***

 

გიცხადებ მე

დაბრუნდი შენი ნახევარგზიდან.
ჩავთვალოთ, თითქოს არც წასულხარ
და ფიქრებს ჩეხდი ეზოს უკან,
კუნძებად ქცეულს.
დაბრუნდი შენი მდუმარების ექოდ.
მოიტანე თან რაღაც ძველი და შესაცნობი,
მათთვის,
ვინც კიდევ ელოდება,
რომ დაუძახებ სიზმრადქცეულ ჯადოსნურ სიტყვას.
მათთვის,
ვინც ჩაწვა შენს თვალებში ჩამდგარ ბურუსში.
დაბრუნდი, რათა მოყვე მყიფე ასფალტზე
და აქაფებად ქვაფენილზე,
ყულფზე, საიდანაც საპნის ბურთების გაშვება შეიძლება.
მოყევი ბლაგვ დანებზე
და ატირებულ მასხარებზე,
ძვლებდალეწილ სხეულებზე თქვი ორი სიტყვა.

დაბრუნდი იქ, სადაც არ გისაყვედურებენ
სადაც მშვიდად გიყურებენ როგორ მოკვდები.

დაბრუნდი ყოფითობის თავშესაფარში,
დაბრუნდი იქ,
სადაც ყოველ დილით პირს იბანენ,
თმას ივარცხნიან,
ზოგჯერ კბილებსაც იხეხავენ,
და სჩადიან ყოვლად ადამიანურ შემთხვევითობებს.

დაბრუნდი შენი ნახევარგზიდან.
ჩავთვალოთ თითქოს არც წასულხარ და თითქოს დარჩი
ისევ მარტივი,
ისევ მშვიდი,
ისევ ბაქანი.
თითქოს არც ლექსი დაგმართნია,
არც სიკვდილი გადაგხდენია
და არც წვიმაში გირბენია მკერდგადაღეღილს.

ამბობენ, როცა ბრუნდებიან თან მოაქვთ სუვენირის მსგავსი ნივთები.

მოიტანე მაჯები,
ნეკნები,
ძვლები,
მოიტანე კეფაზე შემხმარი თმა,
მოიტანე დამარილებული სხეული,
მოიტანე ნახევარგზიდან
ნახევარქალაქის
ნახევარადამიანებთან
მთელი,
რაიმე.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10