საშობაოდ, გადავწყვიტეთ, სახლში ნაძვის ხე არ დაგვედგა, რადგან შობას ჩემს დედამთილთან ვიზეიმებდით და ორივე სახლში ნაძვის ხე რა საჭირო იყო? ჯოზეფი არტ კოლეჯში SUNY New Paltz სწავლობდა და ფულის დაზოგვა გვმართებდა. თუმცა, ისე მოხდა, რომ სულ ბოლო წამს აზრი შევიცვალე. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო წამს აზრის შეცვლა. ნაძვის ხის მოსაძებნად მაღაზიებში გავვარდი, რაღაც პატარა და გაშლილი მინდოდა. როდესაც ასეთი ხე ვიპოვე, უკვე ბნელოდა და თოვდა. ისე ვარჩევდი, თითქოს მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი შენაძენს ვაკეთებდი და გამყიდველს თავი საკმაოდ მოვაბეზრე. საბოლოოდ, როგორც იქნა, ნაძვის ხე შევარჩიე და მანქანაზეც დავამაგრე. მანქანით ძალიან ფრთხილად მივდიოდი, რადგან გზებზე ქვიშის დაყრა ჯერ არ დაეწყოთ და ახლადდადებულ თოვლზე სიარული კი ნამდვილი თვითმკვლელობაა. ჩვენი ქალაქის ცენტრში ქუჩები ფართოა და ხალხიც კანტიკუნტად ჩანდა, თუ არ ჩავთვლით „ნიუბერგის სასტუმროდან“ გამომავალ ადამიანებს – სმოკინგში გამოწყობილ დაფიფქულ კაცებსა და ქურქმოსხმულ ქალებს. მათ სამკაულები უბრჭყვინავდათ ქურქის ქვეშ, სასტუმროში ალბათ წვეულება იყო. ეს ერთადერთი სასტუმროა ქალაქში, რომელიც მუყაოსა და შუშისგან არ აუშენებიათ. ხალხის ყურებამ დამღალა. დავიღალე, დავიღალე, დავიღალე. კუთხეში პატარა კაფე დავინახე ფანჯარაზე გაკრული უამრავი ქაღალდის ზარით. მანქანა გავაჩერე და შევედი. მხოლოდ ფინჯანი ყავა და ოციოდე მშვიდი წუთი მინდოდა, ვიდრე სახლში დავბრუნდებოდი და საშობაო სამზადისს დავასრულებდი.

„თვაილა?“

აი, ისიც! ვერცხლისფერ საღამოს კაბასა და ბეწვის მოსასხამში! ერთი კაცი და ქალი ახლდა. კაცი სიგარეტის ავტომატისთვის ჯიბეში ხურდას ეძებდა. ქალი დახლზე ფრჩხილებს აკაკუნებდა. ყველანი ცოტათი ნასვამი ჩანდნენ.

„შენ ხარ?“

„როგორ ხარ?“

მხრები ავიჩეჩე. „კარგად. გაწამაწიაში. შობა და რაღაცები.“

„ჩვეულებრივი გინდა?“ გამოსძახა ქალმა.

„ჰო.“ გასძახა რობერტამ პასუხად და მერე დაამატა. „და მანქანაში დამელოდეთ.“

ჩემს გვერდით სკამზე შემოსრიალდა.

„რაღაც უნდა გითხრა, თვაილა. გადავწყვიტე, თუ ოდესმე ისევ გნახავდი, აუცილებლად გეტყოდი.“

„მირჩევნია, გაჩუმდე, რობერტა. არაფრის გაგონება არ მინდა, მაინც აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა.“

„არა,“ მითხრა მან. „სულ სხვა რამეა.“

„დიდხანს ნუ გაწელავ.“ უთხრა ქალმა. მას ორი ყავა მიჰქონდა, კაცი კი სიგარეტს ხსნიდა, როდესაც კაფედან გავიდნენ.

„სენტ. ბონის და მეგის ეხება.“

„ნუ დაიწყე ისევ.“

„მომისმინე. მართლა მეგონა, რომ შავი იყო. არ გამომიგონია. მართლა ასე მახსოვდა. მაგრამ ახლა ეჭვი მეპარება. მახსოვს, რომ ხანში შესული იყო, მოხუცი. და რადგანაც ვერ ლაპარაკობდა, ხომ იცი, მეგონა, რომ აფრენდა. ის ისეთ ადგილას გაიზარდა, როგორშიც დედაჩემი და მეც მეგონა, რომ იგივენაირ ადგილას გავიზრდებოდი. და მართალი ხარ, ჩვენ მისთვის არ დაგვიტყამს. ის გოგოები ურტყამდნენ. მხოლოდ ისინი. მაგრამ მეც სიამოვნებით დავარტყამდი. ძალიან მინდოდა! მე გითხარი, რომ ჩვენც ვურტყით წიხლები, მე და შენ, მაგრამ მოგატყუე. და არ მინდა, ამაზე დარდობდე. ისე მინდოდა მისი ცემა, რომ ხანდახან მეგონა, რომ მართლა დავარტყი. ზოგჯერ ძლიერი სურვილი ნიშნავს, რომ ასეთი რამ მართლაც ჩაიდინე.

სასმელისგან თვალები აუწყლიანდა. სასმელის ბრალი იყო, დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემთვის ერთი ჭიქა ღვინოც საკმარისია, რომ სულ პატარა რაღაცაზე ცრემლები წამომივიდეს.

„მაშინ ბავშვები ვიყავით, რობერტა.“

„კი, კი, ვიცი. პატარა ბავშვები.“

„რვის.“

„რვის.“

„და მარტოები.“

„გვეშინოდა.“

ლოყები ხელით მოიწმინდა და გაიღიმა. „აი, ეს უნდა მეთქვა.“

მე თავი დავუქნიე და თავში არაფერი მომდიოდა, როგორ შეიძლებოდა, ამომევსო დუმილი, რომელიც კაფედან, ზარებაკრული ფანჯრის გავლით გარეთ, თოვლში გადიოდა, არადა, უკვე მძიმე ასატანი გახდა. ვფიქრობდი, ქვიშის მანქანებს დავლოდებოდი და სახლში მერე წავსულიყავი.

„დიდი მადლობა, რობერტა.“

„არაფერს.“

„გითხარი დედაჩემზე? ცეკვა არასოდეს შეუწყვეტია.“

„ჰო. მითხარი… და დედაჩემიც… ისიც  სულ ავად იყო.“ რობერტამ ხელი მაგიდიდან აიღო და სახეზე აიფარა. როდესაც ხელები ჩამოიღო, ის მართლა ტიროდა. „ოჰ, თვაილა. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. მაინც, რა ჯანდაბა მოუვიდა მეგის?“

 

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9