პიესა „ჯალათები“ მოასწავებს იმას, რომ მარტინ მაკდონაფი ლონდონის სცენას 12 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ამ პერიოდში მან თავისი ირლანდიური პიესებით დაიპყრო ამერიკა, ბროდვეიზე დასადგმელად გაუშვა კიდევ ერთი, ბაროკოს სტილის უძლიერესი პიესა „ცალხელა სპოკანეში“ (“A Behanding in Spokane”), რომელშიც მთავარ როლებს მისი ფავორიტი მსახიობები – ქრისტოფერ უოკენი (Christopher Walken) და სემ როკუელი (Sam Rockwell) ასრულებდნენ. ასევე გადაიღო ორი ფილმი  – შავი კომედია „ბრიუგეში“, რომელმაც კრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა და „შვიდი ფსიქოპატი“, – როგორც სცენარის ავტორმა და რეჟისორმა.

გაუჭირდა თუ არ თეატრიდან კინოზე გადართვა? „ჰო, თუ ასე გავყვებით, ფილმების შემდეგ „ჯალათები“ ჩემთვის გართობა და დასვენებაა. ჯერ ერთი, მე იძულებული ვიყავი გავმხდარიყავი რეჟისორი, რათა შემძლებოდა ჩემი სცენარის დაცვა. „შვიდ ფსიქოფატს“ კიდევ არა უშავდა, მაგრამ „ბრიუგეში“ იყო სრულიად ქანცისგამწყვეტი და გამომფიტველი სამუშაო. მე საქმე ისეთ ხალხთან – Focus Films, the production company – მქონდა, რომლებიც ცდილობდნენ შეეცვალათ ყველაფერი, რაც კი გამოუვიდოდათ. ნამდვილი ნაძირლები იყვნენ. ეს იყო განუწყვეტელი ომი, თუმცა ერთხელაც ვერ მომიგეს.“

ის ფაქტი, რომ მარტინ მაკდონაფი ბრიტანულ სცენაზე ამდენხანს არ გამოჩენილა, მის რეპუტაციას მხოლოდ წაადგა. „ბრიტანეთის უკლებლივ ყველა თეატრალური აგენტი პირდაპირ გვეხვეწებოდა, იქნებ ჩემი მსახიობები როგორმე ამ პიესაში მოახვედროთო,“ ამბობს მეთიუ დანსტერი, „ჯალათების“ რეჟისორი. მარტინ მაკდონაფი ხომ „უპირველეს ყოვლისა, მსახიობების დრამატურგია. მასთან მოხვედრაზე ყველა ოცნებობს, მსახიობები მას ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ, ისევე როგორც სხვები, თუკი ვინმე  დღეს თეატრში ან კინოში მუშაობს.“

მაინც რა არის მაკდონაფის შემოქმედებაში ისეთი, რაც მის მიმართ ამგვარ პატივისცემას აღძრავს? „ესაა სიყვარული ენისადმი,“ ამბობს მორისი. „მსახიობებთან ერთად კითხულობ პიესას და დაუყონებლივ გრძნობ დაუჯერებელ რიტმს, თითქოს სიტყვებს აქეთ და იქით აწოდებენ. ჯერ ეს აღაგზნებს თავისთავად, და მერე იწყებ პიესის სირთულის მოსინჯვას, ყველა იმ ძირითადი ძაფის შემჩნევას, რომელიც პიესაში ასე წმინდად და თვალსაჩინოდ იბმება.“

დანსტერმა მიამბო, რომ მაკდონაფი ესწრებოდა „ჯალათების“ რეპეტიციებს – „ის ცხადდებოდა სასწავლო ტრეინინგებსა და გასაწელ ვარჯიშებზე, რომლებსაც მსახიობები ყოველ დილით ასრულებენ“. წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება დაფრთხე,  მწერალი რომ თავზე გადგას და შენ კიდევ მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციას ცდილობ? „შეიძლება, ეს იმიტომაც იყო, რომ იგი გრძნობდა თავის, როგორც მწერლის, მნიშვნელოვნებას და ეს გარკვეულწილად დამთრგუნველია, თუმცა ამავე დროს საოცრად საპატიო და სასიამოვნოა. ვფიქრობ, იგი იქ მართლა მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის იყო. მას მოსწონს იმის ყურება, თუ როგორ ცოცხლდება მისი ნაწარმოები“.

დანსტერს ვეკითხები, იცვლება თუ არა ზოგადი განწყობა ამ პიესაში, იქნებ ატმოსფერო აქ უფრო ნაკლებად დაძაბულია, ვიდრე სხვა პიესებში? „ვერ ვიტყოდი. ეს სიტუაცია შეესაბამება უფრო ინგლისის ჩრდილოეთს, ვიდრე ირლანდიის დასავლეთს, ჟარგონია სხვანაირი, თუმცა თავის სათქმელს იგი აქაც მშვენივრად გვაწვდის. მის ნაწერში ნამდვილად იგრძნობა ეს სიზუსტე. მას ნამდვილად აქვს ადგილის აღქმის დაუჯერებელი გრძნობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ  მის ფანტაზიას ეყრდნობა. მე სინამდვილეში ოლდჰემიდან ვარ, თვითონ კი იქ არასდროს ყოფილა, თუმცა პიესაში ნამდვილი ოლდჰემია აღწერილი, რეალური და ყველასთვის ნაცნობი.“

შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი მარტინ მკდონაფი ახლა უფრო მზემოკიდებული და სიმპათიურია, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო. მან მოახერხა კრიტიკოსთა პატარა, მაგრამ აგრესიული გუნდის მოგერიება, რომლებიც უარყოფდნენ მის ადრეულ ნამუშევრებს, როგორც ძალადობრივ, ირლანდიური სტერეოტიპებით სავსე ნაწარმოებებს. ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის ისიც კი გაუგებარი იყო, თუ „გარეშეპირი“ (შეგახსენებთ, რომ მაკდონაფი დაიბადა ლონდონში, ირლანდიელი მშობლების ოჯახში და გააჩნია ბრიტანული და ირლანდიური მოქალაქეობა) რა უფლებით ლაპარაკობდა თანამედროვე ირლანდიურ საზოგადოებაზე, თან ასეთი მწვავე სატირის ფორმით.

„ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო, ვისაც ჭკუა ნაკლებად უჭრიდა“, ამბობს იგი და იღიმება. „მგონი, ირლანდიაში დღემდე ასეა: „ვინ ოხერია ეს ნაბიჭვარი ინგლისელი, ჩვენ რომ გვაკრიტიკებს?“ არ უსმენენ მას, ვინც რეალურად მათთან არ ცხოვრობს. მრავალი ირლანდიელი ჟურნალისტი თუ კომენტატორი ვერ იგებს, რომ გაკრიტიკების უფლება  დიასპორასაც აქვს“.

ლინეინის ტრილოგიის („ლინეინის სილამაზის დედოფალი“, „თავის ქალები კონემარეში“, „მარტოსული დასავლეთი“), ისევე როგორც  „ინიშმანის ხეიბარის“ წერისას მაკდონაფი, რა თქმა უნდა, ძალიან გაერთო ტრადიციული ირლანდიური თეატრის ელემენტების შეერთებით. მისი პერსონაჟები ერთდროულად ჰიპერტროფიულ-სოფლურებიცა და ხალისიან-მიზანტროპულებიც არიან, დასცინიან სახლის, კერიისა და ოჯახის ერთ დროს წმინდა კავშირს, – ხოლო რწმენასა და საზოგადოების მიმართ ისეთ უპატივცემულობას იჩენენ, რომელიც შოკისმომგვრელიცაა და სახალისოც. „ლინეინის სილამაზის დედოფალში“ ენამწარე ინვალიდი დედა და ქალიშვილი გამუდმებით ჩხუბობენ და ერთმანეთს ებრძვიან. მათი მტრობა ზენიტს შოკისმომგვრელ სცენაში აღწევს, როცა ქალიშვილი დედას კარტოფილის შესაწვავად ათუხთუხებულ ცხიმში ხელს აყოფინებს. „მარტოსულ დასავლეთში“ ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთმა მამას თოფის გასროლით თავი წაასხიპა, ერთმანეთს გამუდმებით ეჩხუბებიან, ამ დროს ადგილობრივი მღვდელი, ჩამოყალიბებული ლოთი, თავს ტბაში იხჩობს. „კონემარეს თავის ქალებში“ მარადიულ სასუფეველში მკვდრებსაც კი არ ასვენებენ  და მათ ძვლებს თხრიან, რათა ახალ მიცვალებულებს ადგილი გაუთავისუფლონ.

თანაც ყველაფერ ამას მარტინ მაკდონაფი ერთი ყოფითი დეტალით – ადგილობრივი გასტრონომიული ბრენდებით (კიმბერლის ფუნთუშებით და ტაიტოს ჩიფსებით) კაზმავს. ეს არის სხვანაირი, პატრიარქალური ირლანდიის პასუხი იმ ტურისტებისადმი, რომლებსაც ასეთი ირლანდია არ აინტერესებთ. როგორც ირლანდიელი მწერალი და პოლიტიკოს-ანალიტიკოსი ფინტენ ო’ტული (Fintan O’Toole) 1999 წელს აღნიშნავდა, „მაკდონაფის ლინეინი  ჩარჩენილია 1930-იან წლებში. ის გაყინული, თავის თავში ჩაკეტილი საზოგადოება დღეს 40 წლითაა დროში გაჭრილი. ახლა მიყრუებულ ადგილებშიც კი მაღალი ტექნოლოგიებია, ჩვენს წინაშეა პოსტმოდერნული ირლანდია მედიის მიერ შექმნილი სურათხატებით, მულტინაციონალური კომპანიებითა და ტურიზმით“.

დიახ, ის ირლანდია ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მან გაიარა ის ტრავმული პერიოდი, რომელზეც ვისაუბრეთ, ე. წ. „კელტური ვეფხვის“3 ეკონომიკის კოლაფსი, რამაც ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. „ოჰ, ღმერთო, დაუჯერებელია!“ ამბობს მაკდონაფი და თავს აქნევს. „მახსოვს, სულ მეკითხებოდნენ, რატომ ახალ ირლანდიასა და „კელტურ ვეფხვზე“ არ ვწერდი, სადაც ყველაფერი ასე კარგად იყო? იმიტომ არ ვწერდი, რომ ეს ყველაფერი ფიქცია და  სისულელეა.“

დაუჯერებელია, მაგრამ მაკდონაფის ყველა ადრეული პიესა, „ინიშმორის ლეიტენანტის“ ჩათვლით, დაიწერა 1994-1995 წ.წ., როცა მას მუზამ ასე ინტენსიურად შემოუტია. როგორც თვითონ აღწერს, „… ჩემს ოთახში ვიჯექი და თავში ერთი რეალური აზრიც კი არ მიჭაჭანებდა, რა უნდა მეკეთებინა და სად წავსულიყავი.“ ჰოდა, ეს 24 წლის ახალგაზრდა, როგორც თვითონ ამბობს, „სასოწარკვეთილებისაგან“ წერას იწყებს. მრავალი წელი უმუშევრად გაატარა, ვიდრე სახელმწიფო სამსახურში დაბალანაზღაურებად სამუშაოს იშოვიდა, რომელიც მალევე მიატოვა, რათა ბედი მწერლობაში ეცადა.

 


[3] ირლ. An Tíogar Ceilteach, ინგლ. Celtic Tiger – ეკონომიკური ტერმინი, რომელიც მომდინარეობს მეტაფორული დასახელებიდან „ეკონომიკის ვეფხვები“ და გამოიყენება იმ ქვეყნების ეკონომიკის დასახასიათებლად, რომლებმაც ეკონომიკის სწრაფ აღმავლობას მიაღწიეს. კონკრეტულად კი ირლანდიას, ამ აღმავლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობდა 1990-2001 წ.წ., მეორე ეტაპი – 2003, მესამე და პიკური ეტაპი – 2008 წელს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9