ამ შემაძრწუნებელი სტრიქონების ავტორსვე ეკუთვნის მამულისა და ქვეყნად არსებობის სწორუპოვარი საგალობელი, რითაც მთავრდება ტიციან ტაბიძის ერთი საუკეთესო ლექსთაგანი და რომელსაც სარგის ცაიშვილი “დიდებულ ფინალად” მიიჩნევს:

დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა
და საქართველოს მედგას უღელი;
მაშ გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლე
დავრჩებით მარად ჩვენ განუყრელი.

სარგის ცაიშვილს, როგორც დედით ჯაყელს (ეს ძალიან ეამაყებოდა) და თავადაც სარგისს, შეუძლებელია, გულის სიღრმეში არ ჰქონოდა ჩაბეჭდილი ტიციან ტაბიძის ცეცხლოვანი, ფოლადგარეული სტრიქონი მის ისტორიულ ვაჟკაც წინაპარზე: “მაგარი, როგორც სარგის ჯაყელი”. იგი თვითონაც ძალზე ძლიერი სულისკვეთების, მაგარი პიროვნება იყო (ამიტომაც დაარქვეს სარგისი), რაც ცხოვრებაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

სიმონ ჩიქოვანს, როგორც ახალი გზების მაძიებელ შემოქმედს და ახალგაზრდობისთვის შეუმცდარი გეზის მაჩვენებელს, თაყვანს სცემდა სამოციანელთა მთელი თაობა და სწორედ ეს მოკრძალება გამოსჭვივის სიმონ ჩიქოვანზე დაწერილ მცირე წერილში, სადაც სრული ჭეშმარიტებაა გამოთქმული:

“სიმონ ჩიქოვანმა თავისი ღვაწლით, “სულის თვისებით” დიდად შეუწყო ხელი არა მარტო მისი თანამედროვე, არამედ განსაკუთრებით, მომდევნო თაობათა ლიტერატურული პოზიციების დაკრისტალებას”.

აქ, ცხადია, ვერ შევეხები სარგის ცაიშვილის ყველა მნიშვნელოვან გამოკვლევას (სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ მეექვსე, ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ლეო ქიაჩელი), მაგრამ მისდა სასახელოდ უნდა ითქვას – წერდა არა მარტო იმათზე, ვინც განვლო ცხოვრებისა და შემოქმედების გზა, არამედ ფხიზლად ადევნებდა თვალს ცოცხალ ლიტერატურულ პროცესებს, მუდამ არსებითზე, მთავარ ტენდენციებზე ამახვილებდა ყურადღებას. იგი გარჯისთვის დაბადებული, მოქმედების ადამიანი იყო.

დიდძალი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი. ძირითადი ნაშრომების გარდა, დროდადრო აქვეყნებდა ფრიად საინტერესო მცირე ჩანაწერებს, რომლებიც ასე ჰქონდა დასათაურებული – “მწერლის უბის წიგნიდან (ეტიმოლოგიური ძიებანი)”. აქ დამაჯერებლად იყო ახსნილი არაერთი, დღეისათვის გაუგებარი, გაბუნდოვანებული ფაქტი. სასარგებლო, ხალისით საკითხავი იყო “დედას პური”, “ჭერის ახდა”, “საყვავის ტყე” და სხვები. უტყუარი დაკვირვებები ჰქონდა ტოპონიმებსა და საკუთარ სახელებზე. დასანანია, რომ ამ წიგნზე მუშაობის გაგრძელება აღარ დასცალდა. იგი გვაგონებს გიორგი ლეონიძის ამავე ტიპის ჩანაწერებს – “ნამცვრევი (წვრილმანი შენიშვნები, დაკვირვებანი და მასალები)” დიდი პოეტის მაძიებელ გონებას, ფართო თვალსაწიერს რომ გვაცნობს.

საამაყო წინამორბედთა, კორიფეების დაფასებას სარგის ცაიშვილს ვერავინ ასწავლიდა; მთელი სიღრმითა და სისრულით ჰქონდა მოაზრებული ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძისა და სხვების კოლოსალური ღვაწლი მეცნიერების წინაშე.

* * *
საბოლოოდ ერთ ეპიზოდსაც გავიხსენებ, იმის ნათელსაყოფად თუ როგორ მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული სარგისი და მისი უახლოესი მეგობრები. 1988 წლის 26 ოქტომბერს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის არჩევა უნდა მომხდარიყო. საამისოდ სამი პიროვნება გამოიკვეთა – მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი და არჩილ სულაკაური. არჩილს ამ ორზე ნაკლები შანსი ჰქონდა. მწერლების თავკაცის არჩევას წინ სხვადასხვა სამზადისი უძღოდა. ერთმა დიდი თანამდებობის პირმა (გვარს არ ვასახელებ) დამიბარა და მკითხა თუ რა აზრისა ვიყავი ორ მთავარ კანდიდატურაზე. დაუფარავად გამიმხილა, რომ ჩემსავით კიდევ ოცდახუთამდე მწერალს გაესაუბრებოდა. მეც პირუთვნელად ვუთხარი, რომ ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა იმას, ვინ როგორ ლექსებს წერს. მთავარია, ადამიანებთან, თანამოკალმეებთან ურთიერთობის ნიჭი. ასეთი უნარით კი უფრო ჯანსუღი გამოირჩევა-მეთქი. თან ისიც დავამატე, რომ პრეზიდიუმი ჯანსუღს დაუჭერდა მხარს. ამაზე მიპასუხა, ჩვენ ალბათ საერთო კრებას დავგეგმავთო. ჩემთვის უმალვე ცხადი გახდა ხელისუფლების პოზიცია. ასედაც მოხდა. საერთო კრება მომხრეების შეგროვების მეტ საშუალებას იძლეოდა. მუხრან მაჭავარიანის ამრჩევთა შტაბი მთარგმნელობითი კოლეგიის შენობაში განთავსდა ოთარ ნოდიასთან და ეს გადამწყვეტი გამოდგა. საგულისხმოა, რომ თავმჯდომარედ გახდომიდან ცოტა ხნის მერე მუხრან მაჭავარიანმა მისი კეთილისმყოფელი კოლეგა ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენა. ასედაც ხდება ხოლმე საქართველოში სიკეთის გადახდა. არჩევნებამდე სხვადასხვა ჯგუფები შეძლებისდაგვარად აქტიურობდნენ.

საღამოს დანიშნულ დროზე მივედით პროფკავშირების კლუბში (“სეროჟას სიზმარს” რომ ეძახდნენ), სადაც არჩევნები უნდა გამართულიყო. თამაზ ჩხენკელი და მე ერთად ვისხედით. შევეკითხე, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. რაა გასარკვევი – შენ ჯანსუღს მიეცი ხმა, მე არჩილს შემოვხაზავო.

მუხრან მაჭავარიანი უყოყმანოდ იყო დარწმუნებული (ხმები წინასწარ ჰქონდათ დაანგარიშებული), რომ გაიმარჯვებდა. სცენაზე მედიდურად გაიარ-გამოიარა და რიხიანად განაცხადა, იმასაც ვნახავ, როგორ არ ამირჩევენო. გამართლდა მისი ქადილი, აირჩიეს. მანამდე, წლების მანძილზე სათოფეზე არ ეკარებოდა მაჩაბლის ცამეტს, არჩევის მერე კი, ვიდრე 1992 წლის 10 იანვარს იძულებული გახდებოდა სკანდალურად დაეტოვებინა შემდეგი ყრილობა, იმ სახლს “მწერლების წმინდა ტაძარს” უწოდებდა.

არჩევნების შედეგები როდესაც გამოაცხადეს ჯანსუღ ჩარკვიანი მეორე ადგილზე აღმოჩნდა, ცოტათი ჩამორჩა მუხრან მაჭავარიანს, ხოლო არჩილ სულაკაურმა, ერთ-ერთმა საუკეთესო მწერალმა, ხმათა დაუჯერებლად მცირე რაოდენობა – თვრამეტი – მიიღო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი გაოცებული სახე. ეს რანაირად მოხდაო, გვეკითხებოდა. სარგისი გამოჩნდა ამ დროს. რას დაღვრემილხარო, შეუძახა არჩილს. ჩემთან წავიდეთ, თითო ბოთლი დავლიოთო. თამაზიც იქვე იდგა. სამივენი ჩაგვსხა მანქანაში და წაგვიყვანა. ხელად გაიშალა სუფრა. არ დამავიწყდება, როგორ განმუხტა მასპინძელმა უსიამოვნო განწყობილება. არჩილიც მალე მოვიდა ხასიათზე, რამდენადაც შეეძლო გახალისდა. ბევრი სადღეგრძელო დაილია. წასულებიდან პირველი გურამ ასათიანის სადღეგრძელო შევსვით. სარგისმა ყველაფერი მისებურად დაალაგა. ეს იყო სიყრმის წლების სასოებით მოგონების, ერთმანეთის მოფერების ძვირფასი წუთები. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და შევითვისე. გვიან ღამემდე არ დავშლილვართ.

 

1 2 3 4 5 6 7