(სარგის ცაიშვილის დაბადებიდან 90-ე წლისთავის გამო)

არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ადრეული სიჭაბუკიდანვე ჩემზე ასაკით უფროს ლიტერატორებთან სიახლოვე მომწონდა და მსიამოვნებდა. იმათგან მაინც ოთხ პიროვნებას გამოვაცალკევებდი. ესენია: გურამ ასათიანი, სარგის ცაიშვილი, თამაზ ჩხენკელი, არჩილ სულაკაური. თითქოსდა განდობილები იყვნენ, ერთმანეთისგან არაფერი ჰქონდათ დაფარული. ყველას ბედნიერად უნდა ჩაეთვალა თავი, ამ ვიწრო წრის სერობაზე თუ მოხვდებოდა. მე ბევრჯერ მერგო მათ გვერდით ყოფნა.

ამ შესაშური ოთხეულის შემხედვარეს უნებლიეთ მახსენდებოდა გენიალური ჰოფმანის ოთხი უკვდავი, რომანტიკულად განწყობილი პოეტური ბუნების პერსონაჟი – “სერაპიონის ძმები” – უერთმანეთოდ არსებობა რომ არ შეუძლიათ, ხანგამოშვებით იკრიბებიან, ძვირფას ღვინოს წრუპავენ და ერთმანეთის ფანტასტიური მონათხრობებით სულს იოხებენ.

ზემოთ ნახსენები ოთხეულიდან გურამ ასათიანი ყველაზე ადრე, 54 წლისა განეშორა სამზეოს. ეს იყო ქართული კულტურის უდიდესი დანაკარგი, რაზედაც უზომო მწუხარებით ვწერდი და ჩემი გულისტკივილი სარგის ცაიშვილის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში გამოვაქვეყნე.

ამჟამად თვით სარგისთან შეხვედრებიდან და საუბრებიდან მინდა გავიხსენო ზოგი რამ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები მთლად მწყობრი და თანამიმდევრული ვერ იქნება, მაგრამ, საბოლოოდ, ერთი პიროვნების ირგვლივ მოიყრის თავს და, იმედია, ეს გაამთლიანებს.

აქ მხოლოდ იმას ვიტყვი – რამდენად დიდია სარგის ცაიშვილის ღვაწლი რუსთაველის, გურამიშვილის, სულხან-საბა ორბელიანის და წარსულის სხვა კლასიკოსთა შესწავლაში. იგი ვიწრო ჩარჩოებში არ ჩაკეტილა და მუდამ გულმოდგინედ აკვირდებოდა თანამედროვეობის მაჯისცემას. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის ქვესათაური ტყუილად როდია “წინამორბედნი და თანამედროვენი”.

იმის აღუნიშნაობაც არ ივარგებს, რომ სარგის ცაიშვილმა წლები შესწირა ქართული მწერლობის ორი ტიტანის რუსთაველისა და გურამიშვილის სწორუპოვარი პოეზიის შესწავლას. მათ შემოქმედებაზე დაწერილი ნაშრომები აზროვნების სიღრმითა და მასშტაბურობით, თვალსაწიერის სიფართოვით გამოირჩევა.

სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც ლექსის ვერშემგრძნობ ტექსტოლოგებს “ვეფხისტყაოსნის” უძლიერესი სტროფი ამოუღიათ. მაგალითად, მათ უგემოვნობასა და წინდაუხედაობას ემსხვერპლა ის ადგილი, როცა განრისხებული დავარი, თავის მოკვლამდე, ძმისწულის უმოწყალოდ ცემის შემდეგ, ნესტანს ზღვაში დასანთქმელად ატანს ზანგ მონებს (“მან უთხრა: “წადით დაკარგეთ მუნ, საცა ზღვისა ჭიპია…”). შემდგომში ეს გაუგებრობა გასწორდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მდარე ადგილი დღემდე ხელუხლებელია. მუდამ მაეჭვებდა პოემის მოზრდილი თავის (“ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა”) ერთი არაფრისმთქმელი სტროფი, რომელიც საერთო ფონზე აშკარად უბადრუკად აღიქმება. ავთანდილის უებრო გარეგნობით ფატმანი რომ გონის წასვლამდე მოხიბლულია, ეს ბევრგან ჩანს და, ამდენად, ეს სტრიქონები ზედმეტი უნდა იყოს:

ფატმან მისსა შვენებასა მეტისმეტად ჰკვირდებოდა,
მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა;
“შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყოვნდებოდა!”
თუმცა რასმე იფერებდა, მეტი არა გაჰვიდოდა.

ყველაფერთან ერთად, “ვეფხისტყაოსნის” ავტორი რითმის ვირტუოზიცაა და ასე არ მიაფუჩეჩებდა სარითმო წყვილებს (ჰკვირდებოდა – ღიმდებოდა – ყოვნდებოდა – გაჰვიდოდა). თანაც ერთი სიტყვათშეთანხმება – “თავის წინა” – მომდევნო სტროფში მეორდება (ფატმან უხმო: “მოდი მნახე, მარტო ვარო თავის წინა…”), რაც რუსთაველისთანა ოსტატისგან ნაკლებ მოსალოდნელია.

ჩემი მოსაზრება გავუზიარე სარგისსაც, რომელსაც პოემის ტექსტზე ვეება გამოკვლევა, სადოქტორო დისერტაცია, ჰქონდა გამოქვეყნებული. მითხრა – ეგ ეჭვი უსაფუძვლო არ არის, მაგრამ აქ ერთი ისეთი ფორმაა, კიდევ დაკვირვება ჭირდება, ამოსაღებად ვერ გავიმეტეთო. რომელი ფორმა, აღარ დაუზუსტებია.

გურამიშვილზე ბევრჯერ მქონია სარგისთან საუბარი. “დავითიანის” ავტორს აქვს იგავად თქმული სტროფები, რომლებზეც მიწერილია – “ასახსნელად ადვილი” ანდა თვით ლექსშივე მიანიშნებს წამკითხველს (“თვითონაც მალე ახსნიან, თუმცა რომ მაიწადებენ”). ერთი ასეთი დაქარაგმებული “ამიცანა ზმიანი” (“ცოცხალნი შობენ მკვდართა, და მკვდარნი ცოცხალთა ბადებენ”), მოწადინების მიუხედავად, ვერაფრით ვერ ამოვიცანი და სარგისს მივადექი – კაცურად, გამაგებინე, რა იგულისხმება-მეთქი. გაეცინა და მითხრა – ქათამზე და კვერცხზეაო.

 

1 2 3 4 5 6 7