„ბედნიერი ადამიანები ვერ შთამაგონებენ“

მარტინ მაკდონაფი1 (Martin McDonagh) – ირლანდიელი წარმოშობის დრამატურგი, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი, „ოსკარის“ პრემიის ლაურეატი, ლონდონის ნაციონალური სამეფო თეატრის შტატიანი დრამატურგი.

მე-20 საუკუნის ბოლოსათვის დიდ ბრიტანეთში რამდენიმე თეატრალური ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის იყო,  ე. წ. „In-yer-face theatre“. თეატრის კრიტიკოსის ალექს სიერზის განმარტებით,  ეს  ცნება აღწერს რამდენიმე იმდროისათვის ახალგაზრდა ავტორის (სარა კეინი, მარკ რავენჰილი, ენტონი ნელსონი…) მხატვრულ ხერხს, რომლებსაც სცენაზე გამოაქვთ შოკისმომგვრელი და ვულგარული მასალა, რათა ამ ხერხით რამენაირად  შეანჯღრიონ და დააფიქრონ საზოგადოება. ამ დრამატურგთა რიგში მოიხსენიებენ მარტინ მაკდონაფსაც. მისი შემოქმედების შეფასების ამპლიტუდა ძალიან ფართოა – შავი კომედია, ფსიქოლოგიური დრამა, ასევე სოციალური დედექტივი.

როგორც ვთქვით, მარტინ მაკდონაფი ირლანდიელია. თუმცა სახელი მან ბრიტანული დადგმებით მოიპოვა და ბრიტანული თეატრის განვითარებაზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. ამ თვალსაზრისით იგი აგრძელებს დიდი ირლანდიელი დრამატურგების, ბერნანდ შოუსა და ოსკარ უაილდის ტრადიციებს.

მარტინ მაკ-დონაფი დაიბადა 1970 წლის 26 მარტს ლონდონის სამხრეთ რაიონში ღარიბულ ირლანდიულ ოჯახში. დედამისი დამლაგებლად მუშაობდა, მამა – მშენებლად. ირლანდიაში, სადაც მოქმედება დრამატურგის თითქმის ყველა პიესაში თამაშდება, მაკდონაფს მუდმივად არასდროს უცხოვრია და მხოლოდ ზაფხულობით ჩადიოდა ბებიასთან და ბაბუასთან. უნდა ითქვას, რომ გვარი „მაკდონაფი“ ძალიან გავრცელებულია ირლანდიელ ბოშათა შორის, ასე რომ მწერალს არა მარტო ირლანდიური ფესვები აქვს, არამედ ბოშურიც.

 

მარტინი სწავლობდა კათოლიკურ სკოლაში და 12 წლამდე უაღრესად ღვთისმოშიში ბავშვი იყო. გარდატეხის ასაკში რელიგიურობას პანკ-როკით გატაცება ჩაეცვლა.

მარტინისა და მისი უფროსი ძმის, ჯონის აღზრდა და სწავლა-განათლება არავის ებარებოდა. მათი მშობლები ირლანდიაში დაბრუნდნენ და წამოზრდილი ძმები ლონდონში მარტო დატოვეს. ბიჭები 16 წლიდან უმუშევრობის სუფსიდიებით ცხოვრობდნენ, მარტინს საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია. იგი მთელ დროს ტელევიზორთან ატარებდა, ზეპირად იცოდა მარტინ სკორსეზესა და კვენტინ ტარანტინოს ფილმები.

მიუხედავად იმისა, რომ ძმები მაკდონაფები იზრდებოდნენ ოჯახში, რომელსაც ხელოვნებასთან საერთო არაფერი ჰქონდა, ორივეს ლიტერატორობა ხიბლავდა. ჯონს გადაწყვეტილი ჰქონდა, მწერალი გამხდარიყო და მარტინმაც მას მიჰბაძა. ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინ მაკდონაფი ყვება, რომ მას მწერლობა საუკეთესო პროფესიად მიაჩნია, რადგან ლიტერატურული საქმიანობისათვის მხოლოდ საკუთარი თავი, ფანქარი და ფურცელია საჭირო.

მარტინი საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგა: თექვსმეტი წლის ასაკიდან ყოველდღე დილის ცხრიდან საღამოს ხუთამდე საწერ მაგიდას უჯდა, წერდა პიესებს და სცენარებს ტელესერიალებისათვის და თავს „საპატიო მიზეზით უმუშევარს“ უწოდებდა. საკუთარ ქმნილებებს მაკდონაფი გამუდმებით აგზავნიდა ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა, თუმცა არავინ ეპასუხებოდა. ამის მიუხედავად, მარტინი დაწყებულ საქმეს არ ეშვებოდა და  თანდათან ხელსაც იწაფავდა.


[1] ქართულ სივრცეში მისი გვარ-სახელის გამოთქმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: მარტინ მაკ-დონაფი, მარტინ მაკდონახი, მარტინ მაკდონა (მთრგმნ-ის შენიშვნა).

 

1 2 3 4 5 6 7 8 9