„და ვინმემ მოკვლა რომ დაუპიროს? იქნებ ტირილი მოუნდეს? საერთოდ, ტირილი შეუძლია?“ ვეკითხებოდი რობერტას.

„რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მხოლოდ ცრემლები წამოუვა. ხმას ვერ ამოიღებს.“

„ვერც იკივლებს?“

„ვერა.“

„ალბათ ყრუ არ არის, არა?“

„მგონი არა.“

„მოდი, დავუძახოთ“.

და დავუძახეთ.

„მუნჯო, მუნჯო!“

თავი არ მოუტრიალებია.

„მრუდეფეხებიანო! მრუდეფეხებიანო!“

ისევ არაფერი. მხოლოდ ქუდის ყურები ქანაობდა აქეთ-იქით. მგონი, ესმოდა, მაგრამ არ არ რეაგირებდა. ახლაც კი სირცხვილით ვიწვი იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა ვინმეს ესმოდა, რას ვეძახოდით და შენიშვნაც კი არ მოგვცა.

მე და რობერტა ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყეთ. საწოლს ყოველ ღამე ვიცვლიდით, F’ – გვყავდა სამოქალაქო განათლებაში, კომუნიკაციის უნარებსა და ფიზ.აღზრდაში. ბოცოს იმედები ვერ გავამართლეთ, როგორც თავად გვითხრა. თავშესაფარში 130 ბავშვიდან 90 თორმეტ წლამდე ბავშვი იყო და თითქმის ყველას ცაში ჰყავდა უმშვენიერესი  მშობლები.  მე და რობერტა ყველასგან გარიყულები ვიყავით, მხოლოდ ჩვენ გვყავდა F’ სამ საგანში, მათ შორის ფიზ. აღზრდაშიც. თუმცა, თავი როგორღაც მაინც გაგვქონდა – რობერტა თავის დატოვებულ საჭმელს მაძლევდა, მე კი, სამაგიეროდ, სულელური შეკითხვებით არ ვაწუხებდი.

მგონი, ორი დღით ადრე, ვიდრე მეგი დავარდებოდა, გვითხრეს, რომ ჩვენი დედები კვირას ჩვენს სანახავად მოდიოდნენ. უკვე ოცდარვა დღე იყო გასული, რაც თავშესაფარში მიგვიყვანეს (რობერტასთვის ოცდარვა და ნახევარი). ჩვენი დედები დილის ათ საათზე უნდა მოსულიყვნენ ჯერ წირვაზე, მერე კი მასწავლებლების სასადილოში ერთად გვექნებოდა ლანჩი. ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩემი მოცეკვავე დედა რობერტას ავადმყოფ დედას გაიცნობდა, და რობერტა კი ფიქრობდა, რომ დედამისი ჩემი მოცეკვავე დედით აღფრთოვანდებოდა. ორივე ძალიან ვღელავდით და ერთმანეთს თმას ვუხვევდით. კვირა დილით ფანჯარასთან საწოლზე დავსხედით და გზას მივაჩერდით. რობერტამ  წინდები წინა ღამით გარეცხა და გასაშრობად რადიატორზე მიფინა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გააშრო. მიუხედავად ამისა, მაინც ჩაიცვა, რადგან წინდებს ზედა ნაწილზე კაშკაშა ვარდისფერი არშია დაჰყვებოდა და დღესასწაულს უხდებოდა. ორივეს გვქონდა იისფერი ქაღალდის კალათი, რომელიც ხელგარჯილობის გაკვეთილზე დავამზადეთ. ჩემსას ყვითელი ბაჭია ეხატა, რობერტასას – სხვადასხვაფრად დაზოლილი კვერცხები. ჩანთაში ცელოფანის ბალახი და ჟელეს პატარა კანფეტები მეყარა, რადგან ზეფირის კვერცხები მაშინვე შევჭამე, როგორც კი დაგვირიგეს. თავად დიდმა ბოცომ დაგვირიგა. ღიმილით გვითხრა, რომ ლამაზად გამოვიყურებოდით და დრო იყო, ქვემოთ ჩავსულიყავით. მისი ღიმილი მანამდე არ გვენახა და ისე დავიბენით, რომ ადგილიდან მანამდე ვერ დავიძარით, ვიდრე არ გვკითხა:

„არ გინდათ დედები ნახოთ?“

მე პირველმა გადავდგი ნაბიჯი და ჟელეს კანფეტები იატაკზე დამეყარა. ვიდრე მე კანფეტებს ვაგროვებდი და უკან ჩანთაში ვყრიდი, ბოცოს სახიდან ღიმილი გაუქრა.

მან პირველ სართულზე ჩაგვიყვანა, სადაც ერთრიგად დაწყობილი ბავშვები სამლოცველოში შესასვლელად ემზადებოდნენ. მოზრდილების ჯგუფი სხვა მხარეს იდგა: ბებრები, რომლებსაც მოახლეები სჭირდებოდათ და ახალგაზრდა წაკლები, რომლებიც გასაშვილებელ ბავშვებს შორიდან ათვალიერებდნენ. ათასში ერთხელ გამოერეოდა რომელიმე ბავშვის ბებია. ახალგაზრდები ბავშვებს არ აკითხავდნენ, რადგან იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის ბინადარს ახალგაზრდა ნათესავი გამოუჩნდებოდა, ობლად აღარ ჩაითვლებოდა. თითქმის ვერ ნახავდი ისეთ სახეს, რომელიც ღამით გაგახსენდებოდა და გული არ გაგისკდებოდა. მერი მაშინვე შევამჩნიე. მე რომ ვერ ვიტანდი, ის მწვანე შარვალი ეცვა, და რომელიც იმ წამს უფრო მეტად შემძულდა. არ იცოდა, რომ წირვაზე მოდიოდა? ან როგორ იდგა? ბეწვის მოსასხამის ჯიბეში ხელებჩაწყობილი! მაგრამ სახეზე ისეთი ლამაზი იყო, როგორც ყოველთვის. დამინახა თუ არა, გამიღიმა და ხელი დამიქნია, თითქოს თვითონ იყო პატარა გოგო, და მე კი არა, დედას ეძებდა.

ნელა მივდიოდი, ვცდილობდი, ჩანთა არ გამხეოდა და ჟელეს კანფეტები ისევ არ გადმომყროდა. ჩანთაზე სახელური ფიჭვის კევით მქონდა დაწებებული, რადგან, ვიდრე მე ქაღალდის დაჭრა დავასრულე, წებო გათავდა. მე ცაცია ვარ და მაკრატლის ხელში დაჭერა ხეირიანად არ შემეძლო. მაგრამ დიდად არც ვნაღვლობდი, თუ სახელური მოძვრებოდა, იმ ფიჭვის კევს დავღეჭავდი.

მივუახლოვდი თუ არა, მერი მუხლებზე დაეცა, ჩამეხუტა და ჩემი კალათი, ჟელეს კანფეტები და ბალახი ზედ მიმაჭყლიტა.

„თვაილა, საყვარელო, თვაილა, საყვარელო!“

შემეძლო მომეკლა. უკვე მესმოდა, როგორ დამცინოდნენ დიდი გოგოები ვაშლის ბაღში „თვააააააააილა, საყვარელო!“ მაგრამ როგორ გავუბრაზდებოდი მერის, რომელიც მიღიმოდა, მეხუტებოდა და Lady Esther-ის ფირმის პუდრის სუნი ასდიოდა. მინდოდა, მთელი დღე მისი ბეწვის მოსასხამში ჩაფლულს გამეტარებინა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9