თავსაფარი
ვერ გავიხსენებ, სად იყო ის მაყვლის ბუჩქები, გზის პირას
მე რომ ვთამაშობდი. მანქანებს ქვევით აჩერებდნენ,
წისქვილთან. იქ ჰქონდათ ახალი კალმახი და ბარდის სუპი,
სინალკო-კოლა, კიონიგ-პილზნერი, რევალი, ერნტე,
ან ატიკა. სიპის ქვებთან, სადაც სწრაფად დიოდა წყალი,
გავაკეთე დიდი ჯებირი. თვალწინ მიხტოდნენ ჩქერალები,
ნაფოტები და ხმელი ტოტები სვლას ანელებდნენ,
ბზრიალებდნენ, ყირავდებოდნენ. ვიღაცამ მითხრა:
„ადე, ზარმაცო მონადირევ, წამოდი, უფრო შორს წავიდეთ!“
ანკარა წყაროს ვეძებდით ვითომ. ვერაფერი ვიპოვეთ, თვითონ
გადაუხვია მერე სადღაც და არ დაბრუნდა. ზაფხულის ხვატში
მარტოდმარტო შევრჩი ხეობას, ჰაერიც რომ არ ინძრეოდა.
ნუთუ ეს არის ჩემი ცხოვრება, ასე უმიზნო? თავქვე დავეშვი,
აი, ეს მდელო, გადახრუკული, რას ვეჭიდები, ან რას ვუყურებ,
ხის საყრდენები, ფეხი ცურავდა, ფოთოლთა ტევრი ცასაც ბურავდა…
ხმა შემომესმა ზანზალაკივით, ზანზალაკიც ხომ ასე წკრიალებს,
ვიღაც თავსაფარს აფრიალებდა… ვხედავდი კარვებს,
ახალგაზრდები მღეროდნენ ერთად, სიმღერაც მეცნო, მაგრამ
მისვლა ძალიან შემრცხვა… ის თავსაფარი ფრიალებს დღესაც,
არ დამავიწყდა და ველოდები, დამიძახოს იქნებ თავისთან.