„ისე… დედაშენმა… ცეკვას დაანება თავი?“

თავი გავიქნიე. „არა.“

რობერტამ თავი დამიქნია.

„და დედაშენი? გამოჯანმრთელდა?“

პატარა და სევდიანი ღიმილით გამიღიმა. „არა. მისმინე, დამირეკე, კარგი?“

„კარგი.“ ვუთხარი და ვიცოდი, რომ არ დავურეკავდი.

მეგის ისტორიით რობერტამ ჩემი წარსული თავდაყირა დააყენა. მე არასოდეს დამავიწყდებოდა ასეთი შემზარავი ამბავი. თუ დამავიწყდებოდა?

იმ შემოდგომას ჩვენ ქალაქში დაპირისპირება მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამ მოვლენას გაზეთები ასე მოიხსენიებდნენ. დაპირისპირება. რასობრივი დაპირისპირება. ამ სიტყვამ ჩემში ერთი ფრინველის ასოციაცია გამოიწვია, დიდი, მჩხავანა ჩიტის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მილიარდი წლის წინ რომ ცხოვრობდა, ფრთებს ატყლაშუნებდა და ჩხაოდა, თვალის ქუთუთოები არ ჰქონდა და მუდმივად დაჭყეტილი თვალებით სულ მიზანში ჰყავდი ამოღებული, მთელი დღე წიოდა და ღამით შენი სახლის სახურავზე ეძინა. ეს ხმა ყოველ დილით ადრე ლოგინიდან წამომაგდებდა ხოლმე და დილის საინფორმაციო გამოშვებიდან თერთმეტი საათის გამოშვებამდე აუტანელ მოლოდინში მიწევდა ყოფნა. დღიდან დღემდე მოვლენებს ვერ მივდევდი და ვერც შექმნილ გარემოებას ვუღებდი ალღოს.

ვიცი, ამ მოვლენებზე ძლიერი საპასუხო ემოცია უნდა გამჩენოდა, მაგრამ არ ვიცი, ეს რა ემოცია უნდა ყოფილიყო და ამის გარკვევაში ვერც ჯეიმსი მეხმარებოდა. ზაფხულში აღმოჩნდა, რომ ჯოზეფი იმ ბავშვების სიაში მოხვდა, რომლებიც  ჩვენი უბნიდან  მოშორებით ახალ სკოლაში გადაჰყავდათ. თავიდან, ჩავთვალე, რომ ეს კარგი ამბავი იყო. იმის თქმა მინდა, რომ თავიდან არ ვიცოდი რაში იყო საქმე. აქ ყველა სკოლა ერთი ნაგავია, და თუ რომელიმე სხვებზე უკეთესად გამოიყურებდა, ეს მას ღირსებას დიდად არ მატებდა, მაგრამ გაზეთები აჭრელებული იყო ამ სკოლის ფოტოებით და ბავშვებსაც ძალიან უნდოდათ იქ მოხვედრა. აგვისტო იყო, სკოლებში არდადეგები ჯერ არ დასრულებულიყო, მეგონა, ჯოზეფს ახალ სკოლაში გადასვლის შეეშინდებოდა, მაგრამ მას შიშის არაფერი ეტყობოდა და ამიტომ ეს ამბავი იქამდე გადამავიწყდა, ვიდრე მანქანით ჰადსონის ქუჩაზე არ მოვხვდი და ქალები არ დავინახე, რომლებიც იმ სკოლის წინ მარშირებდნენ. და როგორ ფიქრობთ, ვინ იდგა მათ შორის, ისეთი დიდი, როგორც თავად ცხოვრებაა? ხელში დედამისის ჯვარზე გაცილებით მოზრდილი პლაკატიც ეჭირა.

„დედებსაც აქვთ უფლებები!“ ყვიროდა პლაკატი.

თავიდან გაჩერებას არ ვაპირებდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. სვლა შევანელე, მოვუხვიე და დავასიგნალე. რობერტამ გამოიხედა და როდესაც მიცნო, ხელი დამიქნია. მე საპასუხოდ ხელი არ დამიქნევია. მან თავისი პლაკატი ვიღაცას გადასცა და ჩემსკენ წამოვიდა.

„გამარჯობა.“

„რას აკეთებთ?“

„სკოლის პიკეტირებას ვაპირებთ. შენ რა იფიქრე?“

„რაზე?“

„როგორ თუ რაზე? მათ უნდათ, რომ ჩემი ბავშვები თავისი უბნიდან გააძევონ. მათ კი არსად გადასვლა არ უნდათ.“

„და სხვა სკოლაში გადასვლაში რა არის ცუდი? ჩემი შვილიც იმ სიაშია, მაგრამ არ აპროტესტებს. შენ რატომ ხარ წინააღმდეგი?“

„საქმე ჩვენში კი არ არის, ჩემსა და შენში, ეს ბავშვებს ეხება.“

„ანუ?“

„როგორ გითხრა… ეს თავისუფალი ქვეყანაა.“

„ჯერ არა, მაგრამ აუცილებლად იქნება.“

„რა ჯანდაბას ამბობ? არაფერს გიშავებ.“

„მართლა ასე ფიქრობ?“

„ასეა.“

„არ ვიცი, რატომ ვიფიქრე, რომ ყველასგან განსხვავდებოდი.“

„მე არ ვიცი, რატომ ვიფიქრე, რომ ყველასგან განსხვავდებოდი.“

„ამათ შეხედე.“ ვუთხარი მე. „უბრალოდ შეხედე, როგორ ფიქრობ, ვინ არიან? ყველგან ირევიან, თითქოს ყველაფრის ბატონ-პატრონები იყვნენ. ახლა კი ჰქონიათ, რომ მათი გადასაწყვეტია, რომელ სკოლაში იაროს ჩემმა შვილმა. დააკვირდი, რობერტა. ნამდვილი დიდი ბოცოები არიან.“

რობერტა მიბრუნდა და ქალები შეათვალიერა. თითქმის ყველა უძრავად იდგა და მას ელოდა, ზოგიერთი ჩვენსკენაც მოიწევდა. რობერტამ შემომხედა, თვალებში, გუგების უკან თითქოს საყინულე ედგა.

„არა, დიდი ბოცოები არა, უბრალოდ დედები არიან.“

„მე ვიღა ვარ? შვეიცარული ყველი?“

„თმას გიხვევდი ხოლმე.“

„ვერ ვიტანდი, როცა თმაზე მეხებოდი.“

 

1 2 3 4 5 6 7 8 9