სარგისთან ურთიერთობიდან ბევრი რამის გახსენება შემიძლია. მცირედს უნდა დავჯერდე. ადრე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში არსებობდა სავალდებულო, სტენდზე გაკრული კედლის გაზეთები, რასაც ხელისუფლება “ძირეულ პრესას” ეძახდა. ლიტერატურის ინსტიტუტსაც ჰქონდა ასეთი კედლის გაზეთი. რომელიღაც ნომერში მოთავსებული იყო სარგის ცაიშვილის საახალწლო სურვილები, სადაც იგი მოუწოდებდა თანამშრომელ გოგონებს მხოლოდ მეცნიერებას არ გადაჰყოლოდნენ და დროზე გათხოვილიყვნენ. ამაზე მე შეხმიანების მსგავსი რაღაც დავწერე, იუმორისტული, რომლის რამდენიმე სტრიქონი ახლაც მახსოვს:

ბევრი გვყავს გასათხოვარი,
დიასახლისად ვარგისი,
უყურადღებოდ გვიჭკნება
ბევრი ია და ნარგისი,
ერთ საახალწლო წერილში
ამაზე სწუხდა სარგისი.

ეს დამაფიქრებელი პრობლემა, სამწუხაროდ, ჩვენს ინსტიტუტსა და მთელს საქართველოშიაც კვლავ და კვლავ მოუგვარებელია, რაც ფრიად უარყოფითად ირეკლება ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. მარტო პატრიარქის ძალისხმევა საქმეს ვერ უშველის.

სარგისი მუდამ გამოირჩეოდა გონებამახვილობით და ერთხელ ინსტიტუტის თანამშრომლის, მშვენიერი გარეგნობის, ქერა, ცისფერთვალება ნაილი გუჩუას გასაგონადაც თქვა – ჩვენთან ულამაზესი და ნაილ-ნაილი გოგოებია, მაგრამ რად გინდა, ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობენო.

ისიც მახსოვს, მისებურად იხუმრა – ასე მგონია “ვეფხისტყაოსნის” გმირმა ქალებმა თავი ლიტერატურის ინსტიტუტში მოიყარესო და იქვე ჩამოთვალა: ნესტან სულავა, დარეჯან დანელია, ასმათ ჯიქია, როდამ (როდია) ზანდუკელი… ამაზე იქ მყოფებმა ბევრი იცინეს.

ერთ ზაფხულის საღამოს, მასთან სახლში ასულს, სარგისმა შეწუხებულმა მითხრა – დღევანდელ მეცნიერებაში ძალიან მოიკიდა ფეხი დილეტანტობამ, პროფესიონალიზმი დაიკარგა… მერე დაატანა – ცოდნის და კეთილსინდისიერების მხრივ მისაბაძი იყო წინა თაობა: მამაჩემმა, გიორგი ლეონიძემ, ლევან ასათიანმა, იოსებ გრიშაშვილმა, გიორგი აბზიანიძემ და ზოგიერთმა სხვამაც წვრილმანებამდე იცოდნენ, რა ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნის ქართულ მწერლობაში, ზედმიწევნით ჰქონდათ შესწავლილი ლიტერატურული სალონების ცხოვრება, გეტყოდნენ, ვინ ვის ხვდებოდა და სად, იცოდნენ არა მარტო წელი, თვე და რიცხვი, არამედ დღეც კი – ხუთშაბათი იყო თუ შაბათი. ასეთი რამ ახლა დაუჯერებლად გამოიყურებაო.

არასოდეს დამავიწყდება ჩემ მიმართ გამოჩენილი მისი თანადგომა და მზრუნველობა. 1990 წელს ისრაელში გულის მძიმე ოპერაცია გაუკეთეს. იმ ავბედით წელიწადს, გაზაფხულზე, უფროსი ვაჟი დამეღუპა, რამაც წელში გამტეხა. თბილისში დაბრუნებულ სარგისს “ლიტერატურულ საქართველოში” ენახა ნეკროლოგი და მაშინვე დამირეკა – თვალებს არ დავუჯერე ეს საშინელება, თავზარი დამეცა, ელდისგან სისხლი გამეყინა, ნეტავი არ წამეკითხაო. მასაც განცდილი ჰქონდა შვილის დაკარგის მოუნელებელი სიმწარე; პაწია ულამაზესი გოგონა მოუკვდა, ლელა და იმის სურათი, გოგი თოთიბაძის დახატული, ეკიდა დიდ ოთახში. როცა ვინახულე, გამამხნევა – არ დაძაბუნდე, როგორმე უნდა გამაგრდე, დარდს არ დანებდე, გადაერთე და ბევრი იმუშავეო. სხვა რა გზა იყო.

იცოდა, წლების მანძილზე რომ ვიკვლევდი აკაკი წერეთლის პოეზიას; გამესაუბრა და ნაშრომის სათაურიც მანვე შემირჩია, მოქნილი, სადა, არსის გამომხატველი – “აკაკის პოეტური ხელოვნება”. ინსტიტუტში გამომავალი მშვენიერი, მრავალფეროვანი ჟურნალის (“ლიტერატურა და ხელოვნება”) რედაქტორიც იყო და მითხრა, სასწრაფოდ რამე ნაკვეთი გადამეცა. ცოტა ხანში მივუტანე მოზრდილი თავი “ალეგორია და სიმბოლო აკაკის პოეზიაში” (სამწუხაროდ, გასრულებული არაა), მოიწონა და 1961 წლის ოთხ ნომერში დამიბეჭდა. მაგულიანებდა, ნუ აჭიანურებ, დაამთავრეო. ერთი ნაწილი (“აკაკის შედარება”) დამრჩა დასაწერი და ჩემი აბურდული ცხოვრების გამო ვეღარ მოვაბი თავი. სარგისს რომ ეცოცხლა, ის მონოგრაფია (ორმოც ფორმაზე მეტი იქნება), კარგა ხნის მოთავებული და წიგნადაც გამოცემული მექნებოდა…

ჩვენდა სავალალოდ, სარგის ცაიშვილს, გულის რთული ოპერაციის გადატანის შემდეგ, უკურნებელი, სიცოცხლის მომსწრაფი სენი შეეყარა, ზემოთ ნახსენები პანკრეასის კიბო და იმან მოუღო ბოლო. ჩხეიძის ქუჩაზე იწვა. მივედი საავადმყოფოში. რეანიმაციის განყოფილებაში ჰყავდათ და არ შემიშვეს. მდგომარეობა უიმედო იყო და იქ აღარ დაუტოვებიათ. თავისი მცხეთის ბინიდან საბურთალოზე იყო გადასული, მეორე მეუღლესთან, გიული ლეჟავასთან. უერთგულესი პიროვნება, სარგისზე ცოტათი უფროსი მამიდა, ქალბატონი ბაბუცა უვლიდა, დღედაღამე თავზე ადგა. იმჟამად ჩვენი ქვეყანა, უტვინო პოლიტიკანების გადამკიდე, ხელოვნურად გაჩაღებული სამოქალაქო ომებით იყო აკლებული. ვატყობდით, აფხაზეთი ხელიდან გვეცლებოდა. 1992 წლის გაზაფხული იდგა. მივედი სარგისის სანახავად. არ ვიმჩნევდი მის უმძიმეს მდგომარეობას. თვითონაც ცდილობდა არ ეგრძნობინებინა, რა ჯოჯოხეთურ ტკივილებს იტანდა. თუმცაღა გაყვითლებულ სახეზე ტანჯვა აღბეჭდვოდა. მისი ჭკუა-გონების მქონეს, შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ დიდი დღე არ ჰქონდა დარჩენილი. ქალბატონმა ბაბუცამ ჩაი გააწყო. მდუმარედ იყო. დაახლოებით ნახევარი საათი ვილაპარაკეთ, მერე წამოვდექი. სარგისი კარის ზღურბლამდე გამომყვა. ვიდრე კიბეზე დავეშვებოდი, მითხრა – თქვენ იცით, საქართველოს მიხედეთო. გული მომეწურა. ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო, მე რომ გავიგონე. ანდერძს ჰგავდა. მერე ცოცხალი აღარც მინახავს. წინ ქაოსი, უარესი არეულობა და ახალი ტრაგედიები გველოდა.

ზემოთ უკვე ითქვა, რომ სარგის ცაიშვილი მხოლოდ ძველი ქართული ლიტერატურის პრობლემების კვლევით არასოდეს იფარგლებოდა. მუდამ დიდ ყურადღებას უთმობდა მეოცე საუკუნის პოეზიის უთვალსაჩინოეს წარმომადგენლებს. ქართველ სიმბოლისტებზე, “ცისფერყანწელებზე” ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა მეტად სასარგებლო, გზის გამკვალავი ნაშრომი, რომელიც თავად ეამაყებოდა. ძირფესვიანად ჰქონდა შესწავლილი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება და, ამდენად, გაცნობიერებული მისი უზარმაზარი როლი, გაუფერულებული ქართული ლექსის თვისობრივად განახლებაში, რამაც, საბოლოოდ, რეფორმის სახე მიიღო.

 

1 2 3 4 5 6 7