არა

 

არა,

ნუ მოუსმენ სევდიან სიმღერებს

და გთხოვ იფიქრე სიკვდილის აბსტრაქტულ ფორმებზე

და ცოცხალ-მკვდრებზე,

მათზე,

ვისი სიმშივიდეც მოჩვენებითია,

ვინც ქუჩის ბოლოს მდგარ ჩრდილებს ებრძვის,

ვისი ქოხიც ქარმა დაშალა

და ვისი ლოცვაც მტრედის ფრთხიალს ჰგავს.

ილაპარაკე მათი ხმით.

 

გწერ დაკარგული ქალაქიდან –

მზე აქაც ამოდის.

მაქვს ნამცხვრის ხმელი ნატეხი და შაქრის მწიკვი

და ერთადერთი რაც საუზმეს დაამშვენებდა –

ცხელი ჩაია.

სიზმარში ვნახე სველი მიწა და თეთრი ფარდა,

გწერ,

რომ მზად ვარ და თანახმა ვარ

ჯიბეებში ჩავიწყო ქვები

და შენ სიღრმეში შემოვიდე აუჩქარებლად,

ისე
თითქოს სველი ზურგიდან ჭუჭყს ვიშორებდე
და სანაპიროს მკრთალი ზოლი მიცდიდეს ისევ.

გწერ დაკარგული ქალაქიდან

იმედით რომ მიმიღებ

რომ შენი ცივი დინებების მგზავრად ვიქცევი

იმედით რომ არსად გამრიყავ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10