პრეზიდენტი ვრცელ კიბეებს აუყვა და თავისი ბიუროსაკენ მიმავალ დერეფანში შეუხვია. როცა კართან მივიდა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო, მხოლოდ მაშინ დაინახა კატა, რომელიც კარის ზღურბლთან წამოსკუპებულიყო და ქვემოდან ამოსცქეროდა. პრეზიდენტი კარგა ხანს გაოგნებული იდგა. მერე ირგვლივ მიმოიხედა. ჯერ კიდევ ადრე იყო, არავინ ჩანდა. იგი დაიხარა, კატას ხელი დასტაცა და დერეფნის ბოლოში გაიყვანა. იქ ფანჯარა გამოაღო და ქვევით, ეზოში გადაიხედა. კატებს ხომ შვიდი სიცოცხლე აქვთო, გაიფიქრა და თვალით სიმაღლე შეაფასა. კატამ დაიკნავლა.
„უჰ, შე საძაგელო“, წარმოთქვა პრეზიდენტმა, მერე ფანჯარა მიხურა, თავისი ოთახის კართან დაბრუნდა და კატა ზღურბლთან დასვა. მერე კარი გამოაღო. საკუთარ ბიუროში ვიდრე თავად შევიდოდა, ჯერ კატა შეგოგმანდა…
პრეზიდენტი სამუშაო მაგიდას მიუჯდა, კატაც მის გვერდით, სკამზე მოკალათდა და თათების ლოკვას შეუდგა. ბეწვი ნაცრისფრად და ღიაყავისფრად დაწინწკლოდა, თავსქვემოთ დიდი თეთრი ლაქა ჰქონდა, რომელიც დრუნჩამდე სწვდებოდა. სახეზე უფრო მეტად ყავისფერი ჭარბობდა, მხოლოდ ყურები ჰქონდა ნაცრისფერი და ნაზი, რომლებსაც ღიაყავისფერი კანტები შემოვლებოდა.
„მალე ფრაუ ერისმანი მოვა, და შეგიძლია მასთან დარჩე“, მიმართა პრეზიდენტმა კატას. მერე ჩანთიდან თავისი ბლოკნოტი და სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ამოიღო, რომელზეც წუხელ მუშაობისას ჩამოეძინა.
მაგიდაზე ფურცელი იდო – ფრაუ ერისმანმა წინა საღამოს გაუმზადა. დღევანდელი განრიგი იყო ჩამოწერილი. თვალის ერთი გადავლებითაც მიხვდა, რომ, როგორც ყოველთვის, დღესაც ყველა საათი დაუნდობლად იყო გაწერილი.
ზუსტად რვაზე თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მოდიოდა, პარლამენტის მიერ იარაღის ექსპორტის დაშვების პრაქტიკა უნდათ განეხილათ. მოუმზადებელი და დაძაბული შეხვედრა იქნებოდა, ამ შემთხვევაში იგი ეკონომიკის მინისტრს წარმოადგენდა. ის ქალი იძულებული გახდა წინა დღეს აშშ-ში თავპირისმტვრევით გავარდნილიყო, რათა თავისი ქვეყნის უდიდესი ბანკისთვის მორიგ ჯერზე პოლიტიკური ზურგი უზრუნველყო, რასაც ეს ბანკი საერთოდ არ იმსახურებდა. მინისტრის ერთ A4 გვერდზე ჩამოწერილი, ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები დღის განრიგის ქვეშ, საგანგებოდ მონიშნულ ფაილში იდო. შეხვედრას ამ ქალის დეპარტამენტის შეფიც დაესწრებოდა, რომელიც საქმის არსში ერკვეოდა და ცოტა ადრე უნდა მოსულიყო, რათა წინასწარ მოსათათბირებლად დრო ჰქონოდათ. ცხრა საათზე ბავშვთა და ახალგაზრდობის კომისიას მისთვის უნდა წარმოედგინა შედეგები კვლევისა ახალგაზრდობის სექსუალურობის ცვალებადობის შესახებ; ეს იყო თემა, რომლის შესახებაც მან საერთოდ არაფერი იცოდა და არც სურვილი ჰქონდა, გაეგო რამე.
ამის შემდეგ, შუადღემდე სულ განყოფილებათა დირექტორებთან უნდა ემსჯელა საკითხებზე, იქნებოდა ეს ნარკომანიის პრევენცია, სურსათის კონტროლი თუ საპენსიო ფონდები, ასევე ინსტრუქტაჟი, ტრენინგი, კოაჩინგი, ვორდინგი – პრეზიდენტი კითხულობდა და თან ფიქრობდა, სახელმწიფო ენა ინგლისური ხომ არ გახდაო. სადილზე პროტოკოლის სამსახურის შეფსა და შვედეთის ელჩს ხვდებოდა, რათა შვედეთის მეფე-დედოფლის მომავალი ვიზიტი განეხილათ, და ნაშუადღევს დანიშნული იყო დიდი „ჰიირინგი“ ანუ მოსმენა ფონდის წარმომადგენლებთან, ექიმებთან, სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამედიცინო დაზღვევის პრემიებთან დაკავშირებით. მერე დიდი ინტერვიუ უნდა ჩაეწერა ნაშუადღევის გაზეთთან, ორი ჟურნალისტი ელოდებოდა. დანარჩენი საქმეები იმ საათებზე მოდიოდა, რასაც იგი „ფაქსიმილეს საათებს“ ეძახდა. ეს დრო სამსახურებრივ დოკუმენტებსა და წერილებზე ხელის მოწერებს ეთმობოდა. დღევანდელი საღამო თავისუფალი ჰქონდა, რაც კვირაში ერთხელ ხდებოდა. მაგრამ იცოდა, რომ სახლიდან ვერ გავიდოდა, რადგან მოხალისეთა კავშირის იუბილესათვის მისასალმებელი სიტყვა უნდა მოემზადებინა. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი მცირედით მაინც ანიჭებდა თავისუფლების შეგრძნებას, რომელიც ასე ხშირად ენატრებოდა. ამიტომაც შემართებით გახსნა სამედიცინო დაზღვევის საქაღალდე, რათა დოკუმენტების შესწავლა იქიდან გაეგრძელებინა, სადაც წუხელის ჩამოეძინა.
როცა ფრაუ ერისმანმა კარზე დააკაკუნა, რათა მისთვის დილა მშვიდობისა ესურვებინა და რამეს ხომ არ ისურვებთო, ეკითხა, პრეზიდენტმა ღიმილით მიუგო, სტუმარი მყავს და ძალიან გამახარებთ, თუკი მასზე იზრუნებთო. მდივანი ქალი დიდად გაოცდა და გულიც აუჩუყდა, ფისო რომ დაინახა, რომელიც კვლავ ბიუროს სკამთან იჯდა. ფრაუ ერისმანი თავს სულ გაკვირვებით იქნევდა, როცა პრეზიდენტის დილანდელ თავგადასავალს ისმენდა.
მაგრამ როცა პრეზიდენტის მაგიდას შემოუარა, რათა ფისუნია ხელში აეყვანა, ფისო მაგიდის ქვეშ გაძვრა და სტუმრებისთვის განკუთვნილ რბილ გარნიტურზე მოკალათდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8