ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინ მაკდონაფმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დრამატურგობა „ქეციანი“ პროფესიაა, იმდენად რამდენადაც ის არც ძალაუფლებას იძლევა და არც ხმის უფლებას, ამიტომაც იყო, რომ რეჟისორის რანგში მან ფრთები ბოლომდე გაშალა. არც ერთ რეპეტიციას არ ჩაუვლია უიმისოდ, არც ერთი რეპლიკა არ მოხვედრილა ფილმში მისი ნებართვის გარეშე. გადასაღებ მოედანზე მაკდონაფი იყო ნამდვილი დესპოტი, რაც არ შეიძლებოდა რომ შედეგზეც არ ასახულიყო: ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო სცენარისათვის. ამ ფილმით მაკდონაფმა აჩვენა, რომ შედევრების გადაღება უზარმაზარი ბიუჯეტის, გაპიარებული ვარსკვლავებისა და დაუსრულებელი გაგრძელებების, ე.წ. „სიკველების“2 გარეშეც შეიძლება. მიუხედავად არაპოლიტკორექტული გამონათქვამებისა, კინოფილმი მაყურებელმა მაინც ძალიან შეიყვარა. მაკდონაფმა ამერიკულ კინემატოგრაფში მოიტანა ახალი ხედვა ცხოვრებაზე. ევროპაში კი ამ ფილმმა მიიღო თითქმის ყველა ჯილდო, რაც კი შეიძლებოდა.

ეპატაჟის ოსტატმა მარტინ მაკდონაფმა თავისი პირველი წარმატებული სრულმეტრაჟიანი ფილმის  შემდეგ განაცხადა, რომ მას არც ჰოლივუდი აინტერესებდა და არც თავისი კარიერა ჰოლივუდში. ამის მიუხედავად 2012 წელს გამოვიდა მისი ახალი ფილმი „შვიდი ფსიქოპატი“ (Seven Psychopaths), რომელშიც მან კვლავ კოლინ ფარელი გადაიღო. პროექტში მონაწილეობდნენ აგრეთვე სემ როკუელი, ები კორნიში, ვუდი ჰარელსონი, კრისტოფერ უოკენი და ტომ უეიტსი. კასტინგზე მიკი რურკიც იყო მიწვეული, მაგრამ იგი სასინჯ გადაღებებზე მაკდონაფს წაეჩხუბა, მთელი გადამღები ჯგუფის თანდასწრებით „იდიოტი“ უძახა და წავიდა. ამ ინცინდენტს მაკდონაფი სრულიად მშვიდად შეხვდა.

ამ აშშ/დიდი ბრიტანეთის ერთობლივი წარმოების ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჯელესში. შავი კომედია მოგვითხრობს სცენარისტისა და მისი მეგობრების ისტორიას. მეგობრები ფულს ძაღლების მოპარვით შოულობენ, რომლებსაც მერე პატრონებს გარკვეული თანხის საფასურად უკან უბრუნებენ. ერთხელაც აღარ გაუმართლათ: აღმოჩნდა, რომ მოპარული ძაღლი ერთ-ერთ განგსტერს ეკუთვნოდა. თავისი ფილმის ერთ-ერთ გმირს, სცენარისტს, მარტინ მაკდონაფმა ასეთი ფრაზა ათქმევინა: „მკვლელები და ფსიქოპატები საოცრად მომხიბვლელები არიან.“ ფილმმა მიიღო უამრავი ჯილდო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებლის სიმპათიის პრიზი ნომინაციაში „შუაღამის სიგიჟე“ ტორონტოს კინოფესტივალზე.

მარტინ მაკდონაფისათვის აბსოლუტურად სულერთია, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს იგი პუბლიკაზე. იგი, რბილად რომ ვთქვათ, უბრალოდ ვერ იტანს ჟურნალისტებს. რეჟისორი ისე გავარჯიშდა აბეზარი რეპორტიორების თავიდან მოშორებაში, რომლებიც მას პირადულ ან სხვა სახის უხერხულ კითხვებს უსვამენ, რომ მოხალისეთა რაოდენობა მცირეა. ამიტომაც დრამატურგის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამეა ცნობილი.

მარტინ მაკდონაფი ძალიან ახლოსაა თავის უფროს ძმა – ჯონთან, ასევე მწერალთან, რეჟისორთან და სცენარისტთან. მარტინი უყვებოდა ჟურნალისტებს, რომ მას ძმასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც გამოიხატება შემდეგი ფორმულით: დიდი რაოდენობით სიყვარული და ცოტაოდენი ზიზღი. მარტინი იყო თავისი ძმის ფილმის „ერთხელ ირლანდიაში“ პროდიუსერი 2011 წელს.

2018 წლის მარტში შედგა პრემიერა მისი ახალი ფილმისა „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისურიში“ (Three Billboards Outside Ebbing, Missouri), რომელიც მაკდონაფმა ათი წლის წინ დაწერილი საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმის იდეა მაშინ დაებადა, როცა  ამერიკაში მოგზაურობდა და ერთ-ერთი ქალაქის შესასვლელთან მრისხანე წარწერებიანი ბილბორდი დაინახა. მან ეს ბილბორდი დაუკავშირა ძლიერი ქალის სახეს. ასე დაიბადა სცენარი, რომლის ცენტრშიც არის დედა, რომელსაც ქალიშვილი მოუკლეს. მკვლელები ვერ იპოვეს, პოლიცია არაფერს აკეთებს მათ მოსაძებნად. თავის ტრაგედიაზე ყურადღების მიქცევინებას მთავარი გმირი ბილბორდების მეშვეობით ცდილობს. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ფრენსის მაკდორმანდი, რომელმაც მიიღო „ოსკარი“ და „ოქროს გლობუსი“ ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის. აღსანიშნავია, რომ მსახიობი და რეჟისორი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ და ამ როლის მიცემას რეჟისორი  მას ჯერ კიდევ ორი ათწლეული წლის წინ დაჰპირდა.

„სამ ბილბორდში“, ისევე როგორც „შვიდ ფსიქოპატში“ დაკავებული არიან სემ როკუელი, ვუდი ჰარელსონი, ები კორნიში. ფილმმა მოაგროვა უამრავი ჯილდო სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის ორი „ოსკარი“ (ქალის როლისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შესრულებისათვის). საგულისხმოა, რომ მაკდონაფმა თავისი ფილმის ჟანრი განსაზღვრა, როგორც შავი კომედია, თუმცა ბევრი კრიტიკოსი მას ტრაგედიას უწოდებს. რეჟისორი ამბობს, რომ რომანტიკულ ფილმს ვერასდროს გადაიღებდა, ამისათვის მას იუმორის მეტისმეტად პირქუში გრძნობა აქვს. „სამი ბილბორდზე“ მუშაობის დამთავრებისთანავე მაკდონაფი მაშინვე შეუდგა ახალ პროექტზე მუშაობას. თუ რა ერქმევა მის ახალ ფილმს, ჯერჯერობით უცნობია. ჟურნალისტებმა მოახერხეს გაეგოთ, რომ ფილმი მიეძღვნება ირლანდიის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მთავარ როლებს კი კვლავ მაკდონაფის საყვარელი მსახიობები კოლინ ფარელი და ბრენდან გლისონი შეასრულებენ.

გთავაზობთ ორ ინტერვიუს მარტინ მაკდონაფთან. პირველი მან 2016 წელს მისცა ინგლისურენოვან ვებგვერდს theguardian.com-ს და ეძღვნება მის ბოლო პიესას, მეორე კი – გერმანულენოვან ვებგვერდს filmdienst.de 2018 წელს და მარტინ მაკდონაფი აქ  თავის ბოლო ფილმზე საუბრობს.

 

მთარგმნელისაგან

 


[2] «sequel» [siːkwəl] უკვე გადაღებული ან დაწერილი ნაწარმოების გაგრძელება.

1 2 3 4 5 6 7 8 9