ჩრდილი

 

ნეტავ ჯერ ერთმა რომელიმემ, თუ ყველამ ერთად

შევნიშნეთ, როგორ მოგვიჩრდილა არწივის ფრთებმა.

მცირე ხანს ასე ლივლივებდა მზეს და ჩვენ შორის

ფრთაგაშლილი და ჩეროში გვხვევდა.

ეს ჩრდილი, ასე უსიტყვოდ რომ გზავნიდა ჩვენკენ,

გვენიშნა, როგორც იშვიათი მადლი, წყალობა,

თითქოს არწივი მოგვყვებოდა საფრთხილო გზებზე,

უღელტეხილზე გადავედით, მზე იდგა ცერზე,

თვალებზე ხელი ავიფარეთ და თითებიდან

ვუჭვრეტდით, როგორ დაგვიქნია ფრთები ძალუმად

და კიდევ ერთხელ დაგვიჩრდილა, დაგველამუნა,

ვიდრე ირაო არ  შეკრა და უკან გაბრუნდა.

და არც ერთ ჩვენგანს არჩევანი არ დაგვიტოვა.

გზა კი სერპანტინს ჩაჰყვა ქვევით, ჩაგვითითოვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8