სარგისს ხშირად უყვარდა ლეკთა დამამცირებელი ტყვეობიდან თავდახსნილი, სამშვიდობოს გასული, მასზე კეთილად მზრუნველი ჩრდილოკავკასიელი ყაზახების ხელში მოხვედრილი გურამიშვილის შვებით ამონათქვამი სტრიქონის გახსენება, სადაც პოეტის სიდიადე და ღვთიური მადლი ჩანს: “ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო…” ამას რომ იტყოდა, მარჯვენა ხელს დაიქნევდა, თითქოსდა თვითონაც მტანჯველი ტყვეობიდან გათავისუფლდაო. დააკვირდი, მითხრა ერთხელ, როგორაა ბედნიერად მიგნებული უზუსტესი მეტაფორა მორგებული ცხოვრებისეულ რეალობას. ესაა სრულიად ახალი, რენესანსული მსოფლშეგრძნების ადამიანი, რომლის მსგავსი თვით მაშინდელ ევროპულ მწერლობაშიც იშვიათი იყოო.

სარგისისავე დამსახურებაა, რომ მან პირველმა მიუჩინა კუთვნილი ადგილი ავტოპორტრეტზე წამძღვარებულ ორ ბრწყინვალე სტროფს, დასათაურებულს – “ეს კაცი ასე ილოცავს” (“ღმერთო, მაჩვენე ყანები…”), რომელიც მანამდე ძირითად ტექსტში არ შეჰქონდათ და სანიმუშოდ გამოცემულ ტომში, თავისივე საუცხოო გამოკვლევა რომ წაუმძღვარა, დედნისეულად, წინ გადმოიტანა.

* * *
ოთხმოციან წლებში, ჩვენდა საბედნიეროდ, მსოფლიო დონის საფეხბურთო გუნდი გვყავდა და თამაშებს არ ვაცდენდით. სარგისი სიჭაბუკეში ძლიერი სპორტსმენი იყო (მოკრივე, მთასვლელი) და აზარტიც სხვებზე მეტი ჰქონდა. რომელიღაც მატჩზე (ის შეხვედრა დიდი ანგარიშით მოვიგეთ) ძველი “ცისკრელები” და სარგისი ერთად ვისხედით “დინამოს” სტადიონის დასავლეთ ტრიბუნაზე. გარეთ რომ გამოვიშალეთ ძალზე კმაყოფილები, გვითხრა – ბიჭებო, ასეთი გამარჯვების აღუნიშნავად დატოვება არ ეგების, თითო ბოთლი დავლიოთო. იქვე, კინოსტუდიის გადაღმა, მთავარი გზის პირად, კარგი მომსახურების დუქანი იყო და შევედით. ნანატრი სუფრა გაიშალა. თამადობა თვითონ გასწია და დაუვიწყარი დრო გაგვატარებინა. მაშინდელი განწყობილება პატარა ლექსში გამოვხატე. კიდევაც დავბეჭდე და ახლა ჩემს არეულ საქაღალდეებში ვეღარ მივაგენი. რამდენიმე სტრიქონი შემორჩა ხსოვნას:

ერთად შეგროვილ-შეყრილებს,
გვთვლიდა ახლობლად, ღვიძლად,
ვიხსენებ ადგილს, სად ერთხელ
სარგისმა გვიმასპინძლა.

ერთხელ კი არა ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დავუპატიჟნივართ. ჩვენზე უფროსი იყო და გვანებივრებდა. მოგვიანებით მწერალთა კავშირში მისი წიგნის განხილვა მოეწყო. ყველაფერმა სასურველად ჩაიარა. კმაყოფილმა გვერდზე გამიხმო და მითხრა – აქაური ამბები შენ უკეთ იცი, ასეთ დროს ხომ არ აჯობებს სადმე წავიდეთო. მასთან შეთამამებული ვიყავი, ვუპასუხე – შენთან ერთად სუფრაზე ყოფნა ყველას გაეხარდება-მეთქი. ჯანსუღ ჩარკვიანი და გურამ ფანჯიკიძეც იქვე იდგნენ. ოცამდე მაინც ვიქნებოდით მისი მეგობრები, “სამადლოსკენ” რომ გავწიეთ და გვიან ღამემდე ვიქეიფეთ.

ერთი, კარგა ხნის წინანდელი, ძნელად დასავიწყებელი ბანკეტიც უნდა მოვიხსენიო, რომლის მთავარი ფიგურა, ანუ, როგორც იტყვიან, პროტაგონისტი, კვლავ სარგის ცაიშვილი გახლდათ. უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მწერლების ჯგუფთან შეხვედრა იყო, რასაც შესაფერისი “მეორე განყოფილება” მოჰყვა. თამადობა სარგისს სთხოვეს. ფრიად სასიამოვნო განწყობილება სუფევდა და მან ჩვეულებრივზე მეტად გამოავლინა თავისი ენამზიანობა, მჭევრმეტყველების დაუშრეტელი ნიჭი. რიგრიგობით, ყველას მიაგო პატივი. უყურადღებოდ არავინ დაუტოვებია. ერთი სადღეგრძელო კი ყველაზე მახვილგონივრული, ეფექტური გამოუვიდა. სუფრაზე იმყოფებოდა წარსულში სახელგანთქმული სპორტსმენი, მორბენალი მძლეოსანი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, იმჟამად უნივერსიტეტში ფიზკულტურის კათედრის გამგე ქალბატონი ელენე გოკიელი.

სარგისმა, როგორც თავადაც ძველმა სპორტსმენმა გულუხვად წარმოადგინა სადღეგრძელებელის თვალსაჩინო დამსახურებანი და ბოლოს ღიმილით უთხრა:

– ძვირფასო ლენა, მე მუდამ თქვენი ფანი, თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი. ხშირად ვყოფილვარ აგუგუნებულ სტადიონზე მხილველი იმ ტრიუმფებისა, მაგრამ ერთი რამე ახლა, შინაურ წრეში, მინდა გკითხოთ: სტარტზე დამდგარი, მსაჯის პისტოლეტის გატკაცუნებაზე შურდულივით რომ მოწყდებოდით ხოლმე, სად გარბოდით ისე უკანმოუხედავად? ბოლოს, ხომ ხედავთ, ჩვენთან მოხვედით!…

ამ სიტყვამ სიცილი და დიდი მხიარულება გამოიწვია, სადღეგრძელოს ადრესატსაც გაეცინა, მადლობა გადაიხადა. ოდნავი ნაღველი დაეტყო სახეზე. უთუოდ ახალგაზრდობის გაფრენილი წლები გაახსენდა.

ის შემთხვევა ცოტა სხვანაირი იყო და საგანგებოდ მოსაყოლია. საჭესთან მყოფი და ოდნავ შეზარხოშებული, დაღლილი სარგისი თიანეთში უსიამოვნებას გადაეყარა. ბურუსი იყო და ვიღაც გალეშილ ბოგანოს დააჯახა მანქანა. მაშინვე შეადგინეს აქტი. დაზარალებული სასწრაფოთი თბილისის საავადმყოფოში გააქანეს. ვითარება საკმაოდ სერიოზული იყო, მაგრამ საქმეში ჩვენი თაობის ერთ-ერთი ლიდერი, ედუარდ შევარდნაძის ფავორიტი, “საპატიო მილიციელი” ჯანსუღ ჩარკვიანი ჩაერია. იქაური მილიციის უფროსს, გვარად კაიშაურს შეხვდა და ყველაფერი იოლად მოგვარდა. ერთი კი იყო, ვიღაც უკეთურმა აკადემიის პრეზიდენტის სახელზე ანონიმური წერილი გააგზავნა – რუსთაველის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა სარგის სოლომონის ძე ცაიშვილმა (დაკარგულიამ) მეცნიერისთვის ყოვლად შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა, სიმთვრალეში მანქანით ადამიანი გაიტანაო. ფრჩხილებში ჩასმულმა გვარმა ვატა როდონაიას აფიქრებინა, რომ საჩივრის დამწერი ინსტიტუტის თანამშრომელი იყო. ვატას ვარაუდი სარწმუნოდ გამოიყურებოდა. ანონიმურ წერილს, აკადემიის მხრიდან, რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია. სარგის ცაიშვილს ყველა პატივს სცემდა.

 

1 2 3 4 5 6 7