სარგის ცაიშვილი საგანგებოდ შეეხო გალაკტიონის მიერ წარსულის მემკვიდრეობის ათვისებას. აქ უნდა დავიმოწმო მისი მნიშვნელოვანი წერილი “გალაკტიონი და ქართული კლასიკური პოეზია”. წერილის ავტორი თავისივე 1961 წლის 2 თებერვლის დღიურის მიხედვით აღადგენს, არჩილ სულაკაურთან და თამაზ ჩხენკელთან ერთად, როგორ ეწვია სიმონ ჩიქოვანს, ვინაც ახალგაზრდა თაობების ბრძენი მოძღვარი და მასწავლებელი იყო. სიმონ ჩიქოვანს გაუხსენებია იშვიათი შემთხვევა, როცა გალაკტიონს მწერალთა შეზღუდულ წრეში (გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, სიმონ ჩიქოვანი, ლევან ასათიანი…) გამოუთქვამს გულისწყრომა, რომ მას სრულიად უსაფუძვლოდ ადარებენ მაიაკოვსკის, თვითონ კი სიახლოვეს უფრო ბლოკთან გრძნობს. დაუსახელებია, აგრეთვე, ერთი ფრანგი პოეტიც. ეს უეჭველად ვერლენი იქნებოდა (“ხშირად ვიხსენებ ვერლენს, როგორც დაღუპულ მამას…”). ძალზე ფასეულია გალაკტიონის მსჯელობა “საგანთა მუსიკაზე”, რასაც სარგის ცაიშვილის მოკლე, დამაკვალიანებელი დასკვნა მოსდევს: “მე ვფიქრობ, რომ საგნებს აქვთ თავისი მუსიკა და პოეტმა სწორედ მას უნდა მიაგნოს, შესაფერისად აახმიანოს, რასაც შეძლებისამებრ ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ კიდეცო. ხოლო მაიაკოვსკი, ეს მისი ერთი უეჭველი თავისებურება იყო, ყველაფერს უმორჩილებდა მისსავე საკუთარ ხმას, საკუთარ ინტონაციასო. ვფიქრობ, პოეტის ეს მოსაზრება ნიშანდობლივია და ორიენტირადაც გამოდგება მისი ლექსის მუსიკალური მოწესრიგებულობის კვლევის დროს”.

ამავე წერილში მოტანილია მეოცე საუკუნის დიდი ფრანგი პოეტისა და ესეისტის პოლ ვალერის დაკვირვება “უნივერსალურ პროცესზე”, თუ ორიგინალურ პოეტებში რაოდენ ძნელი შესამჩნევია მათ მიერ წინამორბედთა გამოცდილების შემოქმედებითად ათვისების კვალი.

ამ საგულისხმო პარალელს კვლავ ახლავს მკვლევარის მართებული დასკვნა, რაც ბევრ რამეს ჰფენს ნათელს:

“ეს დებულება, როგორც ითქვა, უნივერსალურია იმდენად, რამდენადაც იგი ეხება მდიდარი პოეტური კულტურის ქვეყნებს (რამეთუ: “არარაისგან არ იქნება არარაისი”), რომელთაც მოეპოვებათ ის საგანძური, რის ათვისებაზე თუ დაძლევაზეცაა აქ საუბარი”.

სარგის ცაიშვილი ყოველთვის დიდ სიყვარულს ამჟღავნებდა გიორგი ლეონიძის მძლავრი და მრავალმხრივი ნიჭისადმი. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: “ყივჩაღის პაემანისა” და “ოლეს” ავტორზე არ შეიძლება ისეთი შაბლონური გამოთქმებით, გაცვეთილი შტამპებით წერა, როგორც ზოგიერთთა ნაცოდვილარში ვხედავთ -“ძარღვიანი ქართული”, “ომახიანი ხმა” და მისთანანი არაფრისმთქმელია. თუ ძალა შეგწევს, უნდა აჩვენო, როგორი მიწიერი მადლითაა სავსე მისი სიტყვა, რითი აღწევს გამაოგნებელ ზემოქმედებას ამ პოეტის ლექსი. მალე კიდევაც აჩვენა გიორგი ლეონიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილ საუცხოო გამოკვლევაში მისი ყველასგან გამორჩეული თავისებურებანი. პოეზიის გარდა, საგანგებოდ დააკვირდა სიყრმის მოგონებათა მთის წყაროსავით ანკარა წიგნს “ნატვრის ხეს” და იგი ისეთ თვალშეუდგამ სიმაღლეზე დაინახა, როგორც ეკადრებოდა. საეჭვოა ვინმემ ოდესმე სადავოდ გახადოს ეს შეხედულება:

“მოთხრობებში ახლებურად გამობრწყინდა გიორგი ლეონიძის პოეტური ენის შესაძლებლობები. მითიური ფარხადივით ვაჟკაცურად ებრძვის პოეტი სიტყვის უზარმაზარ მთას, რომ ჯერ ხელუხლებელი ზოდები გადმოანგრიოს, გვაგრძნობინოს ქართული სიტყვის პირველყოფილი მშვენიერება. მე ვერ დავასახელებ უახლეს ქართულ პროზაში სხვა ისეთ ნაწარმოებს, სადაც სიტყვის ასეთი დიდი მოსავალი იდგეს.”

ასეთივე გზნებითა და სიყვარულითაა გამთბარი სხვა დიდი “ცისფერყანწელის” ტიციან ტაბიძის უაღრესად თავისებური შემოქმედების შემფასებელი წერილი – “ახალი ქართული პოეზიის გზაჯვარედინზე”. მკვლევარი არ ერიდება ტრაგიკული მომენტების წარმოჩენას, რითაც აღსავსე იყო ტიციანის ხანმოკლე, სამშობლოს საკურთხეველზე მსხვერპლად მიტანილი სიცოცხლე. ამას ყველაზე მძაფრად გვაგრძნობინებს მისი სატრფიალო ლირიკის გვირგვინი “ანანურთან” (თამუნია წერეთელს), რომელზედაც სარგის ცაიშვილი რაინდულად შეკავებული მღელვარებით წერს: “…ლექსში “ვრუბელის მიერ დახატულ თამარის სახეს “ნაზ მოგონებებს” ლეიტმოტივად გასდევს უღრმესი შრეებიდან დაძრული საშინელი წინათგრძნობისა თუ გარდაუვალი განშორების სიმძიმილი, რომელიც მისთვის დამახასიათებელ ენერგიულ სტრიქონებშია გამჟღავნებული:

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.”

 

1 2 3 4 5 6 7