ეს იყო საწვალებელი – დაბეჟილ-დამტვრეულ ბომჟს რომ არ ეჩივლა, სარგისს უნდა ეზრუნა საავადმყოფოში მის მოვლა-პატრონობაზე. ექთანი დაუქირავა და თითქმის ყოველდღე პალატაში ქვაბებით ბულიონსა და შემწვარ-მოხრაკულებს უზიდავდა, ფერზე მოიყვანა. ასე დამცირებული არასოდეს ვყოფილვარო, შემოგვჩივლა. როგორც იქნა, მისი უნებლიე “მსხვერპლი” საავადმყოფოდან გამოწერეს და უსიამოვნებასაც წერტილი დაესვა. ამის აღსანიშნად ამოსუნთქულ სარგისს საკადრისი წვეულება უნდა გაემართა. მილიციის უფროსი თიანეთიდან ჩამოიყვანეს. სუფრა საუცხოო, გაჩახჩახებულ რესტორანში იყო გაშლილი. თამადად ჯანსუღ ჩარკვიანი დაასახელეს, ასეთ თავყრილობებში დიდად გაწაფული. ჯანსუღის სხარტი კალამბურები ბევრჯერ გვქონდა მოსმენილი, მაგრამ იმ დღეს თავის თავსაც აჯობა. შუა ქეიფში მოწვეული სტუმრის საამებლად, პურმარილის მკისრებელს ასე მიმართა: ძმაო, სარგის, ღმერთს მადლობა შესწირე, ამხანაგი კაიშაური რომ არ გამოგვჩენოდა, ის ავარია, კაი ასი ათასი მანეთი დაგიჯდებოდა!…

ადვილი წარმოსადგენია, როგორი ხარხარი ატყდებოდა ამის მოსმენისას. მიმავალი ასეთი მოსწრებული სიტყვა ითქვა მაშინდელ ნადიმზე. თავზე ხელაღებული ახალგაზრდები ვიყავით და ქვეყანა ჩვენი გვეგონა. საქართველოც არ იყო იმხანად ასე დაგლეჯილ-დანაკუწებული.

ვინმემ შესაძლოა მისაყვედუროს, ქეიფებს ამდენი ადგილი დაუთმეო. ამის საპასუხოდ შემიძლია ვთქვა – ქართული სუფრა ის წმინდა ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მჟღავნდება ადამიანის ხასიათი და ბევრი რამ გვარდება, სხვაგან ხშირად საკამათო და გადაუწყვეტელი რომ რჩება.

* * *
სარგისი 50 წლისა რომ ხდებოდა, დამირეკა და მითხრა – “ლიტერატურული საქართველო” ჩემი ამ თარიღის აღნიშვნას აპირებს, შენ კარგად მიცნობ, ორიოდე სიტყვა დაწერე, ვიღაცების, შემთხვევითი ხალხის ამარა ნუ დამტოვებო. ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი – მასზე საიუბილეო მისალმების დაწერის მსურველებს რა გამოლევდა.

რამდენიმე დღეში გავამზადე მილოცვა. მისთვის არ მიჩვენებია, ისე წავუღე ბატონ ვახტანგ ჭელიძეს. იუბილარის მეცნიერული ღვაწლის გარდა, მეწერა მის პიროვნულ თვისებებზე – როგორ უყვარდა და აფასებდა მეგობრებს. სარგისის ბინაში გამოსაჩენ ადგილზე იყო მისი სიყრმის მეგობრის, უიშვიათესი ვაჟკაცის, ტრაგიკულად დაღუპული ჯუმბერ მეძმარიაშვილის გადიდებული ფოტო. თეთრი კარვის და დათოვლილი მთების ფონზე (სურათი პროფილში იყო გადაღებული) შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნიდა და გაქვავებულ კადრს სამგლოვიარო იერს სძენდა სიმაღლეების დასაპყრობად შემართული რაინდის შავი წვერი.

ჯუმბერ მეძმარიაშვილი 1961 წლის აგვისტოს ბოლოს დაიღუპა ტიან-შანში, “გამარჯვების” მწვერვალზე მასავით ლეგენდარულ სპორტსმენთან, თეიმურაზ კუხიანიძესთან ერთად. ჯუმბერმა სცადა თოკს მოწყვეტილი, უფსკრულისკენ დაქანებული მეწყვილის გადარჩენა და თვითონაც მიჰყვა განწირულს, გადაიჩეხა. სხვაგვარად მოქცევა მას არ შეეძლო.

სარგისს მოეწონა მაშინდელი წერილი, მაგრამ ათიოდე წლის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად რკინისებური ჯანმრთელობა შეერყა და ყველაფერი ჩამწარდა.

მოვსწრებივარ იმ წლებს, როდესაც სარგის ცაიშვილის ოჯახში სიამტკბილობა სუფევდა. მხნედ გამოიყურებოდა დედამისი, პირთეთრი, ზღვისფერთვალება, ნამდვილი თავადური გარეგნობის ქალბატონი ფატი ჯაყელი, ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი ხასიათის ადამიანი. სარგისი სიამაყით ამბობდა – დედაჩემი სულმოუთქმელად ელოდება “ცისკრის” ნომრებს, რომ ჭაბუას “დათა თუთაშხია” წაიკითხოსო. იქვე ლანდივით ჩუმად დადიოდა სარგისის სიდედრი, გამხდარი, სათვალიანი, ქმარდახვრეტილი ხატული ჯაში, რომელიც სულ იმას ცდილობდა, რითი ესიამოვნებინა სარგისისა და ობლობაში გამოზრდილი ერთადერთი ქალიშვილის, გულნარა ცინცაძის მეგობრები.

ნამდვილი ტრაგედია იყო გულნარას ავბედითი სენით დაავადება. იგი უდრტვინველად იტანდა აუტანელ ტკივილებს, ახლობლები რომ არ შეეწუხებინა. სარგისს სამაგალითო მეუღლეობა გაუწია და ყველამ ვიცოდით რაოდენ მძიმე გადასატანი იყო სარგისისთვის მისი დაკარგვა. ჭირის სუფრაზე ჩემს წინ იჯდა მათი ოჯახის ძველი მეგობარი, ღირსეული მამის შვილი და თავადაც საუკეთესო ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი, ვინაც ერთ-ერთი სასმისის დალევისას ნაღვლიანად ჩაილაპარაკა – ხომ ბევრ რამეს მიაღწია ცხოვრებაში სარგის ცაიშვილმა, მაგრამ იმდენი დამთრგუნავი მწუხარება ერგო, უბედური კაცი ყოფილაო.

წელი აღარ მახსოვს, თავისი დირექტორობის დროს, სარგისმა მთხოვა მისი შვილის, სოლიკოს ოპონენტად დავმდგარიყავი. იგივე სთხოვა ზვიად გამსახურდიასაც. ცხოვრებაში ორ-სამჯერ თუ გამიწევია ოპონენტობა და ერთი ეს გახლდათ. მომეწონა, რიგიანი ნაშრომი გამოდგა ძველი ქართული მწერლობის ცნობილ ძეგლზე. ადვილი გასაგები იყო სარგისის სურვილი – ერთადერთი ვაჟი მამა-პაპის კვალს გაჰყოლოდა, ტრადიცია გაეგრძელებინა. დაცვამდე ზვიად გამსახურდიას ვუთხარი, ნიჭიერი ყმაწვილია, ნუ ჩავუკირკიტდებით-მეთქი. უყოყმანოდ დამეთანხმა, რა დროს ეგ არი, ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთო. ყველაფერმა სასურველად ჩაიარა. სარგისი კმაყოფილი დარჩა.

შემდგომში, ვითარებათა გამო, სოლიკო მეცნიერების გზას არ გაჰყოლია, მაგრამ არაფერი დაშავებულა. რამდენიმე მეგობართან ერთად, გურჯაანში მევენახეობას მოეკიდა, ღვინის დაყენება დაიწყო, საამისო ტექნოლოგია აითვისა და საქმეს კარგი პირი უჩანდა. ვაზი ძალიან უყვარდა და ფიზიკურადაც მუშაობდა. ოჯახიც მშვენიერი შექმნა. ორიოდე თვის წინ ბედმა უმუხთლა – მამამისივით ვერაგი სენი გამოაჩნდა, პანკრეასის ჯირკვლის სიმსივნე და ისიც ამას ემსხვერპლა. ორმაგად გულდასაწყვეტია ეს მოულოდნელი უბედურება – სოლიკოს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი მამის მდიდარი არქივი და გამოუქვეყნებელი ნაშრომების გამოცემას აპირებდა. ეს მოვალეობა ამიერიდან უნდა იტვირთოს მისმა დამ, ცირამ, რომელიც გარეგნობით და ხასიათითაც ძალიან ჰგავს სარგისს. სოლიკოს უფრო დედის, ქალბატონი გულნარას სახე და იერი ჰქონდა.

 

1 2 3 4 5 6 7