოვრობს და ისე იქცევა, თითქოს ხუთი დამატებითი სახლი ჰქონოდეს.

როდესაც სასწავლო წელი დასრულდა, თვალებს ვაცეცებდი, რომ სადმე რობერტასთვის მომეკრა თვალი, მაგრამ ის არ ჩანდა. იმას, რაც მან მაშინ მანქანაში მითხრა, დიდად არ შევუწუხებივარ. მეგისთვის წიხლის ჩაზელას ვგულისხმობ. ვიცი, რომ არ დამირტყამს, ვერ დავარტყამდი. მაგრამ იმაზე კი ვფიქრობდი, რატომ მითხრა, რომ მეგი შავი იყო. როდესაც მას ვიხსენებდი, მისი კანის ფერს ვერ ვხედავდი. ძალიან შავი არ იყო, ვიცი, თორემ ნამდვილად მეხსომებოდა. მისი პატარა ბიჭის ქუდი კარგად მახსოვს, მოღუნული ფეხებიც. მინდოდა, გამეხსენებინა მეგის კანის ფერი, კარგა ხანი ტვინს ვიჭყლეტდი, ვიდრე არ მივხვდი, რომ სიმართლის თქმა მხოლოდ რობერტას შეეძლო. მე მეგისთვის არ დამირტყამს, იმ გოგოების გვერდით არ დავმდგარვარ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მინდოდა. მე და რობერტა იქ ვიყავით, ძირს დაგდებულ ქალს ვუყურებდით და არც ჩვენ მივშველებივართ და არც ვინმესთვის დაგვიძახია. მეგი ჩემი მოცეკვავე დედა იყო. მუნჯი და მგონი, ყრუც, ცარიელი: არავინაა შენს შიგნით, მთელი ღამე რომც იტირო, ვერავინ გაიგონებს. არავინაა, ვინც რამე მნიშვნელოვანს გეტყვის, ისეთს, რაც გამოგადგება. მეგი სიარულისას ირწეოდა, ირხეოდა, ცეკვავდა და როცა გარ-გოგოებმა მიწაზე დააგდეს და ლანძღვა დაუწყეს, ვიცოდი, რომ ვერ დაიკივლებდა, ჩემსავით ვერ დაიყვირებდა და ამით ვტკბებოდი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9