„ერთი წუთით“, თქვა პრეზიდენტმა, „აბა, მე ვიზამ!“ ფეხზე წამოდგა და ტახტისკენ წავიდა, სადაც ფისო უკვე ნებიერად გაწოლილიყო. ხელის წავლება რომ მოუნდომა, ფისომ ძირს ისკუპა და მაშინვე ბიუროს მეორე მხარეს გავარდა, ფარდას ააცოცდა და ფანჯრის თაროზე წამოსკუპდა.
„ხომ არ დაგეხმაროთ?“ იკითხა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც ამასობაში კარს მოსდგომოდა.
„პირველი პრობლემა ექსპორტთან დაკავშირებით!“, თქვა პრეზიდენტმა, „საჭიროა ფისუნიას მისაღებ ოთახში გაყვანა, პრობლემის გადაჭრის ნებისმიერ გზას მივესალმებით!“
„მაგას მე მივხედავ“, თქვა დეპარტამენტის ხელძღვანელმა, საქაღალდე მაგიდაზე დადო, ნელ-ნელა ფარდას მიუახლოვდა, ფარდის დამჭერი ფოჩიანი თოკი აიღო და კატას თავთან გაუქნ-გამოუქნია. ფისო მართლაც დაინტერესდა და ამ მოძრაობებს მზერაც გააყოლა, მაგრამ როცა უკანა თათებზე დადგა, რათა ფოჩისთვის პირი ეტაცა, დეპარტამენტის შეფმა მას კისერში ხელი სტაცა და აღშფოთებული კლაკვნა-კნავილის მიუხედავად მისაღებში გააბრძანა, ფრაუ ერისმანიც მათ გაჰყვა და კარიც გაიხურა.
ცოტა ხანში დირექტორის ოთახში შემობრუნებულ დეპარტამენტის უფროსს მარცხენა ხელის ზურგზე სქელი პლასტირი ჰქონდა გადაკრული.
„ოჰ“, თქვა პრეზიდენტმა, „რა მგზნებარე ცხოველია“.
„შეიძლება ასეც ითქვას“, უპასუხა მჟავედ დეპარტამენტის შეფმა და მერე ინსტრუქტაჟს შეუდგა.
მალე თავდაცვის მრეწველობიდან ოთხი ბატონი მოვიდა. ყველანი დივანზე მოთავსდნენ. პრეზიდენტმა მათ განუმარტა, პაკისტანის საექსპორტო ქვეყნად განხილვა თუ რატომ აღარ შეიძლებოდა.
იარაღის ქარხნის გენერალურმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეხებოდა, რომელთა გამოყენება თალიბანების წინააღმდეგ ძნელად წარმოსადგენი იყო. ამის საპასუხოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდო ამერიკული წყაროსგან მიღებული ინფორმაცია გაანდო, რომლის მიხედვითაც უკვე კარგა ხანია, რაც თალიბანები ავღანური პოზიციების წინააღმდეგ თვითმფრინავებს იყენებდნენ.
ამ დროს პატარა კატა, რომელიც, ეტყობა, ოთახში დელეგაციას შემოჰყვა, პრეზიდენტს მუხლებზე აუძვრა. თავდაცვითი ინდუსტრიის წარმომადგენლები შეცბნენ.
„ეს თქვენია? ახალი შინაური ცხოველია?“ იკითხა გენერალურმა დირექტორმა, ვითომ ხუმრობით.
„დიახ“, თქვა პრეზიდენტმა და კატას თავი მოფხანა, „ლამაზია, არა?“
„რა ჰქვია?“ იკითხა ტანკების ფაბრიკანტმა.
„სმერალდა“, წარმოთქვა პრეზიდენტმა თავისდა გასაოცრად. კატამ ხმადაბლა დაიკრუტუნა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელს ფრუტუნი აუტყდა და შეეცადა ხველებად გაესაღებინა. თან პირზე პლასტირგადაკრულ ხელს იფარებდა.
აქედან მოყოლებული სხდომა ბევრად უფრო ლაღად წარიმართა, რამაც მისი უშედეგობა უფრო იოლად ასატანი გახადა. მას შემდეგ, რაც დელეგაციას გამოემშვიდობნენ და გენერალურმა დირექტორმა კატას ხელიც გადაუსვა, პრეზიდენტმა მდივანს შეატყობინა, ჯერჯერობით კატა ჩემთან მეყოლება და ქვეშსაგებიანი ყუთი და კატების საჭმელი მომიტანეო.
ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ბიუროში შინაური ცხოველი ჰყავდა, დეპარტამენტში ისე სწრაფად გავრცელდა, რომ ნარკომანიის პრევენციის განყოფილების ხელმძღვანელმა თათბირზე თან „გურმეს“ კატის საკვები და თინუსის კონსერვი მოიყოლა.
სმერალდა ზრდილობიანად იქცეოდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ფრაუ ერისმანის მოტანილი ყუთი ერთი დაესუნა და დაეწუნებინა, თუმცა იქვე, ოთახის კუთხეში გაზეთზე გაფენილი საგები მაშინვე გამოიყენა. მერე პრეზიდენტს კრუტუნით ფეხზე გაელამუნა.

 

1 2 3 4 5 6 7 8