ერთი რამის გაუხსენებლად არ შემიძლია დავამთავრო ეს მცირე მოგონება. თამაზ ჩხენკელმა ხილიანზე, თავის მყუდრო ბინაში, აღელვებულმა მიამბო – ამას წინათ სარგისმა დამირეკა და თავისი მკაცრი, საქმიანი ხმით მითხრა, სასწრაფოდ კალამი და ქაღალდი მოიმარჯვე, რაღაც უნდა გიკარნახოო. წარმოიდგინე, მისი დაწერილი ლექსი ჩამაწერინა ცხელ გულზე.

განვცვიფრდი, არ ვიცოდი, სარგის ცაიშვილი დროდადრო ლექსებს თუ წერდა, თუმცა მისნაირი პოეტური ბუნების ადამიანისგან ეს არ უნდა გამკვირვებოდა. წამიკითხა, ძლიერი ლექსი იყო, თავისუფალი, ურითმო, ბრძოლაში ნაწრთობი სულის მშფოთვარე ამოძახილი. ვერ ვიტყვი, თამაზმა ნაკარნახევი ლექსი სადმე დაბეჭდა თუ არა, მაგრამ სარგისს უეჭველად ექნებოდა სხვა ლექსებიც. მოსაძებნია და გამოსაქვეყნებელი – ახალი კუთხით დაგვანახვებს მის ღრმა, უცნაურ პიროვნებას.

ჩავლილ, უსასრულობის ძაბრში ჩასრიალებულ დროს უკან ვერანაირი ძალა ვერ დაატრიალებს. ერთადერთი, მოგონებებითღა შეგიძლია გააცოცხლო ოდესღაც ნანახი და განცდილი სურათები, სული ჩაუდგა წარსულს. 1976 წლის მიწურულს, დეკემბერში, სარგისმა და მე ქართველ მწერალთა მცირე ჯგუფთან ერთად, საბერძნეთსა და იტალიაში ვიმოგზაურეთ, მსოფლიო ცივილიზაციის ორი უდიდესი ცენტრის ათენისა და რომის ქუჩებში შუაღამემდე ვხეტიალობდით. ჯერ პართენონის შეუმუსრავ სვეტებთან ვიდექით და მერე ტრევის ვეება შადრევნის მაცოცხლებელი შხეფები გვესხურებოდა სახეზე. მაშინდელი ორი კვირის ერთად ყოფნამ სარგისთან კიდევ უფრო დამაახლოვა. ბევრი რამე, უცხოეთის მიწაზე რაც ვიხილეთ, ერთნაირად მოგვწონდა და აღგვაფრთოვანებდა. ის დღეები ჩემი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად შემომრჩა.

უამრავი განსაცდელი და ჭირ-ვარამი შეხვდა სარგის ცაიშვილს ამ “ორგემაგე” წუთისოფელში, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში იგი ხალისიან, იმედთან წილნაყარ პიროვნებად გამოიყურება. სხვანაირი გაცინება იცოდა, გვერდულად, და მზის ნათელში აუკიაფდებოდა ხოლმე ოქროს კბილი. ალბათ, ამადაც, მუდამ გაცინებული მაგონდება, ლაღი, ქედდაუდრეკელი. ძალიან აკლია მისნაირი კაცები დღევანდელ, შვების მომლოდინე საქართველოს.

P.S. დიდი შინაგანი კულტურის რუსი ემიგრანტი მწერალი ვასილი იანოვსკი სიმბოლური სათაურის მქონე მემუარების წიგნში “ელისეს მინდვრები”, გასული საუკუნის პარიზის ოციანი-ოცდაათიანი წლების რუს ემიგრანტ მწერალთა ცხოვრებასა და ურთიერთდამოკიდებულებას რომ ეძღვნება, მკითხველთა საყურადღებოდ, წინ ასეთ რამეს ურთავს:

“მინდა გაგაფრთხილოთ, რათა არ გაგიკვირდეთ, თუ გარდაცვლილებზე ისე მოგიყვებით, როგორც ცოცხლებზე”.

სწორედ ასეთი სინანულნარევი განცდა მქონდა, როცა სარგის ცაიშვილსა და მის უახლოეს მეგობრებზე ჩემს სახელდახელო მოგონებას ვწერდი.

1 2 3 4 5 6 7