„ჰო, გადავრჩი და ახლა მისის კენეტ ნორტონი ვარ.“

„მაგრა ჟღერს.“

„ასეა.“

„მსახურები და ამბები?“

რობერტამ ორი თითი ასწია.

„ოჰო! რას საქმიანობს?“

„კომპიუტერები და ასეთი რამეები. აბა მე რა ვიცი?“

„ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსენდება, მაგრამ ღმერთო, სენტ. ბონი დღესავით ნათლად მახსოვს. და მეგი? რომ დავარდა და ის გოგოები დასცინოდნენ?“

რობერტამ თავისი სალათიდან ამომხედა და მომაშტერდა.

„არ დავარდნილა,“ მითხრა.

„დავარდა. გაიხსენე.“

„არა, თვაილა. იმათ დააგდეს და ტანსაცმელი შემოახიეს. ხეხილის ბაღში.“

„მე არ – არა, ასე არ იყო.“

„სწორად რომ ასე იყო. ბაღში. არ გახსოვს, როგორ დავიზაფრეთ?“

„მოიცადე. ეს არ მახსოვს.“

„და ბოცო გააგდეს.“

„გაგიჟდი? როდესაც მე წამოვედი, იქ იყო. შენ კი ჩემზე ადრე წამოხვედი.“

„მე უკან დავბრუნდი. იქ არ იყავი, როცა ბოცო გაათავისუფლეს.“

„რა? დაბრუნდი?“

„ორჯერ. ერთხელ ერთი წლით, მაშინ ათის ვიყავი. მეორედ, როცა თოთხმეტი წლის გავხდი. ორი თვის მერე გავიქეცი.“

„სენტ. ბონიდან გაიქეცი?“

„სხვა გზა არ მქონდა. რა უნდა მექნა? ბაღში მეცეკვა?“

„მეგის ამბავი ზუსტად გახსოვს?“

„ჰო, რა თქმა უნდა. შენ ეს მოგონება დაბლოკე, თვაილა. ასე მოხდა. ის გოგოები თავს ვერ აკონტროლებდნენ, კარგად იცი.“

„ჰო, მაგრამ როგორ შეიძლება, მეგის ამბავი არ მახსოვდეს?“

„დამიჯერე. ასე იყო. ჩვენ ვუყურებდით.“

„ვისთან ერთად იყავი ოთახში, როცა დაბრუნდი?“ ისე ვკითხე, თითქოს ვინმეს ვიცნობდი. მეგის ისტორია ტვინიდან არ გამომდიოდა.

„ვიღაც ბოზებთან. ღამე თავს იკმაყოფილებდნენ.“

ყურები ამეწვა და სასწრაფოდ სახლში წასვლა მომინდა. ასე სად არის, თმა დაივარცხნა, პირი დაიბნა და ახლა თავი ისე უჭირავს, თითქოს ყველაფერი რიგზეა. „ჰოვარდ ჯონსონის“ მერე, არც ბოდიში, არც არაფერი.

„იქ, ჰოვარდ ჯონსონში დაბოლილი იყავი?“ ვეცადე, იმაზე უფრო თბილად მელაპარაკა, ვიდრე თავს ვგრძნობდი.

„ალბათ ცოტათი. წამალს დიდად არასოდეს ვეტანებოდი. რატომ მეკითხები?“

„რა ვიცი, მომეჩვენა, რომ არ გესიამოვნა ჩემი დანახვა.“

„ოჰ, თვაილა, ხომ იცი, რა დრო იყო. შავი-თეთრი. შენც იცი, რა ხდებოდა ამ მხრივ.“

არა, არ ვიცოდი. მგონი, აჭარბებდა. თეთრები და შავები ჯგუფ-ჯგუფად შემოდიოდნენ „ჰოვარდ ჯონსონში“. მაშინ ერთად ირეოდნენ სტუდენტები, მუსიკოსები, საყვარლები, მეამბოხეები. ყველაფერს ნახავდით „ჰოვარდ ჯონსონში“ და შავებიც ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ თეთრების მიმართ. მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ვიჯექი, თეფშზე ქვასავით მაგარი პომიდვრის ორი ნაჭერი მედო და იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა კლონდაიკის ნაყინი რობერტას მანქანაში დნებოდა. სასწრაფოდ რობერტას მანქანასთან დავბრუნდით და მისი მძღოლი მომეხმარა, ჩანთები ჩემს მანქანაში გადამეწყო.

„ამჯერად, ვიკონტაქტოთ.“ მითხრა რობერტამ.

„აბა რა,“ ვუთხარი. „აუცილებლად. დამირეკე.“

„დაგირეკავ,“ მითხრა რობერტამ და მერე, როდესაც, როგორც იქნა, მანქანაში შევძვერი, ფანჯარაში შემოყო თავი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9