„თქვენ იცოდით ამის შესახებ?“ შეეკითხა ჩარლი ქალს და წარწერაზე მიანიშნა. ქალს მხოლოდ გაეღიმა, ჩარლიმ კი ასანთის ღერი კოლოფს რომ გაჰკრა, ღერი შუაზე გადაუტყდა, იგივე დაემართა მეორე ღერსაც, მესამესაც… როგორც ჩანს, ასე წვრილი ასანთი საგანგებოდ დაამზადეს, გადასამტვრევად უმცირესი ძალდატანებაც საკმარისი რომ ყოფილიყო. ჩარლიმ მორიგი ღერო აიღო, თითები ზედ თავთან მოუჭირა და ისე გაჰკრა, ღერი აინთო და თითები დაუწვა, ჩარლიმ შეიგინა და  გადააგდო – გიტარისტი კაცი თითებს ხომ არ დაიზიანებდა.

„ძალიან ვწუხვარ“, წარმოთქვა მან, „მე…“

მობილური აწკრიალდა. სტუდიიდან შეატყობინეს, რომ უკვე ყველანი ადგილზე იყვნენ და მხოლოდ მასღა ელოდნენ. ახლავე მოვალო, შეჰპირდა, მერე ქალს ბოდიში მოუხადა და ლიფტის ღილაკს დაუწყო ძებნა.

„ღილაკი არ არსებობს“, წარმოთქვა ქალმა, „უნდა ელოდო, სანამ თვითონ არ ამოვა“.

ჩარლიმ უნდობლად შეხედა.  „კი მაგრამ, თქვენ რამდენი ხანია, ელოდებოდით?“

„კარგა ხანია – თითქმის ნახევარი საათი“.

საბედნიეროდ, სასტუმროს ნომერი ასანთის კოლოფზე ეწერა და ჩარლიმაც აკრიფა. მიმღების თანამშრომელ ქალს მოსთხოვა, სასწრაფოდ გამოეგზავნა ლიფტი მოსაწევ კუთხეში.

თანამშრომელი გაოცდა. მანდ ლიფტი საერთოდ არ არისო, უმტკიცებდა. როცა ჩარლიმ აღუწერა, თუ ზუსტად სად იყო და თან სხვაც ახლდა, ქალმა უპასუხა, რომ ეგ საავარიო ლიფტია და მეხანძრეებისათვისაა განკუთვნილი, მაგის ასამუშავებლად კოდის ახსნაა საჭირო, ამას კი შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდესო.

„მაინც რამდენი დრო?“

„ერთ საათამდე“, უპასუხა ქალმა აუღელვებლად.

„მანამდე ხომ სულ გავიყინები!“ აყვირდა ჩარლი.

მაგრამ ამან ვერ უშველა.

რაღას იზამდა, სტუდიაში დარეკა. თავიდან არც კი დაუჯერეს. მერე პროდიუსერმა უთხრა, აგერ შემთხვევით რიკ რინტონმა გამოიარა და ეგ მოგვეხმარება, შენს სოლოსაც ეგ შეგვისრულებს, ხომ იცი, დრო შეზღუდული გვაქვსო.

ჩარლიმ იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა. რიკ რინტონი იყო მისი ყველაზე დიდი კონკურენტი სცენაზე, თანაც ახალგაზრდა კონკურენტი. საერთოდაც, ჩარლს ყოველ ჯერზე თავიდან უნდა ემტკიცებინა, რომ ყავლი ჯერ კიდევ არ გასვლოდა.

ჩარლიმ მობილური ჯიბეში ჩაიდო, სასოწარკვეთილს ქვითინი აუვარდა.

„მოიწი ჩემსკენ“, უთხრა ქალმა, პალტო გადაიხსნა და ჩარლი გულზე მიიხუტა, „ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ გაცივდეთ“. …და იდგა ასე ჩარლი, ატირებული და აცახცახებული ეხუტებოდა ქალს, ის ბავშვივით უყვავებდა და თავზე ხელს უსვამდა. ასე ჩახვეულები ჩავიდნენ ამ ლიფტით დაბლა, როგორც იქნა რომ ამოაკითხათ 45 წუთის შემდეგ.

ის ქალი აღარასოდეს უნახავს. სტუდიაში როცა მივიდა, ჩაწერა უკვე დასრულებულიყო. რიკს თავისი უჩვეულო რიფებით  ყველანი მოეხიბლა და ჩარლი მიხვდა, რომ ეს პროდიუსერი მას აღარასოდეს მიიწვევდა.

მეორე დღეს, ავად გახდა, ფილტვების ანთების მძიმე ფორმა აღმოაჩნდა და დიდი ხნით კლინიკაში დაწოლა მოუწია. ისეთი მაღალი სიცხეები ჰქონდა, რომ დროდადრო გონებასაც კარგავდა ხოლმე.

მოგვიანებით, ცოტა რომ მოიკეთა, მომვლელმა ჰკითხა, ექიმის შეკითხვამ ასე როგორ გაგაბრაზათ, რამხელაზე ყვიროდით და ილანძღებოდითო.

მაინც რა მკითხაო, დაინტერესდა ჩარლი.

„არაფერი, უბრალოდ შეგეკითხათ, თუ ეწევითო.“

 

 

გერმანულიდან თარგმნა შორენა შამანაძემ

 

1 2 3 4 5 6 7 8