„ჰო. მაგარია. აქ მუშაობ?“

„ჰო. და ნიუბურგში ვცხოვრობ.“

„ნიუბურგში? არ ხუმრობ?“ და გაიცინა.

გაიცინა ისეთი სიცილით, რომელიც მხოლოდ იმ ბიჭებს, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიჭებს ეხებოდა, და ის ბიჭებიც აყვნენ. რა უნდა მექნა, მეც სიცილი დავიწყე და უცებ თავში დამკრა:

„რატომ ვდგავარ აქ?“

კედელს ვიყავი აკრული და მუხლები ფორმიდან გამოჩხერილი მქონდა, წარმომიდგენია, რა სანახავი იყო ჩემი ობობას ქსელივით დახლართული თმა და მასზე ჩამომხობილი ცისფერ-თეთრი სამკუთხა ქუდი, თეთრი ოქსფორდები კოჭებს მისქელებდა, ან ის წინდები რამ ჩამაცვა! არ ვიცი, ჩემს წინდებზე საშინელი რამ თუ უნახავთ.

ჩემს სიცილს მდუმარება მოჰყვა. მისი ჯერი იყო, დუმილი შეევსო. შეეძლო ჩემი თავი თავისი მეგობრებისთვის წარედგინა, ან დაჯდომა შემოეთავაზებინა, ან კოკა კოლაზე დავეპატიჟებინე. ამის ნაცვლად, ახალ სიგარეტს გადაუკიდა იმ სიგარეტიდან, რომელსაც ეწეოდა და თქვა: „სანაპიროზე მივდივართ, ამას ჰენდრიგსთან შეხვედრა აქვს დანიშნული.“ და თავით დაუდევრად მის გვერდით მჯდომ ბიჭზე მიმანიშნა.

„ჰენდრიქსი მაგარი ქალია.“ ვთქვი მე. „ახლა რას აკეთებს?“

რობერტას სიგარეტის ბოლი გადასცდა და ხველა აუტყდა, იმ ორმა ბიჭმა თვალები ჭერს აღაპრო.

„ჰენდრიქსი. ჯიმი ჰენდრიქსი, ნაგავო. უდიდესი ტიპია! კარგი, დაივიწყე!“

მაინც ვიფიქრე, რომ რაღაც უნდა მეთქვა. „დედა როგორაა?“ ვკითხე. ზედ შეყინულმა სიცილმა სახე გაუბზარა, მაგრამ არ შეიმჩნია.

„და დედაშენი როგორაა?“

„დახატულივით ლამაზია.“ ვთქვი და გავტრიალდი. მივდიოდი და ვგრძნობდი, მუხლების უკანა ნაწილი როგორ გამიოფლიანდა.

ჯეიმსი სახლის ჩუსტებივით კომფორტულია. მას ჩემი გაკეთებული სადილები უყვარს, მე კი მისი დიდი ხმაურიანი ოჯახი. ისინი მთელი ცხოვრება ნიუბურგში ცხოვრობენ და იმ ადამიანებივით საუბრობენ, რომლებმაც დაბადებიდან იციან, სად არის მათი ბინა. როდესაც ჯეიმსის მამა და ღრმად მოხუცებული ბებია ქალაქის შესახებ ლაპარაკობენ, ქუჩების, გამზირებისა და შენობების ისეთ სახელებს ახსენებენ, რომლებიც აღარ არსებობს. ახალ კოლეჯს ქალაქის საბჭოდ მოიხსენიებენ, რადგან იქ ერთ დროს მართლაც იყო ქალაქის საბჭო. ჩემი დედამთილი ჟელეს და კიტრს ერთად ამზადებს და რძის პროდუქტების მაღაზიიდან  ქსოვილში გახვეული კარაქი მოაქვს. ჯეიმსი და მამამისი ბეისბოლისა და თევზაობის შესახებ ლაპარაკობენ და ხშირად დადიან ჰადსონზე. ნიუბურგის ნახევარი ახლა უზრუნველად ცხოვრობს, მაგრამ ჩემი ქმრის ოჯახისთვის ნამდვილი სამოთხე დიდი ხნის წინათ იდგა, ყინულის სახლების, ბოსტნეულის ვაგონებისა და ქვანახშირის ქურების დროს, როდესაც ბაღებს სარეველებისგან ბავშვები წმენდნენ. როცა ჩვენი პატარა ბიჭი დაიბადა, ჩემმა დედამთილმა თავისი ნაქონი ხელით შეკერილი საბანი მაჩუქა.

თუმცა, ქალაქი, რომელიც მათ ახსოვთ, შეიცვალა. ქალაქის ჰაერში სისწრაფე იგრძნობოდა. ბრწყინვალე ძველი სახლები, რომლებიც თავის დროზე განადგურდა და არალეგალების თავშესაფრად იქცა, შეისყიდეს და აღადგინეს. ახალ ტექნოლოგიებში ჩართული ადამიანები გარეუბნებიდან ცენტრში გადმოვიდნენ, დარაბები გახსნეს და უკანა ეზოებში ბოსტანი გააშენეს. ერთ დღეს, ფოსტით მოსულმა ბროშურამ გვაუწყა, რომ ჩვენთან უზარმაზარი სუპერმარკეტი Food Emporium იხსნებოდა. როგორც იქ ეწერა, საუცხოო დელიკატესებს გაყიდდნენ, რომელთა ყიდვასაც მდიდარი ხალხი მოინდომებდა. ის ქალაქის განაპირას ახალ სავაჭრო ცენტრში მდებარეობდა და მეც ერთ დღეს ავდექი და უბრალოდ დასათვალიერებლად წავედი. ივნისის ბოლო იდგა, ტიტებმა უკვე დაიყვავილეს, ხოლო დედოფალ ელიზავეტას ვარდი კი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყვაოდა. მაღაზიის ურიკას დახლებს შორის მივაგორებდი და შიგნით შებოლილ ხამანწკებსა და ფირმა „რობერტის“ სოუსებს და კიდევ ისეთ რამეებს ვყრიდი, რაც, წინასწარ ვიცოდი, სამზარეულოს თაროებზე წლების განმავლობაში ტყუილად მედებოდა. მხოლოდ მაშინ შემიმსუბუქდა დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ჯეიმსის მეხანძრის ხელფასს ასე უაზროდ ვხარჯავდი, როდესაც კლონდაიკის ნაყინს მივადექი,  ჩემი მამამთილი იმ ნაყინს ისეთივე სიხარულით მიირთმევდა, როგორითაც პატარა ჯოზეფი.

სალაროს რიგში ვიდექი, როდესაც მომესმა: „თვაილა!“

მაღაზიაში კლასიკური მუსიკა უკრავდა და თავბრუ მეხვეოდა. ქალს, რომელიც ჩემსკენ გადმოიხარა, მომაკვდინებლად ეცვა – ბრილიანტები ხელზე, უმშვენიერესი  ზაფხულის კაბა ტანზე.

„მე მისის ბენსონი ვარ.“ ვუთხარი.

„ჰო. ჰო. დიდი ბოცო.“ წაიმღერა მან.

ნახევარი წამი დამჭირდა, მივმხვდარიყავი, რაზე ლაპარაკობდა. ხელში სატაცურის კონა და ლამაზი წყლის ბოთლი ეჭირა.

„რობერტა!“

„მართალია.“

„ღმერთო! რობერტა.“

„მაგრა გამოიყურები.“ მითხრა მან.

„შენც. სად ხარ? აქ? ნიუბურგში?“

„კი, ანანდეილში.“

პირი გავაღე, რომ მისთვის რაღაც მეთქვა, როცა მოლარემ მიხმო.

„გარეთ გნახავ.“ რობერტამ თითით კარზე მიმანიშნა და ექსპრეს რიგს გაჰყვა.

მოლარესთან ჩემი ბოსტნეული დავაწყვე და თან ვცდილობდი, რობერტასთვის თვალი არ მედევნებინა. „ჰოვარდ ჯონსონის“ ამბავი კარგად მახსოვდა და მინდოდა, მის სიტყვებზე პასუხად მხოლოდ შხამიანი „ოჰო!“ მეძახა. მაგრამ ის გარეთ მელოდებოდა, სქელი გაბუებული თმა ახლა თხლად დაევარცხნა და კოხტა მრგვალი თავი ეკვეთებოდა, ფეხსაცმელიც და კაბაც და მოხდენილი და მდიდრული ეცვა. ვკვდებოდი, ისე მაინტერესებდა, რა მოხდა მის თავს, ჯიმი ჰენდრიქსიდან ანადეილში, მდიდარი ექიმებისა და ტექნიკოსების უბანში როგორ აღმოჩნდა. „ალბათ, სულ ადვილად,“ გავიფიქრე. „მათთვის ყველაფერი ადვილია. თავი მთელი მსოფლიოს ბატონ-პატრონებად მიაჩნიათ.“

 

1 2 3 4 5 6 7 8 9