***

 

წარმოიდგინე, რომ ეს ლექსი შავ-თეთრია

და ყველა კადრი, რომლის დანახვასაც აქ შეძლებ,

საკუთარი ფერებით უნდა გააფერადო.

ჩათვალე, რომ ტექსტი მხოლოდ კონტურია

და შეგიძლია ისე მოექცე, როგორც ისურვებ.

ავტორი ამას ვერ გაიგებს, ვერ დაინახავს

და მისთვის მაინც სულ ერთია იმ მახვილების ბედი,

რომლების დასმასაც გონებაში ეცდები.

შენი გადასაწყვეტია, რომელ მეტაფორას ამოირჩევ,

სულ ერთია,

ეს ლექსი არის შავ-თეთრი – ყველაზე დიდი მეტაფორა.

 

თენდება, როგორც სხვა მრავალ ლექსში

და მე მარტო ვარ. –

პოეტი, თავის ჩვეულ პოზაში

წარმოგვიდგენს დრამატულ სურათს –

ცივი, ბნელი ოთახი,

სავსე სიგარეტის მყრალი კვამლით და სიჩუმით.

ავტორი შესაძლოა ფიქრობდეს,

რომ მარტოობისას ადამიანს სუნი ეცვლება

და  ეს,

რატომღაც დააკავშიროს შიშის სუნთან,

რომელსაც კარგად იცნობენ ცხოველები.

შეიძლება იყოს კიდეც საკუთარი ცხოველის მონა,

მაგრამ ტექსტში არ სურს ამის გამხელა

და აქცენტს მარტოობაში გატარებულ ცივ ღამეზე აკეთებს.

შენ თუ ოდესმე ცივ ღამეში მარტო დარჩენილხარ,

უნდა თანაუგრძნო, რაც გამოარკვევს,

რამდენად ადამიანურია შენი ბუნება.

თუმცა ეს იმდენად გაცვეთილი მდგომარეობაა,

რომ ჭირს ძლიერი ვნებით მისი აღქმა.

შედეგად, ალბათ საჭიროა კიდევ რამდენიმე საბრალო სიტყვა,

რომლებიც აღნიშნავენ ისეთ მდგომარეობას,

როგორიცაა, მაგალითად – სიცარიელე.

რამდენად იმოქმედა მასზე რომელიღაც კონკრეტულმა მოვლენამ

ან პროცესმა, რისი მართვაც ვერ შეძლო და ვერ აღიქვა,

ხოლო ახლა, ყველა განცდისგან დაცლილი,

ცდილობს დაგვანახოს ერთი ჩვეულებრივი დილა,

ზამთრის უგვან ამინდში, სრულ მარტოობაში,

ქუჩაში მქროლავი ქარის ხმაურის ფონზე.

რამაც თავის მხრივ, უნდა გაიძულოს, რომ მას თანაუგრძნო

და გახდე მისი მარტოობის თანაზიარი. –

გარეთ კი ქარი, მოხუც ხეებს უწყობს გამოცდას.

აქვე უნდა აღინიშნოს,

რომ ავტორს აკრთობს ხმელი ტოტების მსხვრევის ხმა

და ცდილობს გაიხსენოს მის გონებაში არსებული ლამაზი სურათი.

ტექსტისთვის უკეთესია, კადრები იყოს გაზაფხულიდან

და აქ კი უკვე შეგიძლია შენი ფერები და ყვავილების მსუბუქი სუნი

დაადო კადრებს, რომლის ხანგრძლივობაც რამდენიმე წამია,

რადგან ავტორი, კვლავ გვაბრუნებს მძიმე სურათში,

სადაც მხოლოდ სიცივე და ტკივილია.

თუმცა არ გვიმხელს ტკივილის რეალურ მიზეზს

და ცდილობს მარტოობის სპლინს მიაწეროს იგი.

ამის გამოსაკვეთად, იყენებს ანფასიდან ასხლეტილ მზერას,

რომელიც ოთახის ბნელი კუთხისკენაა მიმართული

და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფსკრულიდან წყვდიადი იყურება.

ბოლოსკენ, იგი დასძენს, რომ ეს სიკვდილია

და შენში წამიერად წარმოდგენილი ყველა კადრი,

რომლებსაც გონებამ დამოუკიდებლად მიანიჭა სხვა და სხვა ფერი,

მიუხედავად ავტორის გაფრთხილებისა, მაინც შავ-თეთრია

და ვერაფერს შეცვლი შენ, გარდა იმისა, რომ მიატოვო ყველა,

ვინც შენს გამო ბევრი ვერაფერი დათმო,

რომ მოეშვა ლექსებში ტკივილის ძიებას კათარზისისთვის

და ყველა შესაძლო შემთხვევა გამოიყენო,

საკუთარი ცხოვრების გასალამაზებლად.

ეს ლექსი კი შავ-თეთრია და ჟღერს ასე –

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გათენდა!

აქ, ავტორი თავისას არ იშლის, რაც ძალიან კომიკურია

და ტექტს ყოველგვარ აზრს აცლის.

შეგიძლია საერთო სურათის აღქმა?! –

ეს ალბათ ძალიან ინდივიდუალურია და კომენტირებას არ საჭიროებს.

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10