„ისე ახლომახლო სასწრაფოს ექიმიც ხომ არ მორიგეობს?“ მისდა გასაკვირად, ქალი არ გაბრაზებულა, ზრდილობიანადაც კი უპასუხა, არაო, სტატისტიკიანი ფურცელი გადააბრუნა, რომლის უკანა მხარეს რამდენიმე ადგილობრივი და ნაციონალური საკონსულტაციო სამსახურის ნომრები იყო ჩამოწერილი და ჩარლის უთხრა (ამ დროს ჩინელი ტურისტების ჯგუფის ხელმძღვანელი ჩარლის გვერდით წინა მხრით ჩამოყრდნობილიყო და დახლზე თითებს მოუსვენრად აკაკუნებდა), – რომ,  მისმა პარტნიორმა, მაგალითად, ერთ-ერთ სამსახურთაგან შედეგიანად ითანამშრომლა. თუმცა ამ ფაქტმა ჩარლს სიგარეტით ტკბობაში ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალოს. ჩარლი გზას დაადგა, ხელში ფურცლები ეკავა, ჩემოდნებსა და შორეული აღმოსავლეთიდან ჩამოსულ, მგზავრობით გადაქანცულ სტუმრებს შორის გზას ძლივს მიიკვლევდა. ცდილობდა ნახაზს ისე მიჰყოლოდა, რომ რასაც ხედავდა, სქემასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. მთლად ასე ვერ გამოუვიდა და გადაწყვიტა უკანა კარი, რომელზეც დახატული მწვანე კაცუნა საავარიო გასასვლელს მიანიშნებდა, საწყის წერტილად ჩაეთვალა. გამოაღო კარი, რომლის უკან, გრძელ, ცუდად განათებულ გასასვლელში რამდენიმე ჩამავალი საფეხური მოჩანდა. გასასვლელი უფრო ფართო კარით მთავრდებოდა. ყოველ შემთხვევაში, არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ამ გზით მოსაწევ კუთხემდე მიხვიდოდი, არც ჩოჩხისა და თავის ქალისაკენ მიმართული ისრები ჩანდა, ჩარლი რომ მოელოდა, და არც მიწაზე გავლებული ხაზი.

ამასობაში ჩარლს ნაფაზის დარტყმის დაუოკებელი სურვილი უაღრესად გაუმძაფრდა.  აეროპორტში როგორც კი ჩამოვიდა, მაშინვე ტაქსი აიყვანა, იჩქარა და მერეღა შეამჩნია, რომ არამწეველთა ტაქსში ჩამჯდარიყო. ჩარლი მუსიკოსი გახლდათ და რადიოში ელოდნენ ჩაწერაზე, დრო კი თანდათანობით იწურებოდა, აგვიანდებოდა.  ამიტომ იფიქრა, მოსაწევი კუთხის ძებნას, ხომ არ ჯობია, აგერ გასასვლელშივე მოვწიოო.

ამჯერად სანთებელას ანთება უპრობლემოდ გამოუვიდა, მაგრამ ის-ის იყო ცეცხლი სიგარეტთან მიიტანა, განგაშის სიგნალი ჩაირთო, ჭერში ნარინჯისფრად მოციმციმე გამაფრთხილებელი შუქი დატრიალდა და სარწყავი ავზებიდან სუსტი ჭავლი გადმოიფრქვა.

ჩარლი მაშინვე გასასვლელის ბოლოსაკენ გაიქცა, კარი შეაღო და გარაჟში აღმოჩნდა, მანქანის რიგებს შორის სირბილს მოჰყვა უაზროდ, მერე დახვეული კიბით ქვევით, სიღრმეში მდებარე ავტოსადგომში ჩაირბინა, რიგები ალალბედზე გადაჭრა და ახლა სხვა კარი გამოაღო. ეცადა უხმაუროდ ემოქმედა.

ასე აღმოჩნდა პატარა ლიფტში,  რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ეტეოდა. ციცქნა პულტზე მიხატული ერთი ისარი ზემოთ მიანიშნებდა, მეორე – ქვემოთ. ჩარლმა თითი ზედა ისარს დააჭირა.

ლიფტი ზემოთ გასაოცრად ჩქარა ავიდა, გაიღო და ჩარლიმ კაპსულიდან ღია პლატფორმაზე ამოყო თავი, რომელიც ზედა საფეხურს ედგმოდა და სხვა არაფერი იყო, თუ არა უბრალო მოაჯირით შემოსაზღვრული რკინის ცხაური. ძირს თუ დაიხედავდი,  თვალს ვერ ჩააწვდენდი. ჩარლიმ თავბრუსხვევა იგრძნო და მოაჯირს ჩააფრინდა, წუთით თვალებიც კი დახუჭა. როცა ცოტა ხნის მერე ფრთხილად გაახილა, მოაჯირის ბოძზე რაღაცა საფერფლისმაგვარი შეამჩნია.

„აქ შეგვიძლია“, წარმოთქვა ვიღაცის ხმამ მის გვერდით.

ეს ხმა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა,  ქალბატონს ეკუთვნოდა, რომელსაც თავზე ბეწვის ქუდი ეხურა, ტყავის ხელთათმანები ეკეთა და თითებშუა სპილოსძვლისფერი მუნდშტუკი  და სიგარეტი ჰქონდა გაჩხერილი. ქალმა გაუღიმა და სტაჟიან მწეველებს რომ აქვთ, ისეთი დაბოხებული ხმით ჰკითხა: „მოსაკიდებელი გაქვთ?“

„რა თქმა უნდა“, უთხრა ჩარლიმ, ქალს ნაძალადევად გაუღიმა და ქურთუკის ჯიბეში სანთებელა მოსინჯა. ახლაღა შეამჩნია, რომ ჭერიდან გადმოფრქვეული ჭავლისგან სულ დასველებულიყო. აქ, ზემოთ კი ქარი უფრო სუსხიანად უბერავდა, ვიდრე ქუჩაში. აცახცახებულმა სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო და ტუჩებშუა გაირჭო. მერე ორივემ  ერთმანეთს თავები მიადეს და სანთებელამ დაიწკაპუნა. არ აინთო. ნეტა, ქარის ბრალი იყო, თუ საწვავი გამოელია?

„ერთი წუთით“, თქვა ჩარლიმ და ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოიღო, სათადარიგოდ ჰქონდა ხოლმე, საფულესთან ერთად ინახავდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8