„ბედნიერი ადამიანები ვერ შთამაგონებენ“

ინტერვიუ მარტინ მაკდონაფთან,

ფილმის „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისურიში“ რეჟისორთან

 

ესაუბრა მარგარეტ კიოლერი

საიდან მოდის ფილმის დასახელება? „ბილბორდები“, იგივე „სარეკლამო დაფები“ ხომ სუფთა ამერიკული სიმბოლოებია.

მაკდონა(ფი): დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტობუსით ვმოგზაურობდი და ფანჯრიდან თვალი მოვკარი ბილბორდს, რომელზეც ასეთი რამე ეწერა: „რატომ არაფერს აკეთებთ ამ დანაშაულის გასახსნელად?“. ჩემს თავს ვკითხე, საიდან ამხელა ტკივილი? ვის უნდა დაეწერა  ასეთი რამე სარეკლამო დაფაზე? რაღაც მომენტში წარმოვიდგინე, ამას იზამდა დედა, ქალი, რომელიც ახალგაზრდა აღარაა. იგი გლოვობს შვილს, თან ბრაზი და წუხილი ახრჩობს. ჩემთვის ეს ბილბორდები კინემატოგრაფიული მოვლენა იყო. ზუსტად ეს ამერიკული ემოციები და შთაბეჭდილებები მჭირდებოდა. აი, თქვენ რას იტყოდით, ჩემი ფილმი უფრო ამერიკულია თუ ამერიკის ევროპული ვერსიაა? მიპასუხეთ, ძალიან გთხოვთ!

ჩემი აზრით, უფრო ამერიკულია.

მაკდონა(ფი): უჰ, რა კარგია! ბუნებრივია, ევროპულ ხედვას ვერსად წავიღებ, მაგრამ ეს ფილმი და ეს ისტორია უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ამერიკული, დანახული შიგნიდან და არა გარედან.

არსებობს კი ასეთი მყუდრო და სასიამოვნო ადგილი – ებინგი, მისური, თუ გამოგონილია?

მაკდონა(ფი): რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, რომ ეს ადგილი მაინცდამაინც მისურის შტატში არც ყოფილიყო. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ერთ-ერთი სამხრეთული შტატი, სადაც რასიზმის ისტორია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. ფილმს ვიღებდით სილვაში (Sylva), ჩრდილოეთ კაროლინაში. მცხოვრებლები კეთილად იყვნენ განწყობილნი. იმედი მაქვს, ფილმიც მოეწონათ და არ თვლიან, რომ მათი ქალაქის რეპუტაცია შევბღალე. ხალხის გაშარჟება არასდროს გვიცდია.

თქვენ მსახიობ ფრანსიზ მაკდორმანდს საგანგებოდ მოარგეთ მგლოვიარე დედის როლი. თავიდანვე იცოდა, რომ ამას უპირებდით?

მაკდონა(ფი): არა, სანამ სცენარის არ დავწერე, არაფერი მითქვამს. მერე გავუგზავნე, მას შემდეგ ოთხი თუ ხუთი წელი გავიდა… მას ეს სცენარი მაშინვე შეუყვარდა. ფრანსიზ მაკდორმანდი უზადო, პატიოსანი და ძლიერი ადამიანია. მუშათა კლასის მიმართაც გულისხმიერია.  იუმორიც რა კარგად მოაქვს! უარი რომ ეთქვა, სრულიად უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ფრანსიზ მაკდორმანდი არის ქალი-გმირის ახალი ტიპი. მოძალადე პოლიციელის სახეზე მუშაობისას, თვალწინ სულ სემ როკველი (Sam Rockwell) მედგა. ეგ ხომ ყველანაირ როლს ირგებს, გმირი, ანტიგმირი… შეუძლია კარგი ტიპიც იყოს და მაგარი ჩათლახიც.

თქვენი ფილმი ბალანსირებს მკვახე ტონს, მგრძნობიარობასა და დრამას შორის.

მაკდონა(ფი): ჰო, ისევე როგორც ჩემი პიესებშია ხოლმე. მე ასე ვხედავ სამყაროს. ტრაგედიასა და ნაღველს მწიკვი იუმორიც უნდა დაუმატო, რათა სისულელეს დასცინო. არ შეიძლება მხოლოდ ერთ მიმართულებას აწვებოდე, მაყურებელი გაგექცევა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9