მწეველთა კუთხე

 

ჩარლიმ კარგად ვერ შეაფასა ის პრობლემა, რომელიც სახელდახელოდ გაბოლების სურვილს ახლდა.

ის-ის იყო სასტუმროს ნომერში შევიდა და სიგარეტის მოკიდება დააპირა, აბრას მოჰკრა თვალი, რომელიც აფრთხილებდა, ეს არამწეველთა ოთახია და თუ მაინც მოწევ, ჯარიმის სახით 200 ევროს გადახდა მოგიწევს ოთახის  განიავებისა და დალაგების ანგარიშშიო.

ჩარლიმ სიგარეტის კოლოფი ჯიბეში ჩაიდო და სასტუმროს სულ ზედა სართულიდან, სადაც მისი ოთახი იყო, ლიფტით სართულ-სართულ დაბლა დაეშვა. თან ყოველ სართულზე რწმუნდებოდა, რომ ყველგან არამწეველთა აბრა ეკიდა.

პირველ სართულზე ბარს მიაგნო. იქაც ჭერიდან ჭაღივით ჩამოშვებული არამწეველთა აბრა შეეფეთა, რომელსაც მხარს მაგიდებსა და დახლებზე განლაგებული პატარ-პატარა მუყაოს სადგამები უმაგრებდა.  საბოლოოდ გადაეწურა იმედი, რომ ამ შენობაში სიგარეტის მოკიდებას შეძლებდა.  ტრიალა კარში შერგო თავი და ქუჩაში გავიდა.

სუსხიანი ქარი უბერავდა, ჩარლის მხოლოდ ქურთუკი ჰქონდა მოსხმული, რომლის ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, სიგარეტი ტუჩის კუთხეში მოიქცია და ის-ის იყო სანთებელა რამდენჯერმე ფუჭად დააწკაპუნა,  ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან სასტუმროს თანამშრომელი გამოვიდა და მეგობრულად, მაგრამ დაბეჯითებით განუმარტა, ეს არამწეველთა ქუჩააო. ალბათ ჩარლი ისეთი ნირწამხდარი და უკმაყოფილო ჩანდა, რომ იმ კაცმა მოპირდაპირე სახლის კედლისკენ გაახედა, სადაც დიდი სიგარები წითელი ჯვრებით იყო გადახაზული.

„კარგი, გასაგებია“, წარმოთქვა ჩარლიმ და სიცივისგან ხელებგაშეშებული ტრიალა კარით კვლავ სასტუმროში დაბრუნდა. მიმღებში ახალგაზრდა გოგონას ჰკითხა, სადმე აქ მოსაწევი კუთხე ხომ არ გექნებათო. „იქნებ მიწისქვეშაა, გარაჟში?“ ვითომ ხუმრობას იმედი გაურია.

„არა, იქ როგორ შეიძლება“, უპასუხა გოგონამ, მისკენ გადმოიხარა და წასჩურჩულა: „ეგ ხომ ფეთქებადსაშიშია“.

გოგონა შეტრიალდა, უჯრიდან ფურცელი ამოიღო, ჩარლს წინ დაუდო და უთხრა: „საერთოდ, რა თქმა უნდა, ჩვენთან მოწევა შესაძლებელია, თუკი ბოლომდე აცნობიერებთ იმ საფრთხეს, რომელიც ამ დროს გემუქრებათ. სავარაუდოდ ასეა, ხომ?“

ჩარლიმ ფურცელს თვალი გადაავლო და თავი უხმოდ დაუქნია. მწეველთა ფილტვების, წყლულების, ამპუტირებული კიდურების ეს ფოტოები სხვა დროსაც ენახა. თუმცა დღემდე უარი ვერაფერმა ათქმევინა განტვირთვის იმ დაუოკებელ სურვილზე, რომელიც ამ პატარა, ხიცინა, სპირალისმსგავს ნისლთან იყო დაკავშირებული და რომელსაც ის მუქარად კი არა,  სასუნთქი გზების მალამოდ  აღიქვამდა.

„ეს კი“, უთხრა მიმღების თანამშრომელმა, „ეს არის სქემა, თუ როგორ უნდა მიაგნოთ ჩვენს მოსაწევ კუთხეებს. ასევე  გვაქვს ..“ –  გოგონას ხმაში თანაგრძნობა დაეტყო, – „..სტატისტიკა, თუ როგორი თანაფარდობაა სიგარეტის მოწევასა და ფილტვების კიბოს შორის“. და დამატებით კიდევ ორი ფურცელი მიაწოდა. „გმადლობთ“, წარმოთქვა დარეტიანებულმა ჩარლიმ, „დიდი მადლობა. ასანთი ხომ არ გექნებათ?“

გოგონა ისევ დაიხარა, ისე ღრმად, რომ სულ გაუჩინარდა. როცა სახეგაწითლებულმა ამოყვინთა, ხელში პატარა კოლოფი ეკავა, შავ ჩარჩოში ჩასმული წარწერით  „მოწევა კლავს“ და ჩარლის გადასცა.

ჩარლიმ ამასობაში ფურცელს დახედა. თავიდან ვერაფერი გაიგო, ამიტომ იკითხა (თან ამ დროს გრძნობდა, ზურგს უკან  ჩინელ ტურისტთა ჯგუფის ჩემოდნები ერთი-ერთმანეთზე როგორ ხვავდებოდა), – ამ ცნობარით სასტუმროს  მიმღები როგორ მოვძებნოო.

„თქვენი დისლოკაციის ადგილი არის აქ“, უპასუხა მიმღების თანამშრომელმა ქალმა და სქემაზე ფერმკრთალი ოთხკუთხედი შემოუხაზა. „აი, ამ ხაზს უნდა გაჰყვეთ.“

ხაზი ძლივძლივობით ჩანდა, იმდენად უხარისხო ასლი იყო. მკაფიოდ მხოლოდ  საბოლოო დანიშნულების ადგილი ირჩეოდა. ხაზს ისარი აბოლოებდა, რომელიც სქლად მოხაზული კვადრატისაკენ იყო მიმართული. კვადრატში ჩონჩხის თავი ანათებდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8