***

“თუ ვინმეს გჭირდებათ დროებით შეფარება”

                  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება

 

ბეტონის ნაფშხვენებს რომ გამოფხეკს

და ბელტებად დაშლილ კედელს მიაწყდება,

მაშინ თავდება ადამიანის თავი.

ცხელ ქვიშაზე მიგდებული მედუზასავით,

ფანჯრიდან დაჭერილი ფიფქივით ილევა,

ილევა და ქრება.

არც მტვრიანი თმის გლეჯა შველის,

არც დახეთქილი ტუჩების ჭამა.

ლანდი ლანდია – რაღას დააკლებ,

დარჩა ნანგრევებში, უმწეობაში ჩაიმარხა.

კედელს გამოღმიდან ცივი უჭირავს ხელი,

მისი კი არა – სხვისი.

თითქოს კაცს კი არა, რკინას დაეჭიდა საიმედოდ,

ჩაყლაპულ ყვრილის რომ არ გადასცდეს უკან.

 

გჭირდებათ?

თუ ვინმეს გჭირდებათ დროებით შეფარება… –

ისმენს და მტკივან ბეჭს ქვეშაგებს აფარებს.

სულ ერთია როგორს –

წითელს, ყვითელს, მატლის თუ შალის.

ისინი მაინც გაშლილია ბოშა ქალების სარეცხივით,

ნანგრევის ჩონჩხზე უკანასკნელ სურვილებად შებმული.

ქვეშაგი ქვეშაგია – მათი გაშლა ყველგან შეიძლება

თუ საკმარისი ზომის ქურთუკი, ჯემპრი ან პალტო იპოვე –

წვები და იძინებ.

დარდს, დარდს თუ იბარებენ დრობით,

არსებობს დარდის დროებით შეფარება?!

უსასყიდლოდ, დაუყვედრებლად, უთქმელად.

წებოვანი ლენტით საგულდაგულოდ რომ შემოგმანო,

ნამცხვრების ყუთში რომ ჩადო და

სადმე დატოვო ცალყბად – იზრუნეთ, მალევე მოვაკითხავ.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10