თავიდანვე გეგმავდით, რომ კონფლიქტის გადაჭრის გზებს არ აჩვენებდით?

მაკდონა(ფი): თავიდან არ ვიცოდი, თუ სად წამიყვანდა მოგზაურობა. ყველა შემთხვევაში ღრმად მოსინჯვას ვაპირებდი. ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა ასეთი ღია ფინალი, როცა კითხვებზე პასუხი არ გაიცემა, ვიდრე დანაშალულის აღწერადა ახსნა.

თქვენ შეგვყავართ ამერიკის გულში, ტრამპის ამომრჩეველთა სამშობლოში. ეს უკვე კარგი მასალაა პოლემიკისათვის. წარმოგვიდგებიან, როგორც კონსერვატორები და რასისტები, რაც სულაც არ ნიშნავს აუცილებლად სულელს ან ბოროტს. ეს ხომ არ არის ერთგვარი გზავნილი, რომ არ არის საჭირო ტრამპის მომხრეთა უნისონში დემონიზირება?

მაკდონა(ფი): დიდაქტიკური ან კრიტიკული მიდგომა საერთოდ არ მიფიქრია. ამერიკას ბევრი  წახნაგი აქვს. არ დაგავიწყდეთ: ბარაკ ობამა ორჯერ აირჩიეს. ჰილარი კლინტონს კი რაოდენობრივად ხმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე ტრამპს. ჩემი მიზანი არ ყოფილა დაძრულ მატარებელს შევხტომოდი და ტრამპის ამომრჩევლები მელანძღა. ეს იაფფასიანი ქცევა იქნებოდა. რა, ლონდონის და ბრექსიტის ამბავი ნაკლებია? ამერიკელებს შეუძლიათ ოთხ წელიწადში სხვა პრეზიდენტი აირჩიონ, დიდ ბრიტანეთს კი ბრექსიტის გადაწყვეტილების უკან გაწვევა ნამდვილად გაუჭირდება. „სოფლელი ამერიკელის“ (Hillbilly) სახის შექმნა უნამუსობაა, ამერიკა მრავალშრიანია. ყველა ქვეყანაში, იქნება ეს ამერიკა, საფრანგეთი თუ გერმანია, არსებობს წესიერი ხალხი. ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს.

მაინც სად იპოვეთ ასეთი უნამუსო ტიპები?

მაკდონა(ფი): იმიტომ რომ თვალები ფართოდ მაქვს გაღებული. მატარებელში რომ ვარ, ან სუპერმარკეტში, ხალხს ვუსმენ ხოლმე, რას ლაპარაკობენ. გადასაღები მოედნების ძებნისას ჩემს მეგობარ ქალთან ერთად მთელს ამერიკაში ვმოგზაურობდი, მისისიპში, ალაბამასა და ნიუ-მეხიკოში უცნაურ ადამიანებს ვხვდებოდით, უმშვენიერეს ადგილებს ვათვალიერებდით, თუმცა დიდ სიღარიბესაც ვაწყდებოდით. მისისიპის ზოგიერთ რაიონში პირდაპირ გამაოგნა „თეთრ“ და „შავ“ ქალაქებს შორის განსხვავებამ. თანამედროვე სამყარო, მთელი თავისი  დიდებულებით უეცრად სადღაც აორთქლდა: უბადრუკი სუპერმარკეტები, ცარიელი თაროები…  ასეთ ქალაქებში თუ ვინმე აიწყვეტს და გარეკავს, გასაკვირი არ იქნება. ბევრი გრძნობს აქ თავს დატყვევებულად. დიდი ხნით ვერავის დაუკავებ განათლებისა და უკეთესი ცხოვრების შანსებს.

თქვენი ფილმების არც ერთი პროტაგონისტი – იქნება ეს „სამი ბილბორდი“, „ბრუგეში“ თუ „შვიდი ფსიქოპატი“, – ბედნიერი არ არის.

მაკდონა(ფი): ბედნიერი ადამიანები არ შთამაგონებენ; ისინი საინტერესოდ არ მიმაჩნია. მათ აკლიათ ქარტეხილები, დრამები. არც კი ვიცი, რას ნიშნავს საერთოდ ბედნიერება.

თეატრალური პიესის დაწერა უფრო გეადვილებათ თუ ფილმის სცენარის?

მაკდონა(ფი): სიამოვნებით გადავდივარ ერთიდან მეორეზე. სხვათა შორის, სცენარის დაწერა უფრო ძნელია. მე კარგად გამომდის დიალოგები, ფაბულა და ხასიათები. სცენები თავში უნდა მოიხარშოს. თუკი  პიესის წერისას ოთახის სცენას წარმოიდგენ, ფილმის სცენარი ერთიანობაში უნდა დაინახო. ამასობაში უკვე გამოცდილებაც დამიგროვდა და უფრო იოლადაც გამომდის, თუმცა ფილმის ბიზნესში ჯერ ბოლომდე არ შევსულვარ. ეს საკმაოდ სწრაფმავალი საქმეა. თუმცა თავდაჯერება ნამდვილად მომემატა, ყურადღებას მხოლოდ მნიშვნელოვანს ვაქცევ  და ყველა დეტალზე აღარ ვნერვიულობ. „სამი ბილბორდი“  ყველაზე იოლი პროექტია, რაც კი აქამდე მქონია. ერთ პროდიუსერსაც კი არ უცდია ჩემთვის მითითებები მოეცა.

აქამდე მხოლოდ სამ სრულმეტრაჟიან ფილმს შეასხით ხორცი..

მაკდონა(ფი): მე ზარმაცი ტიპი ვარ, მიყვარს მოგზაურობა და არ მიყვარს, როცა რამეს მაძალებენ. რამდენიმე პროექტი მაქვს უჯრაში შენახული, რომლებსაც ალბათ განვახორციელებ. თუმცა მინდა, ხარისხი შევინარჩუნო და ეკრანზე  „რაღაცა“ არ გავიტანო. დიდების მოპოვება  ჩემი საქმე ნამდვილად არ არის.

გერმანულიდან თარგმნა  შორენა შამანაძემ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9