პრეზიდენტმა შენიშნა, რომ კატას იქ ყოფნა ძალიანაც მოსწონდა. არცერთი თათბირი ისე არ დაწყებულა, რომ სმერალდას დანახვა არ შეეცხადებინათ და არ გამხიარულებულიყვნენ. იცოდა, სცენაზე ეფექტურად როდის გამოსულიყო, – ხან პრეზიდენტის მაგიდაზე ახტებოდა ხოლმე, ხან გარნიტურის პატარა მაგიდაზე, – თან ყოველთვის ისე ეჭირა თავი, თითქოს სტუმრებს ესალმებაო.
ვიდრე პრეზიდენტი შუადღისას ბიუროს დატოვებდა, კატის საკვების კოლოფი გახსნა, შიგთავსი თავის ლამბაქზე გადმოიღო და ნარჩენები ჩაის კოვზით გამოფხიკა. მერე ფრაუ ერისმანს კიდევ ერთი საკვები შეუკვეთა. სმერალდას უთხრა, ცოტა ხნით გავდივარ და მალე დავბრუნდებიო. იმანაც ერთი ამოხედა.
შვედეთის ელჩთან სადილმა ორმხრივ კმაყოფილებაში ჩაიარა, თუმცა დამშვიდობების შემდეგ პროტოკოლის შეფმა პრეზიდენტი გვერდზე გაიხმო და ჰკითხა, ამ პატარა კატას რას უპირებთ, ბიუროში რომ გყავთო. პრეზიდენტის პასუხმა, ეგ ჩემი ახალი შინაური ცხოველია და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას კომპანიონობა უნდა გამიწიოსო, პროტოკოლის შეფი არ დააკმაყოფილა. მან განაცხადა, სახელმწიფო ენის ნორმალიზაცია სასწრაფოდ უნდა შევათანხმოთ და ვიდრე ნაშუადღევის გაზეთთან ინტერვიუს დაიწყებდეთ, თუ შეიძლება ცოტა ხნით თქვენს ბიუროში შემოვალო. კარგიო, უთხრა პრეზიდენტმა. თუკი ეს საკითხი ასე გაღელვებთ, მობრძანდით, თუმცა მაინც არ მესმის, სანერვიულო რა გაქვთო. ღიმმორეულმა პრეზიდენტმა დერეფანი გაიარა და ბიუროს მიადგა. კარი რომ გამოაღო, შეშინდა… კატის ლეიბის შიგთავსი მთელ ოთახში იყო მიმობნეული. ზეთიანი თინუსისა და შარდის სუნი იდგა. პრეზიდენტმა ნაბიჯი შედგა თუ არა, მარცხენა ფეხსაცმლით კატის განავალში ჩაეფლო, რომლის სუნიც საპორტო დუქნის სუნს შეერია და მთელ ოთახს მოედო. სმერალდა გარნიტურის რბილ სავარძელზე იწვა, თათები წინ გაეშვირა და ამთქნარებდა. გადაკრულ ქსოვილზე დამჩნეული ზოლები ადასტურებდა, რომ მან სავარძლის ამოკაწვრაც სცადა.
პრეზიდენტმა თავი გადააქნია. გუშინ რომ ვინმეს მისთვის ეთქვა, შენს ბიუროს დღეს ასეთ მდგომარეობაში იხილავო, ნამდვილად გიჟად ჩათვლიდა.
მერე გადაწყვიტა, რომ გასცინებოდა.
ფრაუ ერისმანი გამოიძახა, რომელსაც იქაურობის დანახვაზე გული კინაღამ წაუვიდა და სთხოვა, მოსმენების დაწყებამდე, რომელიც სხდომათა დარბაზში იყო დანიშნული, წმენდა-დალაგების სერვისი გამოეძახა. ქალის შეკითხვაზე, კატას დაიტოვებთ თუ სერვისის განყოფილებას მისი წაყვანა ვთხოვოთო, გადაჭრით უარი განაცხადა.
„მომწონს ეს მხეცუნა“, განაცხადა მან, „ვიტოვებ“.
ფრაუ ერისმანმა, – ხუთ წუთში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და თარჯიმანი დაგეგმილი ხანმოკლე სატელეფონო საუბრისათვის აქ იქნებიან და ბიუროს ხომ არ გამოიცვლიდითო. „რატომ?“, იკითხა პრეზიდენტმა ხალისიანად და როცა ცოტა ხანში თავისი მაგიდიდან ათასი კილომეტრით შორს მყოფი დიქტატორის მგვრგვინავ ხმას, დაძაბული სახელმწიფო მდივნისა და აშკარად სტრესში მყოფი თარჯიმნის თანხლებით ესაუბრებოდა, რომლებსაც იატაკზე მობნეულ კატის ლეიბის ნამუსრევში ჩადგმული თავიანთი სკამები პრეზიდენტის მაგიდისკენ მიებრუნებინათ, თავად სმერალდა მუხლებზე დაესვა და ეფერებოდა. საქმე მათ ორ მოქალაქეს ეხებოდა, რომლებიც დიდი ხნის წინ ტერორისტების მხარდამჭერ ერთ-ერთ ქვეყანაში დააკავეს და იმ ქვეყნის პრეზიდენტი მათ გასანთავისუფლებლად სულ ახალ-ახალ წინაპირობებს აყენებდა. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან როცა მისმა კონტრაგენტმა ტყვეების გადაცემის სანაცვლოდ კიდევ ერთი მილიონის დამატება მოითხოვა, პრეზიდენტმა უპასუხა:
„ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ ჩვენი ორი მოქალაქე სულ ფეხებზე გკიდიათ. იცით, რას გეტყვით? მეც ასე ვარ, სულ ფეხებზე მკიდია“. გაფითრებულმა თარჯიმანმა ძლივს მოახერხა ამ სიტყვების უცხო ენაზე გადათარგმნა, გაოგნებული სახელმწიფოს მდივანი კი თავის პრეზიდენტს შესცქეროდა, რომელსაც თავშეუკავებელი ხარხარი ავარდნოდა. მათდა გასაოცრად, ხმამაღალზე დაყენებული ტელეფონიდანაც ასეთივე ხარხარი მოისმა, სმერალდამ ხმამაღლა დაიკნავლა და კავშირიც გაწყდა.
სახელმწიფო მდივანმა პრეზიდენტის ოთახი გუნებაწამხდარმა დატოვა, გარეთ ფეხსაცმელი გაიძრო და ქუსლზე მიცხებული კატის განავალი ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდა, ამ დროს თარჯიმანი ეკითხებოდა, ნეტავი ეს საბედისწერო სიტყვები ცოტა შერბილებულად ხომ არ უნდა გადამეთარგმნაო.
პრეზიდენტი კვლავ კარგ ხასიათზე იყო, როცა ნაშუადღევის სამ საათზე სხდომათა დარბაზში შევიდა, სმერალდა თან ახლდა, კატა უკან მისდევდა და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა.
დამსწრეთ ჩურჩულმა გადაუარა, ფისუნია კი პრეზიდენტის მაგიდაზე ახტა და ბეწვის გულმოდგინედ ლოკვას მოჰყვა.
„ეს ჩემი ახალი თანამშრომელია“, თქვა პრეზიდენტმა მხიარულად, ისე, რომ ხალხის ინტერესთა წარმომადგენლებს სიცილის გარდა სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუმცა დაბნეულობა აშკარად ეტყობოდათ.
პრეზიდენტმა სხდომა შეკითხვით გახსნა: „შემთხვევით ვინმემ ხომ არ იცით, ჯანდაცვის ხარჯების შემცირება როგორ შეიძლება განხორციელდეს?“
ამ ორსაათიან მოსმენებს, როგორც მოსალოდნელი იყო, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ტრადიციული მტრული განწყობა აღარ იგრძნობოდა.
პროტოკოლის შეფი პრეზიდენტს სხდომათა დარბაზის შესასვლელთან შეკითხვით ელოდებოდა, ინტერვიუსთვის კატას ფრაუ ერისმანთან ხომ არ დატოვებდითო.

 

1 2 3 4 5 6 7 8