„არა, რატომ“, მიუგო პრეზიდენტმა, „მე არ მაწუხებს და საერთოდაც პრობლემას ვერ ვხედავ“.
„იცით, რა ხდება“, უპასუხა პროტოკოლის შეფმა, „ფედერალური კრების სახლის ისტორიკოსებთა შორის გავიკითხე და დანამდვილებით მითხრეს, რომ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე არ იცნობენ მთავრობის არც ერთ წევრს, რომელიც ბიუროში შინაური ცხოველით მოვიდოდა“.
„მაშ დამდგარა ჟამი სიახლისა“, თქვა პრეზიდენტმა, თან ყურად არც კი იღო დაჟინებული თხოვნა, აქაურობას ეს ჯამი და ლეიბი დროებით მაინც მოვაშოროთო.
ჟურნალისტების მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ინფორმაცია მოვიდა, რომ ორივე მძევალი გაათავისუფლეს.
ეს ცნობა იქცა სწორედ ინტერვიუს მთავარ თემად და კითხვაზე, ამის გაკეთება როგორ მოახერხეთო, პრეზიდენტმა – თან სმერალდას დასცქეროდა, რომელიც მის მუხლებზე მოკალათებულიყო, – სატელეფონო საუბრის წინ ჩემმა ახალმა თანამშრომელმა კოაჩინგი ჩამიტარაო.
ეს ორი ჟურნალისტი ვერ გაერკვა, თუ რას ნიშნავდა კატა ბიუროში ან პრეზიდენტის უჩვეულოდ ირონიული და მხიარული კილო. ფოტოგრაფს კი შეკითხვების დასმა არ დაუწყია, ადგა და მთავრობის სახლის ინტერიერს სულ ერთმანეთის მიყოლებით უღო და უღო ფოტოები. თავისი ფოტოკამერის ვიდეომძებნელით ის კუთხეც მონახა, სადაც კატის ჯამი და ქვეშსაგები იყო განთავსებული, რომელიც A.4 – ფურცლების ყუთში ჩაეფინათ.
როცა მოგვიანებით, „ფაქსიმილეს“ საათის შემდეგ, ფრაუ ერისმანმა პრეზიდენტს ჰკითხა, აწი ამ კატასთან ურთიერთობის საქმე როგორ იქნება, შემიძლია ჩემს დას მივაბარო, სიამოვნებით აიყვანსო, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ გადაწყვიტა, სმერალდა თავისთან, სახლში წაეყვანა.
ამაოდ ცდილობდა მდივანი მისთვის იმ საღამოების აღწერას, როცა კატის მარტო დატოვება მოუხდებოდა. ეს პრეზიდენტს სულ არ ანაღვლებდა. არც იმაზე გასცა ქალს პასუხი, კატა ბიუროდან სახლში უთქვენოდ როგორ დაბრუნდება ხოლმეო, როცა სამსახურის შემდეგ რაღაც მიზეზით სხვაგან წასვლა მოგიწევთო.
ეს მშვენივრად მოგვარდება, თქვა პრეზიდენტმა, სამედიცინო ხარჯების შემცირებასთან შედარებით სრულიად უმნიშვნელო პრობლემაა და იქნებ ხვალ დილისთვის ახალი ჯამი მოიტანოთ, რადგან ამის სახლში წაღებას ვაპირებ, რადგან მეტალისაა და ლამაზად ბრწყინავსო.
ფრაუ ერისმანი ვითარებას შეეგუა. კარგი, თქვენი საქმისა თქვენ იცითო, განაცხადა. ჩემი საყიდლების ჩანთას მოგცემთ, შიგნით ყუთთან ერთად ჯამსაც ჩაგიდგამთო. შემდეგ ცოტა არ იყოს დარცხვენით დააყოლა, ერთი შეკვრა კატის საკვები კიდევ მაქვს, ფრინველის ხორცით არის, ამასაც ჩაგიდებთო. სხვათა შორის, ახლა კატაც შიგ შეგიძლიათ ჩასვათო.
მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაამზადეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ, პრეზიდენტი ცოტა ხნით კიდევ შეყოვნდა. იჯდა და განრიგს დაჰყურებდა, ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა – არა იმდენად თავისი მოვალეობების შინაარსზე, რამდენადაც იმაზე, თუ ეს სმერალდასთვის რას ნიშნავდა. სად შეიძლებოდა წაეყვანა და სად არა?
პარლამენტში გამოსვლისას, – საქმე კულტურის დაფინანსების კანონს ეხებოდა, – ალბათ ვერა. დღეს დაინახა, თუ როგორ უხსნიდათ ხელ-ფეხს და როგორ ამხიარულებდათ კატის იქ ყოფნა სხდომისა თუ თათბირის მონაწილეებს. ან იქნება, მერე, როცა შეეჩვევიან, არც აღარაფერი მოხდება? რამდენიმე კვირაში ან თვეში ამ ფისუნიას ქარიზმა დაეკარგება? ახლა ამაზე ფიქრი არ უნდოდა. ამ კატაში რაღაც იმაზე მეტად აფორიაქებდა, რისი გაგებაც შეეძლო. ცხოვრება, რომელშიც ეს კატა შემოიჭრა, მისი ცხოვრება, ერთი მყიფე რამ იყო. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ იგი მხოლოდ მისი ბლოკნოტის ყდებს შორის არსებობდა. ცოლთან გაშორებული იყო და სამუშაოში ისე ღრმად ეფლობოდა, რომ მეგობარიც კი აღარ შემორჩენოდა, ხანდახან მაინც რომ შეხვედროდა ხოლმე. მაინცადამაინც დიდად არ უყვარდათ, ამისკენ არც ისწრაფვოდა. პოლიტიკას, იტყოდა ხოლმე შიგადაშიგ, მაშინ კი არ უნდა მისდიო, როცა პოპულარულობა მოგინდება. და აი, მოულოდნელად გამოჩნდა არსება, რომელსაც იგი აშკარად უყვარდა, თან ისე ძლიერად, რომ სულ მასთან ყოფნა უნდოდა.
პრეზიდენტი წამოდგა და კარისკენ გაემართა, კატაც წამოხტა, უკან აედევნა, თან ქვემოდან ასცქეროდა. იგი დაიხარა, კატას თვალებში ჩახედა და ყურებთან მოფხანა.
მერე ჩანთა მარცხენა ხელში დაიკავა, ბიუროდან გავიდა და კარი მიიხურა. გზაში შენიშნა, რომ საქაღალდე დავიწყნოდა, მაგრამ გადაწყვიტა, უკან აღარ დაბრუნებულიყო, რადგან ამ საღამოს საქაღალდის დოკუმენტაციის გარეშეც იოლას გავიდოდა. სმერალდა ჩანთაში წყნარად იჯდა და იქიდან ამოძრომას არც კი ცდილობდა. ეტყობა, პრეზიდენტმა თავის კეთილ ზრახვებში დაარწმუნა.
პრეზიდენტმა გადაიფიქრა, იმავე გზით დაბრუნებულიყო, დილით რომ გამოიარა. ეშინოდა, ბისტროსთან კატა არ ამომიხტეს და ისევ იქ არ მიბრუნდეს, საიდანაც მოვიდაო.
კეპიან მამაკაცს, რომელმაც „პრეზიდენტოო!“ დაუძახა და პისტოლეტი მიუშვირა, მხოლოდ ბოლო წამს მოჰკრა თვალი. მან ჩანთა ზევით ასწია და მკერდზე აიფარა, ამ დროს გასროლის ყურისწამღები, მჭახე ხმაც გაისმა. პრეზიდენტმა წამოიყვირა და ჩაიკეცა, ხოლო ტერორისტი შეტრიალდა და გაიქცა. ერთ-ერთი იმ პირადმცველთაგანი, რომლებიც პრეზიდენტს უჩუმრად უკან მიჰყვებოდნენ, მსროლელს დაედევნა, მეორემ მსხვერპლთან ჩაიმუხლა. ასფალტს სისხლის წვეთები ეცემოდა და თანდათან მატულობდა.
„ჰერ პრეზიდენტ“, ჩასძახა მცელმა, „დაჭრილი ხართ?“
პრეზიდენტი მიწაზე თვალდახუჭული იწვა, თუმცა სუნთქავდა. სასწრაფოს ექიმმა, რომელიც მალევე მოვიდა, ჭრილობა ვერ იპოვა და ტვინის შერყევა ივარაუდა, რომელიც ქვაფენილზე დაცემას შეიძლებოდა გამოეწვია. ტყვია, როგორც გაირკვა, მეტალის ჯამს მოხვედროდა და გეზი ეცვალა. პრეზიდენტი მიწაზე დარტყმის ძალას დაენარცხებინა.
სისხლი კი ფისოს სდიოდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8