სიმართლე რომ ვთქვა, რობერტა სულ დამავიწყდა. მე და მერი საკურთხეველში შესასვლელად რიგში დავდექით.  მე ძალიან ვამაყობდი, იმით, რომ იმ საძაგელ შარვალშიც კი, რომელშიც უკანა ნაწილი განსაკუთრებით ეკვეთებოდა, მერი ასეთი ლამაზი იყო. ლამაზი დედა დედამიწაზე სჯობია მკვდარ დედას ცაში, თუნდაც მიწიერი დედა სახლში მარტო გტოვებდეს და თვითონ საცეკვაოდ მიდიოდეს.

მხარზე შეხება ვიგრძენი, მოვტრიალდი და გაბადრული რობერტა დავინახე. მეც გავუღიმე, მაგრამ ძალიან არა, არ მინდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მერის ვიზიტი ყველაზე დიდებული რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.

„დედა, აი, გაიცანი, თვაილა. ერთ ოთახში ვცხოვრობთ,  ეს კი თვაილას დედაა.“ თქვა რობერტამ.

ავიხედე. ჩემმა მზერამ მრავალი მილი გაიარა. რობერტას დედა ვეებერთელა ქალი იყო, ნებისმიერ კაცზე დიდი იქნებოდა, იღლიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლია ამოედო, მკერდზე კი ყველაზე დიდი ჯვარი ეკიდა, რაც ცხოვრებაში მინახავს, შემიძლია დავიფიცო, ექვსი ინჩი მაინც იქნებოდა.

მერიმ, როგორც საერთოდ იცის ხოლმე, გულღიად გაუღიმა და შეეცადა, ბეწვის მოსასხამის ჯიბიდან ხელი ამოეღო და რობერტას დედისთვის ჩამოერთმია. რობერტას დედამ ჯერ მე დამხედა, მერე მერის, ბიბლიისგან თავისუფალი ხელი რობერტას წაავლო და რიგის ბოლოსკენ წააპორწიალა. მერი ისევ იღიმებოდა, რადგან, საერთოდ, ის სიტუაციას ალღოს სწრაფად ვერ უღებდა. მერე თავში ნათურა გაეთიშა და ძალიან ხმამაღლა თქვა: „ეგ ბოზი!“ ამ დროს ჩვენ თითქმის უკვე სამლოცველოში ვიყავით. ორღანი კვნესოდა და სენტ. ბონის ანგელოზები ტკბილად მღეროდნენ. ამქვეყნად ყველა ჩვენსკენ მობრუნდა. მერი კიდევ დიდ ხანს გააგრძელებდა რაღაც სიტყვების წამოძახებას, ხელი ხელზე მთელი ძალით რომ არ მომეჭირა. ამან ოდნავ უშველა, თუმცა, მთელი წირვის განმავლობაში ფეხებს ხან ერთ მხარეს გადააჯვარედინებდა, ხან მეორეზე, ხანაც შლიდა ხოლმე. ერთი-ორჯერ ამოიგმინა კიდეც. რატომ მეგონა, რომ ნორმალურად მოიქცეოდა? და ის შარვალი! არც ქუდი ეხურა იმ ბებიების მსგავსად და სულ გმინავდა. როდესაც საგალობლების სამღერად წამოვდექით, პირი მაგრად ჰქონდა მოკუმული, საერთოდ არ გაუღია. ბიბლიაში არც კი ჩაუხედავს, ჩანთაში სარკე მოჩხრიკა და შეამოწმა, პომადა როგორ ესვა. ნამდვილად მოსაკლავი იყო! ქადაგება მთელი წელი გაიწელა და ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ნამდვილი ობლები ცხვირს უფრო მეტად აწევდნენ.

წირვის მერე ლანჩი უნდა გვქონოდა მასწავლებლების სასადილოში, მაგრამ მერის ჩემთვის არაფერი მოუტანია, ასე რომ, ცელოფნის ბალახსა და ქაღალდის ჩანთას მიჭყლეტილი ჟელეს კანფეტები ავაცალეთ და ვჭამეთ. ამისთვის, შემეძლო მართლა მომეკლა. რობერტასკენ თვალი გავაპარე. დედამისს ქათმის ბარკლები, ლორის სენდვიჩები, ფორთოხალი და მთელი ყუთი შოკოლადის კრეკერები ჰქონდა მოტანილი. რობერტა თერმოსიდან რძეს სვამდა, დედამისი კი ბიბლიას უკითხავდა.

რა უსამართლობაა! ცუდი საჭმელი ყოველთვის შეცდომით ირჩევს ადამიანებს. იქნებ, ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით, მიმტანობა დავიწყე, ხალხისთვის შესაფერისი საჭმელი რომ შემერჩია. რობერტა ქათმის ბარკლებს თითს არ აკარებდა. როცა დედამისი სახლში წავიდა, მას ლანჩიდან მორჩენილი კრეკერები ჩემთვის არ მოუტანია. მგონი, ძალიან შეწუხდა იმის გამო, რომ დედამისმა უარი განაცხადა, დედაჩემისთვის ხელი ჩამოერთმია. ეს ძალიან მესიამოვნა და ისიც მომეწონა, რომ მას კრინტი არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ დედაჩემს არც ჩემს ლანჩზე უზრუნვია და სამლოცველოშიც გმინავდა.

რობერტა თავშესაფრიდან მაისში წაიყვანეს, როცა ვაშლის ხეებს მძიმე თეთრი ყვავილები გაეფურჩქნა. ბოლო დღეს  ბაღში წავედით და ვუყურებდით, დიდი გოგოები რადიოს ხმაზე როგორ ცეკვავდნენ და ეწეოდნენ. მერე რა, რომ იქიდან დამცინოდნენ „თვააააააილა, საყვარელო!“ ჩვენ მიწაზე ვისხედით და ღრმად ვსუნთქავდით. Lady Esther, ვაშლის კვირტები. დღესაც გული მითბება, როდესაც ამ სურნელს ვგრძნობ. რობერტა სახლში მიდიოდა. იქ ვეებერთელა ჯვარი და ვეებერთელა ბიბლია დახვდებოდა და მას თითქოს უხაროდა და არც უხაროდა. მეგონა, იმ ოთხსაწოლიან ოთახში მის გარეშე მოვკვდებოდი, თანაც ვიცოდი, დიდ ბოცოს უკვე გადაწყვეტილიჰქონდა, ჩემთან ვიღაც გამოშტერებული ბავშვები შემოესახლებინა. რობერტა დამპირდა, ყოველდღე მოგწერო, რაც დიდი გულისხმიერება იყო მისი მხრიდან, მაგრამ კითხვა საერთოდ არ იცოდა და აბა როგორ მიწერდა ვინმეს რამეს. მე კი მინდოდა მისთვის ჩემი დახატული სურათები გამეგზავნა, მაგრამ მას თავისი სახლის მისამართი არ დაუტოვებია.

რობერტა ნელ-ნელა გადამავიწყდა.  მისი სველი, არშიაშემოვლებული წინდები,  დიდი, სერიოზულად მომზირალი თვალები – აი, ეს იყო, რაც თვალწინ მიდგებოდა, როცა მასზე ვფიქრობდი.

რესტორან „ჰოვარდ ჯონსონში“ მოლარედ ვმუშაობდი. არ იყო ცუდი სამსახური, შეიძლება, ნიუბურგიდან შორს იყო, მაგრამ როცა იქამდე მივაღწევდი, აღარ ვწუწუნებდი. ჩემი ცვლა ყოველ მეორე ღამეს თერთმეტიდან შვიდამდე გრძელდებოდა. სადღაც შვიდის ნახევრამდე, ვიდრე გრეიჰაუნდი საუზმეს არ შემიკვეთავდა, საქმე თითქმის არაფერი მქონდა. ამ დროისთვის რესტორნის უკან მთას უკვე მზე ანათებდა. რესტორანი ღამით უკეთესად გამოიყურებოდა. თავშესაფარს კი მაგონებდა, მაგრამ მიყვარდა, როცა მზე ამოსვლას იწყებდა. მერე რა, რომ მის შუქზე ვინილის ფირფიტას ყველა ნაკაწრი ეტყობოდა და დამლაგებელ ბიჭს როგორც არ უნდა დაესაუფთავებინა, იატაკი მაინც საშინლად ბინძური მოჩანდა.

აგვისტო იდგა, ადრიანი დილა. ყავის ჩაიდნებს ვავსებდი და ასადუღებლად ვდგამდი, როდესაც ის დავინახე – ორ წვერმოშვებულ და გაბურძგნულ ბიჭთან ერთად იჯდა და ეწეოდა. იმხელა და ისეთი გაწეწილი თმა ედო თავზე, რომ სახე ძლივს გავარჩიე. მაგრამ თვალები! ყველგან ვიცნობდი! შორტები და ცისფერი ზედა ეცვა და სამაჯურის ზომის საყურე ეკეთა. პომადასა და თვალის ფანქარზე არაფერს ვიტყვი, მის ფონზე დიდი გოგოები მონაზვნები მოგეჩვენებოდნენ. შვიდ საათამდე ბარს ვერ მოვშორდებოდი, მაგრამ თვალი სულ მათზე მეჭირა, რომ მანამდე არ წასულიყვნენ. ჩემი შემცვლელი თავის დროზე მოვიდა. სასწრაფოდ დავითვალე ქვითრები, დავიანგარიშე და გადავაბარე. მერე მისკენ ღიმილით წავედი, მაინტერესებდა, ვახსოვდი თუ არა. ან საერთოდ, სურდა თუ არა, ვხსომებოდი. იქნებ არც უნდოდა სენტ. ბონის გახსენება, ან არ უნდოდა, რომ ვინმეს სცოდნოდა, რომ ოდესღაც იქ მიაბარეს. კარგად მესმის. მე ამის შესახებ არავისთვის არაფერი მითქვამს.

ხელები წინსაფრის ჯიბეში ჩავიყავი და მათ მაგიდასთან კედელს მივეყუდე.

„რობერტა? რობერტა ფისკ?“

ამომხედა.

„კი.“

„თვაილა.“

წამით თვალები დაუწვრილდა და თქვა: „ოჰო!“

„გახსოვარ?“

„რა თქმა უნდა!“

„ბევრი დრო გავიდა“. ვთქვი მე და ორ გაჩეჩილ ბიჭს გავუღიმე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9