ინტერვიუ მარტინ მაკდონაფთან

 

 

„თეატრი არასდროს იქნება ისეთი მწვავე, როგორსაც ვისურვებდი.“
შონ ო’ჰაგანი

 

ირლანდიურმა პიესებმა და პანკურმა სულისკვეთებამ იგი თაობის ყველაზე ცნობილ დრამატურგად აქცია. ბოლო პიესის – „ჯალათები“, – ლონდონურ პრემიერასთან  დაკავშირებით მარტინ მაკდონაფს შევხვდით. მან გვიამბო თავის ფესვებზე, გარდატეხის ასაკზე და არცთუ მარტივ დამოკიდებულებაზე მსოფლიო თეატრთან.

როცა მარტინ მაკდონაფს ინტერვიუ პირველად,  – ჯერ კიდევ 2001 წელს, – ჩამოვართვი, იგი ამბობდა, რომ ახლახან დაიწყო მუშაობა პიესაზე, რომელიც  თამაშდება „ბნელ დროში, ცოტა ადრე, ვიდრე ჩამოხრჩობა აიკრძალებოდა და აკრძალვის მერეც“. ერთადერთი, რაც მას ევალებოდა, „ისტორიის პირუთვნელი აღწერა“ იყო.  მას შემდეგ თოთხმეტი წელი გავიდა, ახლა უკვე აქ ვართ. ეს პიესა, „ჯალათები“ (Hangmen), რომელშიც მოქმედება ოლდჰემში თამაშდება, ლონდონის სამეფო უბნის თეატრში იდგმება (მთავარ როლებს ასრულებენ დევიდ მორისი (David Morrissey)  და რიის შეარსმიტითი (Reece Shearsmith)). ნუთუ მას ამდენი დრო დასჭირდა ისტორიაში გასარკვევად?

ვფიქრობ, სხვა პროექტებმა გამიტყუაო, მეუბნება მარტინ მაკდონაფი, როდესაც სამეფო უბნის თეატრის სარეპეტიციო  სივრცის მახლობლად, კლეპჰემის ბარში ვსხდებით. „მაგრამ ეს დასაწერად ბევრად ვერაგული პიესა აღმოჩნდა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ადრე წერას სუფთა ფურცლიდან ვიწყებდი, მაგრამ აქ საქმე ეხება დიდ ამბავს – სიკვდილით დასჯასა და სასამართლოს შეცდომებს – და მე მართლა არ მინდოდა, რომ ეს მხოლოდ პიესა-მესიჯი ყოფილიყო. უნდა გამომეგონებინა ისტორია, რასაც ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე, ბუშტივით გამებერა და მერე კი დამეცალა. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო დამჭირდა.“

მოქმედება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და თამაშდება ოლდჰემის პაბში 1965 წელს. სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოაცხადა. პაბის მეპატრონეა ჰარივეიდი (Harry Wade), რომელსაც პრობლემას უქმნის საკუთარი სტატუსი – ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი ჯალათი, თუ არ ჩავთვლით პენსიაში გასულ ალბერტ პირეპოინტს (Albert Pierrepoint). ვეიდის გვარი შედგენილია ორი რეალური ინგლისელი ჯალათის, ჰარი ბერნანდ ალენის (Harry Bernard Allen) სახელისა და სტეფენ ვეიდის (Stephen Wade) გვარის  შეერთებით. მაკდონაფის სხვა პიესების მსგავსად, „ჯალათებიც“  გამოირჩევა შავი იუმორით და ძალადობის ეფექტურად ორგანიზებული სცენებით. ირლანდიურ პიესებისგან განსხვავებით, რომლებმაც მას სახელი გაუთქვა, აქ ადგილობრივთა ხუმრობები უფრო მოზომილია.

მაკდონაფი ამას იმით ხსნის, რომ აქ მან მიმართა „ტრადიციული კომედიური ტრილერის“ ჟანრს, თუმცა დაუნდობელი სისასტიკისა და საგანგებოდ დაგეგმილი ძალადობის სცენებზე ბოლომდე უარი მაინც არ უთქვამს. ფაბულა იწყება ახალგაზრდა სამხრეთელი უცნობის, მუნის (მსახიობი ჯონი ფლინი – Johnny Flynn) პაბში შემოსვლით. მოსვლის მიზანი ბოლომდე არ გამჟღავნებულა. ეს არის დაძაბული დრამა, დაჩიავებული პერსონაჟებით, რომლებიც ინგლისისათვის დამახასიათებელ შეზღუდულ-რეპრესიულ ატმოსფეროში მოძრაობენ, რასაც მაკდონაფისათვის ტრადიციულ-გარდაუვლად შემაძრწუნებელი ფინალი ახლავს. საფრთხის ხელშესახები შეგრძნება კლაუსტროფობიის რეგულირების მექანიზმებით იქმნება და ისეთი ხერხებიც გამოიყენება, რასაც ჰაროლდ პინტერთან მივყავართ – მან ხომ მაკდონაფზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

„პინტერის ადრეული ნაწარმოებები სავსე იყო საფრთხით და იმ სპეციფიკური დაძაბულობით, რომელიც არსებობდა ინგლისსა და იმ სიბნელეს შორის, რაც ირგვლივ იყო“, ამბობს მაკდონაფი და თავს აქნევს. „რა თქმა უნდა, სამოციან წლების შუახანებში ინგლისში დაძაბული სიტუაცია იყო. ეს ერთდროულად ხდებოდა: აქეთ ანსამბლი „ბიტლზები“, რომლებიც ზუსტად ამ პერიოდში ზენიტში იყვნენ  და იქით სიკვდილით დასჯის – და ზოგჯერ უდანაშაულოდ დასჯის, – ვიქტორიანული პრაქტიკა. მე სწორედ ამ დაძაბულობის შესწავლა მინდოდა. სწორია თუ არა ადამიანის, კი ბატონო, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბოროტი ადამიანის, სიკვდილით დასჯა, და რა მოსდის იმ ადამიანს, რომელიც ამას აკეთებს? შეუძლია მას დაშორდეს იმას, რასაც აკეთებს?  არსებობს რამე, რაც შეიძლება მას წაადგეს? და რა კვალი რჩება ამ ადამიანებში?“

 

1 2 3 4 5 6 7 8 9