1997 წელს მარტინს ბედმა სიჯიუტე დაუფასა – მისი პიესა „ლინეინის სილამაზის დედოფალი“  ლონდონში, ბროდვეიზე დაიდგა. აღსანიშნავია, რომ მან ეს პიესა წინა წელს დედამისის მონათხრობის საფუძველზე ზუსტად ერთ კვირაში დაწერა. დედამისი, როგორც ვთქვით, დამლაგებელი იყო და ხშირად გადასწყდომია ნაციონალისტურ გამონათქვამებსა და ცუდ მოპყრობას, როცა ლონდონში მუშაობდა – იმდროინდელ ლონდონში ხომ ირლანდიელებს არც თუ ისე წყალობდნენ.

„ლინეინის სილამაზის დედოფალი“ არა მხოლოდ ავადმყოფი დედისა და გაუთხოვარი ქალიშვილის რთულ ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს. ეს არის პიესა სიყვარულზე, რომელშიც კომიკური და ტრაგიკული ერთმანეთს ოსტატურად ერწყმის. კრიტიკოსებმა მარტინ მაკდონაფის ამ ქმნილებას „თანამედროვე თეატრის საოცრება“ უწოდეს. ახალგაზრდა დრამატურგი, რომელსაც ახლობლები უვარგისად თვლიდნენ, უცბად ცნობილი ადამიანი  და დასავლეთის ორი უდიდესი თეატრალური პრემიის, – Evening Standard-ის თეატრალური პრემიისა და ტონის პრემიის (Tony Award) – მფლობელი გახდა. პირველი წარმატების შემდეგ მაკდონაფის ნაწარმოებებს ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებოდა კრიტიკაც და მაყურებელიც. „თავის ქალა კონომარიდან“, „მარტოსული დასავლეთი“, „ხეიბარი ინიშმაანის კუნძულიდან“, „ლეიტენანტი ინიშმორის კუნძულიდან“, „მოჩვენება ინიშერიდან“ – ყველა ეს პიესა ავტორმა ორ ირლანდიულ – ლინეინის და არანის – ტრილოგიაში გააერთიანა. მოქმედება ყველა მათგანში თამაშდება ირლანდიაში, გოლუეის საგრაფოში, საიდანაც წარმოშობით იყვნენ მარტინის მშობლები და სადაც მან ბავშვობისას ამდენი დრო გაატარა.

2003 წელს მაკდონაფმა დაწერა პიესა „კაცი-ბალიში“, რომელმაც მომდევნო წელს ლოურენს ოლივიეს პრემია, ხოლო 2005 წელს – ტონის პრემია (Tony Award) დაიმსახურა. ამ პიესაში მოქმედება ხდება უკვე არა ირლანდიაში, არამედ გამოგონილ ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარული რეჟიმია გამეფებული. ეს არის შავი კომედიისა და სისხლიანი ტრილერის ნაზავი, ანტიუტოპიური ჟანრის ნაწარმოები.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის სამეფო ნაციონალური თეატრის რეპერტუარში ჩართულია მარტინ მაკდონაფის ერთდროულად ოთხი პიესა, რისი პატივიც აქამდე მხოლოდ უილიამ შექსპირს თუ ჰქონია. მისი პიესები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში.

მარტინ მაკდონაფის პიესები ქართულადაც ითარგმნა და ირლანდიის ლიტერატურული ფონდის მხარდაჭერით წიგნად გამოიცა („მარტოსული დასავლეთი“, გამომც. „ხომლი“, 2008 და „ლინეინის სილამაზის დედოფალი“, გამომც. „ხომლი“, 2011, მთრგმნ. შორენა შამანაძე). 2016 წელს „სილამაზის დედოფალი“ დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, რეჟისორი გურამ ვაშაკიძე. 2018 წელს „ლინეინის სილამაზის დედოფალი“ დაიდგა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო თეატრშიც, ამჯერად პიესის თარგმანი ეკუთვნის ირაკლი სამსონაძეს, რეჟისორი – ლინას მარიუს ზაიკაუსკასი (ლიტვა). 2016 წელს ვასო აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა მარტინ მაკდონაფის კიდევ ერთი პიესა „ბალიშისკაცუნა“, რჟისორი დათო დოიაშვილი, მთარგმნელი მანანა ანთაძე.

მიუხედავად დრამატურგიაში მიღწეული ამხელა წარმატებისა, მაკდონაფს არასდროს დაუმალავს, რომ მისი მთავარი სიყვარული კინემატოგრაფიაა. იგი ხშირად იმეორებს, რომ ადეკვატურად ვერ აფასებს იმას, რასაც თეტრში აკეთებს, რადგან თეატრის მიმართ ცოტა არ იყოს და უპატივცემულოდ არის განწყობილი. სულ სხვა საქმეა კინო. სწორედ კინოზე ოცნებობდა ეს ირლანდიელი მთელი ცხოვრება და ან კი სხვა რაზე უნდა ეოცნება, მისი სიტყვებით,  ბიჭუნას, რომელიც სამხრეთ ლონდონში, მუშის ოჯახში გაიზარდა. პირველი ფილმი მან 2004 წელს გადაიღო თავისი სცენარის მიხედვით. მოკლემეტრაჟიანმა ფილმმს ჰქვია „ექვსვაზნიანი მჭიდე“ ან „სავსე მჭიდე“ ( Six Shooter) . ეს შავი კომედია (მთავარ როლში ბრენდან გლისონი) მაკდონაფმა გადაიღო თავის სამშობლოში, ირლანდიაში. კომერციულ წარმატებაზე არც უფიქრია, კინოსურათი უჩვენეს ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის  რამდენიმე კინოდარბაზში, ასევე შვედეთის ტელევიზიით. მაკდონაფისათვის მოულოდნელად კინოფილმმა მიიღო „ოსკარი“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი“. ამ ფილმის განხილვისას უამრავი ვერსია წამოიჭრა, თუ რის შესახებაა ფილმი კრიტიკოსებმა ისიც კი თქვეს, რომ ეს დრამატურგია კი არა, არამედ ე.წ. „სიკვდილის ცეკვა“ იყო – არსებობს ასეთი წინარედრამატურგიული ჟანრი. ამბობდნენ, რომ ეს არის რელიგიური ფილმი, მონახეს ალუზია იობის თემასთან და თქვეს, რომ ფილმი არის იმაზე, რომ კაცმა რწმენა არასდროს არ უნდა დაკარგოს.

ამერიკის კინოაკადემიის პრემიას მოჰყვა კონტრაქტი სრულმეტრაჟიან ფილმზე „ბრიუგეში“, სადაც მარტინ მაკდონაფი რეჟისორიც იყო და სცენარის ავტორიც. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის სცენარის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბელგიის ამ ულამაზეს, შუასაუკუნეების ქალაქში იმოგზაურა. სწორედ იქ გაუშვა მან ფილმის ორი გმირი (კოლინ ფარელი და ბრენდან გლისონი მთავარ როლებში) – ორი დაქირავებული მკვლელი, რომლებმაც საბოლოოდ თავიანთი დავალება ვერ შეასრულეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9