პრეზიდენტი

 

დილის ექვსი საათი იქნებოდა, როცა პრეზიდენტი საკუთარი ბინიდან, რომელიც ქალაქის ძველ უბანში მდებარეობდა, გამოვიდა და მთავრობის სახლისაკენ ფეხით გაეშურა. პირადი დაცვა ინფორმირებული კი იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პრეზიდენტმა ახლაც არავინ გაიყოლა. უყვარდა, ხალხში ჩვეულებრივ მოქალაქესავით გამოსვლა და უხაროდა, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც ეს შესაძლებელი გახლდათ; სიამოვნებდა, სხვათა მსგავსად სამსახურის გზას დილაადრიან რომ გაუყვებოდა და თუკი ვინმე მეგობრულად მიესალმებოდა, თავადაც თავაზიანად პასუხობდა.
მთავრობის სახლისაკენ მიმავალი გზა ძველ ქალაქს ჭრიდა და მოკლე იყო. გარშემო სულ გრძელ-გრძელი ქუჩები ერტყა, რომლებსაც მათი სიგრძის მიუხედავად შუკებს ეძახდნენ. ეს დიდი შუკები ერთმანეთს პატარ-პატარა გადამკვეთი შუკებით უკავშირდებოდნენ; ზოგი მათგანი ისეთი ვიწრო იყო, რომ კაცი კაცს გვერდს ვერ აუქცევდა. ასეთ შუკებს პრეზიდენტი დაცვის მითითებით ერიდებოდა და უფრო მოზრდილ შესახვევებს ირჩევდა ხოლმე, რომლებსაც აგრეთვე შუკები ერქვა.
ერთ-ერთი ჩასახვევისა და გრძელი ქუჩის კუთხეში ერთი კაფე იყო, რომელიც დილის ექვსი საათისათვის იღებოდა. კარგ ამინდში ტალავერის ქვეშ პატარა მაგიდასთან დაჯდომა შეიძლებოდა. კატერინა, კაფეს მენეჯერი, დილაობით სტუმრებს თავად ემსახურებოდა ხოლმე და როცა პრეზიდენტი დღევანდელივით მაგიდას მიუჯდებოდა, ყავა „ლატტე“ კრუასანთან ერთად უმალვე ჩნდებოდა მის წინ.
»Bonjour, monsieur le president«, წარმოთქვა კატერინამ. როგორც ყოველთვის თეთრ-წითელი კუბოკრული წინსაფარი ეკეთა და ორი ნაწნავი შუბლზემოთ შემოეხვია. პრეზიდენტმაც უპასუხა: »Bonjour, madame Catherine«, და როცა ხუთი წუთის შემდეგ კვლავ ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე ექვსფრანკიანი დადო და გზა გააგრძელა, კატერინამ კარსიქიდან მიაძახა: »Au revoir, banne journee!«, რაზეც ამან: »Merci, pareillement!« დაუბრუნა, – ასეთი იყო დილის რიტუალი და უკვე სამუშაო დღის დაწყებაც შეიძლებოდა.
დღეს იქ პრეზიდენტი ცოტა უფრო დიდხანს შეყოვნდა, რადგან ვიდრე ყავას ბოლომდე დაცლიდა, კნავილი მოესმა და დაინახა, რომ სკამზე, სადაც ჩანთა ედო, პატარა ფისო ამომხტარიყო. კატა ისე უცქეროდა, თითქოს რაღაცას მოელისო, ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტს ასე მოეჩვენა. პრეზიდენტმაც შეხედა, მერე წარბები ასწია და წარმოთქვა: „რაო, ჯერ არ გისაუზმია?“
ფისუნიამ ნაზად დაიკნავლა, პრეზიდენტმა თავის კრუასანს კარგა დიდი ლუკმა მოატეხა, ფინჯანში ჩარჩენილ რძის ქაფში ჩააწო და ფისოს მიაწოდა. იმანაც ერთი დასუნა და პირი ისეთი მოძრაობით მოავლო, რომელიც ერთდროულად სწრაფიც იყო და გრაციოზულიც, მერე კი ისევ მომლოდინედ გაიტრუნა. პრეზიდენტმა მეორე ლუკმაც მიაწოდა, მესამეც, მერე მკერდიც მოფხანა და როცა კაფეს პატრონის ცოლი გამოვიდა, იმას ჰკითხა, თქვენი კატა ხომ არ არისო. არაო, უპასუხა დიასახლისმა, გუშინაც მოვკარი თვალი, არ ვიცი, ვისია, იმედია, არ შეუწუხებიხართო.
„უკვე დავმეგობრდით“, უპასუხა პრეზიდენტმა ღიმილით, წამოდგა, სკამიდან ჩანთა აიღო და ნახვამდისო, წარმოთქვა.
მოგვიანებით, ქუჩაზე გადასვლისას შეჩერდა, რათა ჯერ მარცხნივ და მერე მარჯვნივ გაეხედა, ამ დროს მარჯვენა ფეხთან ის პატარა კატა შენიშნა. „აცხა!“, დაუცაცხანა და ჩანთა მოუქნია, „მოშორდი აქედან, წადი სახლში!“
მერე ქუჩა გადაჭრა, უკან კი გრაციოზულად და თავდაჯერებულად პატარა ფისუნია მიჰყვებოდა.
პრეზიდენტი ქუჩის მეორე მხარეს გაჩერდა, კატაც გვერდზე დაუდგა. პრეზიდენტი ცოტა ხნით დაფიქრდა, მერე შემოტრიალდა და უკან გამობრუნდა, კატაც გამოედევნა. უკან მიბრუნებული პრეზიდენტი შეჩერდა, დაიხარა, ფისოს ქეჩოში სწვდა და კაფეს შესასვლელისკენ მოისროლა. მერე გადასასვლელ ზებრაზე ისე სწრაფად გადაირბინა, სატვირთო მანქანას მკვეთრად რომ არ დაემუხრუჭებინა, ბორბლებში შეუვარდებოდა. გადაირბინა და ჩქარი ნაბიჯით მთავრობის სახლისკენ გაემართა.
შესასვლელში პრეზიდენტს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოწიწებით მიესალმა და ჭიშკარი გაუღო, რომელიც პარლამენტარებისათვის განკუთვნილი ტურნიკეტის გვერდით იყო, თან ჰკითხა: „ხომ ყველაფერი წესრიგშია, ჰერ პრეზიდენტ?“
„გმადლობთ, ჰერ შმიდ“, მიუგო პრეზიდენტმა და ტურნიკეტში გასვლისას დააფიქსირა, რომ შეკითხვა ეუცნაურა, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა. თან ამ უემოციო შმიდის მზერაში თითქოს ცოტაოდენი გაოცებაც შენიშნა.

 

1 2 3 4 5 6 7 8