მალევე მან ნიუ-იორკიც დაიპყრო, ყოველ მის ირლანდიურ პიესას მოჰყვა დადგმები ბროდვეიზე, გადაჭედილი დარბაზები და ერთნაირად ექსპანსიური მიმოხილვები ერთი გულმხურვალე კრიტიკოსის წყალობით, რომელიც მას „ოცდამეერთე საუკუნის პირველ უდიდეს დრამატურგს უწოდებს“. ეს იყო მშფოთვარე დრო ახალგაზრდა დრამატურგის ცხოვრებაში, რომელიც სულ ირწმუნებოდა, რომ თეატრს ვერ იტანდა  და რომლის წარმატებას  მუდმივად ახლდა  მისი, როგორც ზომაზე მეტად პირამთქმელი და უსაქციელო ადამიანის რეპუტაცია. 1996 წლის Evening Standard-ის თეატრალური პრემიების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც ის  ყველაზე იმედისმომცემ დებიუტანტად დასახელდა, მან და ჯონმა დედოფლის სადღეგრძელოს შესმაზე უარი განაცხადეს და მაკდონაფმა შონ კონერს

„fuck off“-ო მიაძახა, იმ დროს როცა მსახიობი მას ამუნათებდა, მეტი პატივისცემის გამოჩენა გმართებსო. „ეს იყო მთვრალი იდიოტების  შეკრება“, მითხრა მან 2001 წელს, თუმცა მაშინ ტაბლოიდებს მხიარულების შანსი მიეცათ, დედამისი კი ისე გაუბრაზდა, ერთი კვირა არ დალაპარაკებია.

2001 წელს მან კვლავ აახმაურა პრესა, როცა მან ტრევორ ნანი, ნაციონალური თეატრის რეჟისორი, მკაცრად გააკრიტიკა – რეჟისორმა მისი ახალი პიესის „ინიშმორის ლეიტენანტის“ დადგმაზე უარი თქვა. ამ პიესაში გამასხარავებულია ირლანდიური რესპუბლიკური ექსტრემიზმი, არის სცენები, სადაც  ერთი კაცი ფეხის ფრჩხილებს იძრობს, ხალხს აბრმავებენ, გვამებს კუწავენ და კატას ღებავენ. მარტინ მაკდონაფის სიტყვებით, ტრევორ ნანი ბედავს იფიქროს, რომ თურმე ამ პიესის დადგმით ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს საფრთხე ემუქრება. მოგვიანებით, იმავე წელს, მან გააკრიტიკა ლონდონის „მხდალი“ და „კურდღელი“ პროდიუსერები, რომლებმაც მისი პიესის დადგმაზე უარი იმის შიშით თქვეს, რომ შეიძლებოდა მათი თეატრები ირლანდიელი ტერორისტების სამიზნედ ქცეულიყო.

შეიცვალა თუ არა ამასობაში მისი დამოკიდებულება ბრიტანული და ირლანდიური თეატრალური ისტებლიშმენტისა და, საერთოდ, თეატრისადმი? „სიმართლე რომ ითქვას, არა,“ ამბობს იგი უყოყმანოდ. „ვვარაუდობ, და ამას უკვე შევეგუე, რომ თეატრის ქმედება  ისეთი მწვავე არასდროს იქნება, როგორსაც მე ვისურვებდი. ეს ძვირი სიამოვნება იქნებოდა. როგორც ჩანს, ეს აუდიტორიის ბრალიცაა. აი, ეს იმასავითაა, გადაპრანჭული კერძის საჭმელად გადაპრანჭულ რესტორანში რომ მიდიან და თვლიან, რომ რახან იქ არიან, რახან დიდი ფული გადაიხადეს, ამ საჭმლით უნდა ისიამოვნონ კიდეც, თუნდაც მას ქაქის გემო ჰქონდეს.“

აღიარებთ, რომ ალან ეიკბორნის (Alan Ayckbourn) სპექტაკლს არასდროს ნახავთ?

„იცით რა, მე მას საერთოდ არ გავაკრიტიკებდი. ეს არის თეატრის ყველაზე სნობური, ინტელექტუალური, პოლიტიკური მხარე, რომელიც არ მაინტერესებს.“

რას იტყოდით ახალ, უფრო ახალგაზრდა დრამატურგებზე, მაგ. პოლი სენჰემზე (Polly Stenham)? ხომ არ გრძნობთ მსგავსებას მასთან?

„მე მისი ნამუშევარი არ მინახავს. წვეულებაზე შევხვდი, ბრაზიანი და ლამაზი იყო.“ მხრებს იჩეჩავს და ოხრავს. „ვიცი, რომ ახალგაზრდა დრამატურგებს უფრო მეტად უნდა ვეცნობოდე, მაგრამ გულახდილად თუ ვიტყვი, სპექტაკლის ნახვის სურვილი არ მაქვს. რას ვიზამ, ცუდი გამოცდილება უარყოფითად განმაწყობს.“

რას იტყოდით დრამატურგ დევიდ ჰეირის (David Hare) შესახებ, მე მას გირჩევდით.

„ვერ გავიგე, ეგ ახლა მართლა პოლიტიკურ პიესებს წერს? რა ვიცი, სულ კვნესის, სკამზე ეხეთქება, პანტონიმას ასრულებს, თოფის ლულას პირში იდებს  და სასხლეტზე თითს აჭერს“.

მარტინ მაკდონაფი ამ დღეებში აშკარად უფრო მშვიდად გამოიყურება. გავბედავ და ვიკითხავ, უკვე დაწყნარდა?

„მორჩი ახლა, შონ,“ მიცინის. „ახალი შეყვარებული მყავს, მელინა. ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. გვყავს ძაღლი. მაგრამ რა ძაღლია, არ გეტყვი [იცინის]“.

„მას სამწერლო ხმაც კი შეეცვალა. – „ჯალათები“ არის პიესა, სადაც ის არ ჩქარობს“, – მეუბნება მეთიუ დანსტერი. „მეორე მოქმედებაში არის ერთი სცენა, რომელიც 30 გვერდზე გრძელდება – არადა, ეს მოქმედება სულ 55 წუთიანია. ეს რომ გააკეთო, როგორი თავდაჯერებული უნდა იყო. ეს ყველაფერი ასაკთან ერთად მოდის“.

როცა მე მარტინ მაკდონაფს ვეკითხები, წარმატებამ შენი ახალგაზრდული სიბრაზე ხომ არ გაანელა-მეთქი, პასუხის გასაცემად დროს ითხოვს. „ჩემი მომავალი ფილმი5, გარკვეულწილად, ყველაზე ბრაზიანია, რაც კი აქამდე გამიკეთებია. თუმცა მართალი ხარ, მართლა ვნერვიულობ, რომ ამ სულელურ ფაციფუცში რისხვასა და პანკ-როკულ სიხარულს ვეღარ ვგრძნობ, რაც ალბათ მართლაც წარმატების ან ასაკის ბრალია. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, იქნებ იმიტომ აღარ ვბრაზობ, რომ  უკვე თავადაც ამ თეატრის მონაწილე ვარ – თან იმ დროს, როცა ეს სულ არ მინდა.“

ცოტა ხნით ჩერდება, აზრები რომ მოიკრიფოს. „ანუ ბრაზი ჯერ კიდევ არსებობს? არ ვიცი… ეს ისეთი რამეა, რის გამოც თავს ვებრძვი. ერთხელ გქონდა ეს ბრაზი და შენ შექმენი შენი გაბრაზებული პიესები, ძნელია უკან დაბრუნდე და ყველაფერი თავიდან დაიწყო და რაც მთავარია, ეს მწერლისთვის კარგი არ არის. წესით, პანკური სული ჯერ კიდევ შემორჩენილი უნდა მქონდეს, იმედი არ დამიკარგავს.“

 

ინგლისურიდან თარგმნა  შორენა შამანაძემ

 


[5] იგულისხმება „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისურიში“ (მთრგმნ-ის შენიშვნა).

 

1 2 3 4 5 6 7 8 9